in

კვლევა – ჩვენ ვკარგავთ ჩვენს კავშირებს

პანდემიურ პერიოდში ძველ ურთიერთობებს ახალი არ ანაცვლებს

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანების პროფესიონალური და პერსონალური ნაცნობობა პანდემიის დროს 16%-ით შემცირდა, რასაც სერიოზული უარყოფითი მხარე აქვს – ამან შესაძლოა, გაართულოს სამსახურის მოძებნა. ეს თავის მხრივ, ხელს უშლის კარიერულ წინსვლას და ართულებს დაწინაურებას. კომპანიებისთვის ამას თან ახლავს კრეატიულობის ნაკლებობა. თანაც, ნაკლები კავშირების მქონე ადამიანებს გამძაფრებული აქვთ კუთვნილების გრძნობა და ნაკლებად აქვთ საკუთარი თავის ორგანიზაციასთან გაიგივების მცდელობა, რაც რიგ შემთხვევებში თაღლითობისა და დაუდევრობის წინაპირობაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნორმალურ ვითარებაში ჩვენი კავშირები არ იკუმშება, არამედ უბრალოდ ირევა და იცვლება. ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ერთად, ნაცვლად სამეგობრო წრის შემცირებისა, ჩვენ უბრალოდ ახალ ურთიერთობებს ვამყარებთ და ვივსებთ ერთგვარ დანაკლისს. პანდემიურ გარემოებაში კი უჩვეულო ის არის, რომ ძველ ურთიერთობებს ახალი არ ანაცვლებს. ასეთი არაპროგნოზირებად და მარტოობასთან ბრძოლის პერიოდში სწორედ კავშირების შენარჩუნებაა აუცილებელი.

გაიგეთ, როგორ მუშაობს კავშირები

პანდემიის დაწყებამდე მკვლევრებმა ჯილიან სანდსტრომმა და ელიზაბეტ დაუნმა მონაწილეებს სთხოვეს, ეთქვათ, დღის განმავლობაში რამდენად ხშირად ურთიერთობდნენ ისინი უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებთან. შედეგების თანახმად, თითოეული მონაწილე საშუალოდ 11-დან 16 ისეთ ადამიანამდე ურთიერთობდა, რომლებსაც კარგად არ იცნობდნენ. თანაც, როგორც ჩანს, ეს ურთიერთობები და ნაცნობობა მათ უფრო ბედნიერს ხდიდა და მეტ დადებით გრძნობას აღძრავდა.

პანდემიის დროს ჩვენი ყურადღება უცხო ადამიანებიდან სრულად გადავიდა ოჯახზე, მეგობრებსა და უახლოეს კოლეგებთან ურთიერთობების განმტკიცებაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სანაცნობო ექვსი კონცენტრირებული წრის სერიაა, რომელთა ემოციური ინტენსივობაც უფრო და უფრო გარე რგოლებისკენ იკლებს. შიდა პირველი წრე დაახლოებით 5 ადამიანს იტევს, რომელთაც ყველაზე მძიმე პერიოდის დროს მიმართავთ. ბოლო რგოლი კი დაახლოებით 1500 ნაცნობის ან სუსტი კავშირის მქონე ადამიანისგან შედგება. კვლევის ფარგლებში კი დადგინდა, რომ პრე და პოსტ-პანდემიურ პერიოდში სწორედ ეს უკანასკნელი რგოლი შემცირდა და სანაცვლოდ, ყველაზე ახლო კავშირები განმტკიცდა.

ტექნიკურ კომპანიაში ციფრული ურთიერთქმედების დათვალიერებისას, კიდევ ერთმა მკვლევარმა ჰარვარდის ბიზნესის სკოლიდან, ანალოგური შედეგები, ე. წ. “კუს ტენდენცია” მიიღო. კოლეგებს შორის, რომლებსაც ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ურთიერთობა 10%-ით შემცირდა. ამის ხარჯზე კი ახლო კოლეგებს შორის 40%-ით გაიზარდა.

საინტერესოა, რომ კაცების სანაცნობო წრე ქალებისაზე მეტად, 30%-ით შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ქალების კავშირები თითქმის საერთოდ არ შეცვლილა, რაც სასიამოვნოდ გამაოგნებელი ფაქტია, რადგან ქალებს სამსახურეობრივ მოვალეობასთან ერთად სახლისა და ოჯახის საქმეებიც აბარიათ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალები სანაცნობო წრის გაზრდასა და შენარჩუნებაზე კაცებზე მეტ დროს ხარჯავდნენ. უბრალოდ, მათ ბუნებრივი ნაცნობობის სტილი აქვთ, რაც პანდემიის დროს უპირატესობად ითვლება.

ალბათ, გიჩნდებათ კითხვა – რატომ ხდება ასე? როგორც ირკვევა, კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, არ ახასიათებთ ერთმანეთთან საუბარი… ქალებს შეუძლიათ, გამუდმებით ილაპარაკონ – გააგზავნონ შეტყობინებები, დარეკონ, შეხვდნენ და ასე შემდეგ. კაცები კი “ერთად აკეთებენ საქმეს” – კავდებიან სპორტით, თევზაობენ, სვამენ… მაგრამ არ ლაპარაკობენ. სწორედ ამიტომ, პანდემიური შეზღუდვების ფარგლებში მამაკაცებს ძალიან გაუჭირდათ კავშირების შენარჩუნება.

დაადასტურეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი

ფიზიკური კონტაქტის გარეშე ჩვენი ემოციური დამოკიდებულება და კავშირები სწრაფად უარესდება. ორ თვიანი დისტანციის შემდეგ ახლო ადამიანებს შორის სიახლოვის განცდა 30%-ით შემცირდა და ურთიერთობები გაცივდა. 5 თვის თავზე კი 30%-იანი მაჩვენებელი 80%-ით შეიცვალა.

კრიზისულ მომენტებში ადამიანები თვლიან, რომ მათ კავშირებს ნაკლები მიღწევა აქვს, ვიდრე ეს რეალურადაა. ტანია მენონმა და ნედ სმიტმა, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორებმა დაადგინეს, რომ იმის შეხსენება, თუ ვინ ხართ და რა არის თქვენი ძირითადი ღირებულებები, დაგეხმარებათ გადალახოთ ე. წ. “კუს ტენდენცია”. ასე დაადგენთ, ვინ და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე ფოკუსირდებით. კომფორტისა და კონტროლის განცდის საფუძველზე კი ადამიანებთან კონტაქტი ბევრად გაგიადვილდებათ.

ფოკუსირდით ხელახლა დაკავშირებაზე

სოციალური დისტანციის დროს დაწყებულ ვირტუალური ცხოვრების ფარგლებში, რომელიც დღესაც კი გრძელდება ბევრისათვის, ყურადღების გადატანას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაკარგული ურთიერთობების აღდგენა აქტიური ძალისხმევის გარეშე, უშედეგო იქნება.

სამწუხაროდ, დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ სხვებისათვის “ხელის გაწვდენა” და მათთან დაკავშირება უხერხულობის შეგრძნებას ბადებს. თუმცა ეს ისეთივე მარტივი და ბუნებრივია, როგორც მადლობის თქმა. არსებობს თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელთანაც საინტერესო გამოცდილება გაკავშირებთ? უბრალოდ მოიკითხეთ და მიწერეთ მას. თუ გადააწყდით რაიმე ფოტოს ან პოდკასტს, რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანს გახსენებთ, გაუგზავნეთ და ამით აცნობეთ, რომ მასზე ფიქრობთ. ეს შესაძლოა, კავშირის ახალ გზად იქცეს.

რჩევის სახით გეტყვით, რომ Zoom-ისა და მისი მსგავსი აპლიკაციების გამოყენება არაეფექტურია. აქ ვერ დამყარდება სუფთა, ბუნებრივი კავშირი. შეუძლებელია ერთდროულად უყურო კამერას და ამავდროულად “წაიკითხო” სხვისი თვალები. ამას გაცილებით სჯობს უბრალოდ მობილური ტელეფონით დარეკვა, რათა მხოლოდ ვერბალურ ნაწილზე ვკონცენტრირდეთ. თანაც, სატელეფონო ზარი შესაძლოა, ისეთივე გრძნობას აღძრავდეს, როგორსაც ჩახუტება, რაც სტრესის დონეს ამცირებს.

ვირტუალურად დაკავშირების ბარიერები ხშირად უფრო მაღალია იმ ადამიანებისთვის, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ ან უბრალოდ შორეული ნაცნობია და ახლო ურთიერთობა არ გაქვთ. ეს ის კავშირებია, რომელთა დაკარგვის რისკის წინაშეც ხართ. კვლევამ აჩვენა, რომ ყოფილი კოლეგები, რომლებთანაც თანამშრომლებს უფრო დიდხნიანი ურთიერთობა ჰქონდათ, უკეთეს სამუშაო რჩევებს იძლეოდნენ, ვიდრე ამჟამინდელი სუსტი კონტაქტები. ამ ბარიერის აღმოსაფხვრელად, შეგიძლიათ, ბრენდან ო’რიორდანის მაგალითი გამოიყენოთ, რომელიც Suffolk Construction-ში მუშაობს. მან გადაწყვიტა, კვირაში 30 წუთი დაეთმო კოლეგებთან ვირტუალურ ყავის დალევასა და საუბრისთვის.

გახსოვდეთ, თქვენი წრის გარე რგოლებთან კავშირის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ინოვაციის, კრეატიულობის, პრობლემების გადაჭრისა და თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის. შეადგინეთ სამი ადამიანის სია, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და დაუკავშირდით!

 



1-ლი მარტიდან, სააგენტო Kraken Kutaisi იხსნება და საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს მოემსახურება

მუსიკის ონლაინ დისტრიბუცია – რა უნდა ვქნა, ჩემი მუსიკალური ნამუშევრით ფული რომ ვიშოვო?