სოციალურ ქსელში საიმიჯო ვიდეორგოლი გავრცელდა, სახელწოდებით “ჩვენი აჭარა”. რეკლამა აჭარის მთისა და ბარის მრავალფეროვნებასა და იქ მცხოვრებ განსხვავებულ ადამიანებზე გვიამბობს. ვიდეორგოლის ინიციატორი რეჟისორი ზვიად სირაბიძეა. იდეის განსახორციელებლად, მეგობრები შემოიკრიბა და ჩანაფიქრი საკუთარი რესურსებით განახორციელა: “ეს იდეა მე მომივიდა და ჩემს მეგობარს, ოპერატორ გიორგი შკუბულიანს “დავესხი” თავს. ვიდეორგოლისთვის მუსიკა ამირან დიასამიძემ შექმნა. რეჟისორი და პროდუსერი ვარ, რეკლამებზე დიდი ხანია ვმუშაობ. გიორგისთან და მეგობრებთან ერთად გავერთიანდი და ამ ალტრუისტულ იდეაში საკუთარი ფულადი რესურსები ჩავდე. აქცენტი პერსონაჟების მრავალფეროვნებაზე და ადამიანებზე გავაკეთეთ. გვინდოდა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ცოტა განსხვავებულად წარმოგვეჩინა.”
https://www.facebook.com/zviad.sirabidze/videos/10216253140859146/
“კლიპში არის რამდენიმე საინტერესო და უპრეცედენტო ფაქტი… პირველად მოხდა ტრადიციული ქართული ცეკვისა და ბრეიქდენსის სინთეზი. ასევე, ძალიან საინტერესო ფრაგმენტია, როდესაც მზე კვერცხად გადაიქცევა და აჭარულ ხაჭაპურში ეხლება, მერე კი, ფორთოხლად გადაიქცევა და აჭარული ხაჭაპურის ფორმის ნავში ვარდება. ეს ამბავი ზუსტად გადმოსცემს ამ კუთხის სიმბოლოდ ქცეულ აჭარულ ხაჭაპურს.
ზოგადად, კვერცხი აჭარულ ხაჭაპურში მზის სიმბოლოა, თავად ხაჭაპურს კი ნავის ფორმა აქვს. ლაზი მეთევზეების მეუღლეები, აჭარულ ხაჭაპურს, სათევზაოდ მიმავალ მეუღლეებს ატანდნენ. რაც შეეხება ფორთოხალს, მას ადგილობრივები ლაზურის სახელწოდებით მოიხსენიებენ. კლიპში, ასევე, გადავიღეთ მუსლიმი მოხუცი ქალბატონი, მაღალმთიან აჭარაში, ” – ამბობს ზვიად სირაბიძე.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











