ბოლო წლებში სარეკლამო ინდუსტრიაში ერთი საინტერესო ცვლილება შეინიშნება: ბრენდები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს რეკლამებში ცნობილი ადამიანების გამოყენებაზე და კამპანიების ცენტრში ჩვეულებრივ მომხმარებლებს, გულშემატკივრებსა და საკუთარ თანამშრომლებს აყენებენ. საერთო ტენდენცია ფართო ცვლილებაზე მიუთითებს – ბრენდები სულ უფრო მეტად ცდილობენ რეალურ ადამიანებთან დაკავშირებას.
გულშემატკივრები და თანამშრომლები რეკლამების მთავარი გმირები ხდებიან
ამის ერთ-ერთი მაგალითია Spotify-ს გლობალური კამპანია Fan Life, რომლის მთავარი გმირებიც არა მუსიკოსები, არამედ მათი გულშემატკივრები არიან. კამპანიაში სხვადასხვა არტისტის ფანები არიან წარმოდგენილი და მთავარი იდეა ისაა, რომ მუსიკისადმი სიყვარული და ფანობა თავადაც იმსახურებს აღნიშვნას – არა მხოლოდ ის არტისტები, რომლებსაც ადამიანები უსმენენ.
მსგავსი მიდგომა გამოიყენა Pepsi-მაც აშშ-ში, Knicks-ის მხარდამჭერებზე აგებული “WE OUTSIDE” კამპანიით. აქაც ყურადღების ცენტრში სპორტსმენების ნაცვლად გულშემატკივრები არიან.
ტენდენცია მხოლოდ მომხმარებლებს არ ეხება. სულ უფრო ხშირად ბრენდები საკუთარ თანამშრომლებსაც აჩენენ კამპანიებში. ამის მაგალითია Yorkshire Building Society-ის Here for Every Stage, რომელიც ერთი ადამიანის ცხოვრების გზას – ბავშვობიდან ზრდასრულობამდე და ოჯახის შექმნამდე მიჰყვება. კამპანიაში კომპანიის თანამშრომლებიც მონაწილეობენ, რაც რეკლამას უფრო ბუნებრივ და ადამიანურ ხასიათს აძლევს.
ეს მიდგომა გარკვეულწილად Dove-ის Real Beauty კამპანიასაც აგრძელებს, რომელმაც ორი ათწლეულის წინ სარეკლამო ინდუსტრიაში რეალური ქალების წარმოჩენა დაიწყო, ნაცვლად სტანდარტულად შერჩეული და ფოტოშოპით დამუშავებული მოდელებისა. მაშინ ეს რევოლუციურ მიდგომად აღიქმებოდა, დღეს კი რეალური ადამიანების გამოყენება რეკლამებში უკვე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრენდები ცნობილ ადამიანებზე ნაკლებად დამოკიდებულნი ხდებიან, თავად ცნობადობის ცვლილებაა.
ცნობილ მსახიობებსა და მუსიკოსებს შესაძლოა სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავდეთ, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი ფართო აუდიტორიისთვის ერთნაირად ცნობილები არიან.
სტრიმინგის პლატფორმების, YouTube-ისა და სოციალური ქსელების განვითარებამ გასართობი სივრცე მნიშვნელოვნად დააქუცმაცა. ადამიანები სხვადასხვა კონტენტს, მუსიკას, სერიალსა და არხს მოიხმარენ, ხოლო ალგორითმები თითოეულ ადამიანს განსხვავებულ საინფორმაციო და გასართობ გარემოს უქმნის.
შედეგად, ერთი ადამიანის საყვარელი მსახიობი, მუსიკოსი ან ინფლუენსერი შესაძლოა მეორისთვის სრულიად უცნობი იყოს.
ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პერიოდისგან, როდესაც ტელევიზიის, რადიოსა და ბეჭდური მედიის არჩევანი შეზღუდული იყო და საზოგადოების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე კონტენტს მოიხმარდა. შესაბამისად, რეკლამაში ცნობილი ადამიანის გამოჩენა თითქმის ყველასთვის ნაცნობ სახეს ნიშნავდა.
რატომ მუშაობს „ჩვეულებრივი ადამიანების” გამოყენება მარკეტინგულად
რეკლამაში ჩვეულებრივი ადამიანების გამოყენებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – ავთენტურობა.
რეალური გულშემატკივარი, რომელიც საყვარელ გუნდზე ან მუსიკოსზე საუბრობს, აუდიტორიას უფრო გულწრფელად ეჩვენება, ვიდრე ცნობილი ადამიანი, რომელიც პროდუქტის ან ბრენდის წარმოსაჩენად ანაზღაურებას იღებს.
ამასთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან თანამშრომლობა ბრენდებისთვის ხშირად უფრო მარტივი და ნაკლებად ძვირია. მათ არ ჰყავთ აგენტები და მენეჯერები, ნაკლებია კომერციული შეზღუდვები და შემოქმედებითი მოთხოვნები, ხოლო კამპანიის მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ხშირად თავად ბრენდის, პროდუქტის ან კულტურის მიმართ გულწრფელი ინტერესია.
მართალია, სარეკლამო ინდუსტრიაში ცნობილი სახეების გაქრობასთან საქმე ჯერ არ გვაქვს, თუმცა ცნობადობის მნიშვნელობა ნამდვილად იცვლება.












