როდესაც გარემოს დაცვაზე ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ატმოსფეროს, ტყის, მცენარეების, ცხოველების, წყლისა და ეკოსისტემის თითოეული ნაწილის დაცვას ვგულისხმობთ. ყველაფერი, დაწყებული მიწის სიღრმიდან ჰაერამდე – ამ სისტემის ნაწილია და მისი დაცვა ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება, ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში.
გარემოს დაზიანების ბევრნაირი ფორმა არსებობს: ეს შეიძლება იყოს ჰაერის ან წყლის დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა, კლიმატის ცვლილება, რომელზეც ხელოვნურ აირებს შეუძლია ზემოქმედება და ბევრი სხვა საფრთხე შეიძლება, ჩვენს გარემოს შევუქმნათ ისე, რომ ზოგჯერ ამას ვერც ვიაზრებდეთ. Სამყაროში რაღაც პროცესებს დრო სჭირდება და ხშირად ვერც ვხვდებით, რომ მაგალითად, ჩვენ მიერ ქუჩაში დაგდებული ნაგავი, რა საფრთხის მომტანია, თუმცა თუ წარმოვიდგენთ, რომ ყველა ასე იქცევა და არც სპეციალური სამსახური არსებობს, ვინც ამაზე ზრუნავს, მაშინ რას დაემსგავსება ჩვენი პლანეტა? თითოეული რიგითი მოქალაქის როლი ძალზე მნიშვნელოვანია.
რა შემიძლია გავაკეთო გარემოსთვის?
არის რამდენიმე გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში. აღვნიშნავთ, რომ ყველაფერი, პირველ რიგში, ცნობიერებით იწყება. Როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ ჩვენს ქმედებებს ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, იქიდან უკვე პასუხისმგებლობის გრძნობაც გაიზრდება და დავიწყებთ ფიქრს, როგორ ვიზრუნოთ გარემოზე.
მაგალითად, მაღაზიაში მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების მიტანა ხელს უწყობს დაბინძურებისგან თავის არიდებას. წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე გზას, რომელიც დაგანახებთ თქვენს როლს გარემოზე ზრუნვაში.
1. შემცირება, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება:
იმის ნაცვლად, რომ პროდუქტის პაკეტი გადააგდოთ, შეგიძლიათ მისი მეორეული გამოყენებისთვის შენახვა; ასევე, სადილიდან მორჩენილი სტაფილო, გადაგდების მაგივრად თქვენი მეორე სადილისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ; ოთახის მცენარეებს თუ ეზოში ან აივანზე განათავსებთ, ისინი წვიმის წყლით მოირწყვება და ბუნებრივ წყალს გამოიყენებს;
ერთი სიტყვით, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რესურსების შემცირებით, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების გზით, გარემოს დაცვაში დიდ როლს ითამაშებთ.
2. მრავალჯერადი ჩანთები
მაღაზიასა თუ მარკეტში კონსულტანტი ყოველ ჯერზე გვეკითხება: “პარკს ინებებთ?”. ამ კითხვაზე მარტივად შეგვიძლია უარყოფითი პასუხის გაცემა. გამოიყენეთ მრავალჯერადი სასურსათო ჩანთები: ეს გამორიცხავს პლასტიკური სავაჭრო პარკების საჭიროებას, რომლებიც ხშირად აბინძურებენ გარემოს. . მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების უმეტესობა უფრო გამძლეა და შეუძლია მეტი წონის ატანა, ვიდრე ცელოფნის პარკებს. შესაბამისად, თქვენთვისაც მოსახერხებელი იქნება და ბუნებაზეც იზრუნებთ.
3. გამოიყენეთ მრავალჯერადი წყლის ბოთლები:
მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლებს შეუძლიათ თქვენი სასმელები უფრო დიდხანს შეინარჩუნონ ცივი და შეამცირონ ერთჯერადი პლასტმასის რაოდენობა, რომელსაც მოიხმართ. პლასტმასისგან დაბინძურებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს. პლასტმასის დაშლას შეიძლება ასობით ან ათასობით წელი დასჭირდეს, რაც უკიდურესად საზიანო გახდება ჩვენი გარემოსთვის.
4. მოხალისეობა:
თქვენი ქმედებები ხშირად გავლენას ახდენს სხვებზე. იპოვეთ თქვენი თემის ფარგლებში მოხალისეობის გზები, როგორიცაა ნაგვის აკრეფა თქვენს სამეზობლოში ან დასუფთავების რაიმე ღონისძიებებზე დასწრება. გახსოვდეთ, რომ მოხალისეობა გადამდებია, ამიტომ თქვენმა აქტიურობამ გავლენა შეიძლება სხვაზეც იქონიოს. გაუზიარეთ საზოგადოებას, თუ როგორ შეიტანეთ წვლილი გარემოს დაცვაში მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, რათა მათაც მოგბაძონ და იგივე გააკეთონ. Სოციალური პლატფორმების წყალობით, ხმის მიწვდენა დღეს ძალიან მარტივია.
5. მოერიდეთ წყლის დაბინძურებას ქიმიკატებით:
მდინარეების, ტბებისა და ოკეანეების დაბინძურება ხშირად ხდება სადრენაჟო სისტემების საშუალებით. სახლის, ეზოს თუ სხვა ადგილების დასუფთავება არატოქსიკური ქიმიური საშუალებების გამოყენებით, გარემოს დაცვას ხელს შეუწყობს.
6. ენერგიის დაზოგვა
თუ ვისარგებლებთ მზის პანელებით ან ქარის ენერგიით, ამითაც მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს გარემოს დაცვას. ენერგიის წარმოება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მასიური ნაწილია, მაგრამ წარმოების ტრადიციული მეთოდები წარმოუდგენლად საზიანოა გარემოსთვის. განახლებადი ენერგიის გამოყენება არსებითი ასპექტია გარემოს დაცვის საქმეში, რადგან ის მკვეთრად ამცირებს დაბინძურებას უფრო ადვილად ხელმისაწვდომ და გრძელვადიან ფოკუსირებულ რესურსებზე;
7. ორგანული პროდუქტები
ეცადეთ, შეიძინოთ ორგანული და ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტები. ის საკვები, რომელიც ნაკლებ ტრანსპორტირებას მოითხოვს, უფრო მდგრადია;
8. იარეთ ველოსიპედით:
ზოგიერთი ჩვენგანი მოკლე მანძილებზეც მანქანით დადის, რადგან ეს ერთგვარ ჩვევად აქვს უკვე გამომუშავებული. იმის ნაცვლად, რომ მანქანით წახვიდეთ მაღაზიაში ან სადმე ახლომდებარე პუნქტთან, სჯობს ველოსიპედი გამოიყენოთ. მას არ აქვს გამონაბოლქვი და არ მოაქვს ზიანი გარემოსთვის;
9. შეამცირეთ ქაღალდის გამოყენება
ოფისსა თუ სხვა დაწესებულებაში ეცადეთ, შეამციროთ ქაღალდის გამოყენება. დღეს ტექნოლოგიების წინსვლა ამაში განსაკუთრებით გვეხმარება, რადგან დოკუმენტები თუ ტექსტები შეგვიძლია, ელექტრონულად შევინახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები მაინც მიჩვეულნი ვართ ამობეჭდილ ფურცლებს, სადაც ამისი საჭიროება სავალდებულო არაა, ყველგან ვეცადოთ, რომ ელექტრონულ ფორმატზე გადავიდეთ.
ბოლო, შეიძლება ითქვას, ზოგადი რჩევა ისაა, რომ იყოთ ინფორმირებული. ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და მონაცემები ყოველთვის ჩვენს ხელთაა. მოიძიეთ ინტერნეტში ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების გზები და იზრუნეთ გარემოზე, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზეც.
რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი