in ,

ჩვილებსა და ზრდასრულებს ერთნაირად იზიდავთ ვან გოგის ხელოვნება — კვლევა

M2
M2

ხელოვნების ნიმუშების შეფასებას არტ კრიტიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით უდგებიან — აკვირდებიან თითოეულ დეტალს, მხატვრულ მახასიათებლებს, კომპოზიციით დაწყებული, პერსპექტივით, ფერთა პალიტრითა და შესრულების ხარისხით დასრულებული. თუმცა აუცილებელი არაა, რიგითმა ადამიანებმაც ამგვარი ანალიზით აღიქვან თითოეული ნამუშევარი — ზოგჯერ უბრალოდ მათით ტკბობა და სიამოვნების მიღებაც საკმარისია, როგორც ვიზუალურ, ისე ემოციურ დონეზე.

ამჯერად მკვლევრები იმით დაინტერესდნენ, რატომ იზიდავს ვინსენტ ვან გოგის სურათები ყველას ერთნაირად. მათი დაკვირვებით, ეს მიმზიდველობა ასაკობრივ ზღვარსაც სცდება — სასექსის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ჩვილებსაც და მოზარდებსაც განსაკუთრებით უყვართ ეს უჩვეულოდ სტილიზებული ნამუშევრები.

კვლევის ფარგლებში 18-დან 40 კვირამდე ასაკის ბავშვებს ვან გოგის სხვადასხვა სურათი აჩვენეს; ასევე, 18-დან 43 წლამდე ასაკის 25 ზრდასრულსაც. იმის დასადგენად, თუ რომელ ნახატს ანიჭებდნენ უპირატესობას ჩვილები, მკვლევრები დაკვირვების ინტენსივობით ხელმძღვანელობდნენ; ხოლო ზრდასრულები თავად ასახელებდნენ საყვარელ ნამუშევარს. შედეგად დადგინდა, რომ ჩვილები და ზრდასრულები ერთსა და იმავე სურათისკენ იხრებიან — შესაბამისად, ვან გოგის Green Corn Stalks ყველაზე რეიტინგულ ტილოდ დასახელდა.

ფილიპ მაკადამსმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა, აღნიშნა, რომ ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირი ფერები, ჩრდილები და ცის ფართო გამოსახულებები იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და პრეფერენციების განვითარებამ წლების განმავლობაში შეიძლება ხელოვნების გარკვეული ფორმების მიმართ მიზიდულობა ჩამოაყალიბოს, კვლევა საინტერესო დასკვნას გვთავაზობს: ზოგჯერ ეს ტენდენციები თავიდანვე არსებობს ჩვენში.

სხვა საკითხია, ჩვილებმაც ანალოგიური სიამოვნება მიიღეს თუ არა ვან გოგის სურათების დათვალიერებისას. ამის დასადგენად სამომავლო კვლევების ჩატარებას გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვილებში სენსორულ მიკერძოებასა და მოზრდილთა ესთეტიკურ განსჯას შორის მყარი კავშირი დადგინდა.

Under Armour-მა რეკლამის სცენარის დასაწერად ChatGPT გამოიყენა

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ახალი მემკვიდრე ეყოლება — Starlab