ალბათ, თავადაც ხშირად გსმენიათ, რომ ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას 21 დღე სჭირდება. ეს საკმაოდ პოპულარული მოსაზრებაა, რომელიც ჯერ კიდევ 1960 წელს პლასტიკურმა ქირურგმა მაქსველ მალცმა თავისივე პაციენტებზე დაკვირვებების შედეგად შემოგვთავაზა, თუ რამდენი დრო სჭირდებოდათ მათ „ახალ სახესთან“ შესაგუებლად. თუმცა ახალი კვლევა სრულიად საპირისპირო რამეს გვეუბნება… ეს ყველაფერი კი იმიტომ არის საინტერესო, რომ ჩვევები, კარგი იქნება თუ ცუდი, ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზემოქმედებს.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა სწორედ ეს იდეა გამოცადეს 30 000-ზე მეტ ადამიანზე, რომლებიც სავარჯიშო დარბაზებში დადიოდნენ და 4 წლის მანძილზე 12 მილიონჯერ ივარჯიშეს. ამასთან, 3000 ადამიანი სამედიცინო სფეროდან, რომლებმაც ხელები 40 მილიონჯერ დაიბანეს დაახლოებით 100 ცვლაში. კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუ როდის გადაიქცეოდა მათი ქცევა ჩვევად, მანქანური სწავლების ხელსაწყოები გამოიყენეს. აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ჩვევას ჩამოსაყალიბებლად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა:
„პოპულარული რწმენის საპირისპიროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვეულებრივ თვეები სჭირდება სავარჯიშო დარბაზში სიარულის ჩვევის ჩამოყალიბებას, მაგრამ კვირები — ხელის დაბანის ჩვევად ქცევას საავადმყოფოში“, — აცხადებს კოლინ კამერერი, მეცნიერი.
მართალია, ამ საკითხზე სულ რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, თუმცა მათგან კიდევ ერთი 2009 წლის კვლევაც ამტკიცებს, რომ ადამიანებს ჩვევის ჩამოსაყალიბებლად 21 დღე კი არა, დაახლოებით 2 თვე სჭირდებათ… ეს კვლევები ძირითადად კითხვარების შევსებას ეფუძნებოდა, ახლა კი მეცნიერებმა ფიზიკური სივრცეები შეისწავლეს, ანუ კლინიკები და სავარჯიშო დარბაზები.
ორივე ადგილზე, სავარჯიშო დარბაზში შესვლისას და კლინიკაში ხელის დაბანისას, კვლევის მონაწილეებს ID ბარათების გატარება უწევდათ, რაც მანქანურ სწავლებას სხვადასხვა ცვლადის გამოკვლევაში დაეხმარა. მაგალითად, ჰქონდა თუ არა დღის მონაკვეთს ან კვირის კონკრეტულ დღეებს ინდივიდის ქცევაზე რაიმე გავლენა.
დარბაზის სტუმართა ⅔ კვირის ერთსა და იმავე დღეს დადიოდა დარბაზში, ორშაბათი და ხუთშაბათი ძალიან პოპულარული იყო… ვარჯიშის ჩვევად გადაქცევას კი დაახლოებით 4-6 თვემდე სჭირდებოდა. ეს უკანასკნელი კი ორჯერ მეტია იმაზე, რაც წინა კვლევებმა აჩვენა. მეორე მხრივ, ხელების დაბანის ჩვევად ქცევა მხოლოდ კვირების საკითხი იყო.
მეცნიერები იმაზეც საუბრობენ, რომ ახალი ჩვევის ჩამოყალიბება როგორც ადამიანზე, ისე ქმედებაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენი დრო და ძალისხმევა სჭირდება მას. ფაქტი კი ის არის, რომ უმეტესობა ჩვენგანისთვის კონკრეტული დროის გამოყოფითა და განმეორებითი ქმედებებით, ამასთან, სწორი მოტივაციის პოვნით ჩვევები ნელ-ნელა ყალიბდება…












