ოდესმე გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა მოულოდნელად ბავშვის ისეთი მზერა შეგინიშნავთ, რომელიც განგსჯიდათ? ახალი კვლევის თანახმად, ეს სულაც არ არის მოჩვენებითი ან უბრალო დამთხვევა. თუ რაღაც ისეთი ჩაიდინეთ, რასაც ბავშვი არ ეთანხმება, შესაძლოა, ამის მისანიშნებლად საკუთარ მზერას იყენებდეს.
8 თვის ჩვილებზე ჩატარებულმა რამდენიმე ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ პრევერბალური განვითარების საფეხურზე მყოფი ბავშვები მორალური მესამე მხარის დამკვირვებლები არიან. კომპიუტერის ეკრანზე უბრალო ანიმაციების საშუალებით განხორციელებული აგრესიის აქტის ყურებით, კვლევაში მონაწილე ჩვილებმა შემდგომში უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეს აგრესორზე.
ამასთან, თუ ბავშვი საკმარისად დიდხანს უყურებდა თავდამსხმელს, კომპიუტერთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თვალის მოძრაობას მეთვალყურეობდა, პერსონაჟს ავტომატურად აქრობდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვებს არასასურველი პირების დამარცხების შესაძლებლობა მხოლოდ ერთი შეხედვით მიეცათ.
ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ეს ურყევი მზერა დასჯის განზრახვის მატარებელია: პიროვნების ანტისოციალური ქცევა ჩვილებს უბიძგებს, იქამდე „მიაშტერდნენ“, ვიდრე ეს ადამიანი არ წავა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვილებს სიტყვებით არ შეუძლიათ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ავტორებს დარწმუნებით არ შეუძლიათ ამ დებულების დამტკიცება — თითქოს, პატარები აგრესორის დასჯას აპირებენ. ამიტომ, მეორე ვერსიად სიფრთხილის გამოხატულება განიხილება, ცვალებადი ბუნების წინაშე, ან მოლოდინი, რომ აგრესორი შესაბამის შედეგებს მიიღებს, მისი ქმედებების საპასუხოდ.
„მორალი მნიშვნელოვანი, მაგრამ იდუმალი ნაწილია იმისა, რაც ადამიანებად გვაქცევს. გვსურდა, გაგვეგო, არსებობს თუ არა მესამე მხარის დასჯის პრინციპი ძალიან მცირე ასაკში. ამის გაგება კი იმის დადგენას შეუწყობს ხელს, ხდება თუ არა მორალის შესწავლა“, — განმარტავს ფსიქოლოგი იასუჰირო კანაკოგი.
გარდა ამისა, კიდევ ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ ჩვილებს შეუძლიათ, ფიზიკური აგრესიის შემთხვევაში, აგრესორი და მსხვერპლი ერთმანეთისგან განასხვაონ. თანაც, მათში ასეთი საქციელის მიმართ ზიზღიც ჩნდება. ექსპერიმენტი კომპიუტერის მეშვეობით ჩატარდა — ჩვილები ეკრანის წინ ისხდნენ და ორი ანიმაციური პერსონაჟი აჩვენეს, აქედან ერთი მეორეს ურტყამდა. ვიდეოს ბოლოს ორივე მათგანი გვერდიგვერდ იდგა. „თვალის მიშტერების“ პრინციპით კი ჩვილებმა გაცილებით მეტი აგრესორი დაამარცხეს, ვიდრე მსხვერპლი.
„ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში ასეთ ქცევაზე დაკვირვება მიუთითებს იმაზე, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანებს, შესაძლოა, ქცევითი ტენდენციები ჰქონდათ მორალური ქცევის მიმართ. კერძოდ, სავარაუდოდ, ანტისოციალური ქცევის საპასუხო დასჯა ადამიანთა თანამშრომლობის მნიშვნელოვან ელემენტად განვითარდა“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.