ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია, კიდევ ერთხელ ”არგოს” ახალი კამპანიის მაგალითზე გამოჩნდა.
1997 წლის შექმნილი ბრენდი შეცვლილი იმიჯითა და სლოგანით გამოვა.
სარეკლამო რგოლის გარდა, ქალაქში უკვე გამოჩნდა ბილბორდები, კამპანიის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობებიც.
”ჩვენ ვართ არგონავტები” – ეს სლოგანი ლუდის სახელწოდებისა და ეტიკეტზე არგონავტების გამოსახულების გათვალისწინებით შეიქმნა. ვიდეო რგოლის გმირები ახალგაზრდები არიან და ”არგონავტებადაც” ისინი ითვლებიან.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე პირველი ამბობს, რომ ახლა ”არგო” ახალგაზრდული ბრენდია. ამის მიხედვით შეირჩა რეკლამის სიუჟეტი და პერსონაჟები.
” ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია. 15 წლის მანძილზე საკმაოდ დიდი შესაძლებლობა გამოავლინა და უამრავი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს. ახალი კამპანიის მიხედვით, ეს არის გათვლილი ისეთ ადამიანებზე, ვისაც უყვარს გართობა. ”არგო” ახალგაზრდულ ბრენდად იქცა, რადგან ვთვლით, რომ ქართული ლუდის ბაზარზე ეს ნიშა ცარიელი იყო”.
იმის მიუხედავად, რომ სალომე პირველის თქმით, კონკრეტულ სეგმენტში ცარიელი ნიშა დაიკავეს , ზოგადად, ლუდის ბაზარზე კოკნკურენტებად ”ნატახტარსა” და ”ზედაზენს” მიიჩნევს.
”თუმცა, გაჯიბრების მომენტი არ გვაქვს, აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებები გვაქვს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალური ხარისხი შევთავაზოთ” .
”არგოს” კონკურენტად აღიქვამენ ”ნატახტარშიც”. კომპანიის პიარ მენეჯერის ნინო სურმავას თქმით, მათთვის მისასალმებელია სამართლიანი კონკურენცია. თუმცა, ბაზარზე ახალგაზრდული ბრენდის ნიშას თავისუფლად არ მიიჩნევენ.
”ჩვენს პორტფელში სხვადასხვა სახეობის ლუდი შედის, შესაბამისად, ვთვლით, რომ ყველა სეგმენტი მეტ-ნაკლებად ათვისებულია. თუნდაც, ახალგაზრდული ბრენდის ნიშაზე, ვერ ვიტყვით, რომ თავისუფალია. ამის მაგლითია იგივე ”კოზელი”, ”ქარვა” ”.
”არგოს” ახალ იმიჯს ნაკლებ წარმატებას ”უწინასწარმეტყველებენ” ”ზედაზენში”.
კომპანიის პიარ მენეჯერი ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ ”არგოს” ახალგაზრდულ ბრენდად ქცევა წამგებიანი იქნება. ”მგონია, რომ ვერანაირი ფონის ემოციური კომუნიკაცია ვერ შედგება”.
კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა პაიჭაძე ”არგოს” მარკეტინგული კუთხით, ძლიერ კონკურენტად განიხილავს. თვლის, რომ კომპანიის ახალი ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ახალი მიღწევები, ძვირადღირებული კამპანია კი, შესაძლოა, ამის ერთ-ერთი კომპონენტი გახდეს.
”თუმცა, ჯერ იმაზე ადრეა საუბარი, შეძლებს თუ არა კონკურენტებისთვის ბაზრის წილის წართმევას. ჩვენი მხრიდან ვაპირებთ, მინიმუმ, შევინარჩუნოთ, თუ არ გავზარდოთ ჩვენი წილი ბაზარზე” .