სტატისტიკა ზუსტად ვერ გვეუბნება, რამდენ ადამიანს აქვს ინსომნია, მაგრამ ეს მოსახლეობის დაახლოებით 10-დან 60 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს. ამისგან განსხვავებით კი, მკვლევრები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ეს ისეთ ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება, როგორებიცაა დეპრესია და გულსისხლძარღვთა დაავადებები… ხოლო ახალი კვლევის თანახმად, ძილის დარღვევის მქონე ადამიანები საკუთარ მდგომარეობას ერთი საკმაოდ მარტივი ქმედებით აუარესებენ და ეს მუდმივად საათზე ყურებაა (TMB). დაფიქრდით, რამდენჯერ გაგიკეთებიათ ასე?
„ადამიანები წუხან იმის გამო, რომ საკმარისად არ სძინავთ, შემდეგ კი იწყებენ დათვლას, თუ რამდენი ხანი სჭირდებათ ჩასაძინებლად და რამდენ ხანში უნდა ადგნენ. ეს აქტივობა კი საერთოდ არ ეხმარება არსებულ პრობლემას. რაც მეტ სტრესში ხართ, მით უფრო რთულია ჩაძინება“, — აცხადებს სპენსერ დოუსონი, კლინიკური ფსიქოლოგი.
ამას კი კვლევაზე დაფუძნებით გვეუბნება, რომელიც კოლეგებთან ერთად 4886 ადამიანზე ჩაატარა. კონკრეტულად კი, კითხვარით ინსომნიის დონე, ქცევები და საძილე აბების გამოყენების სიხშირე გაიგეს. აქ შემდეგი რამ გამოიკვეთა: ინსომნია მიზეზია, საძილე აბების გამოყენება შედეგი და საათზე ყურება — მედიატორი ამ სამს შორის. ისინი, ვისაც ინსომნია ჰქონდათ, საუბრობდნენ საათის ხშირად ყურებასა და საძილე აბების ჭარბ გამოყენებაზე.
„აღმოვაჩინეთ, რომ დროის მონიტორინგის ქცევას გავლენა აქვს საძილე აბების გამოყენებაზე, რადგან იგი ამძაფრებს უძილობის სიმპტომებს“, — აცხადებენ მკვლევრები.
თუმცა TMB აბების გამოყენების მხოლოდ ერთი მიზეზი არ ყოფილა, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ იმედგაცრუებას, რომელიც ვერდაძინებას მოსდევს და ეს ანალოგიურად მნიშვნელოვანია ინსომნიასთან გასამკლავებლად. მკვლევრები კი კონკრეტულ თერაპიებს გვთავაზობენ, იქნება ეს კოგნიტიური რესტრუქტურიზება თუ ემოციების დამუშავების საკითხი, რათა იმედგაცრუება და, შესაბამისად, საძილე აბების გამოყენება შემცირდეს.
„ერთი რამ, რაც ადამიანებს შეუძლიათ, გააკეთონ, გადაბრუნება ან საათის დამალვაა, ჭკვიანი საათის გათიშვა ან უბრალოდ ტელეფონის შორს გადადება, რათა დრო არ შეამოწმონ. აქ არ არსებობს სივრცე, სადაც საათზე ყურება ინსომნიის მქონე ადამიანებს დაეხმარება“, — აცხადებს დოუსონი.