25
Nov
2019

ციცია ჯაფარიძე – #პირველისამსახური

25 Nov 2019

ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი და ფაქტობრივად 14 წლიდან ვცდილობდი ჩემით მეკეთებინა პატარ – პატარა საქმეები. ძალიან მალე მივხვდი, რომ ორიგინალურად თუ მივუდგებოდი საქმეს, უკეთ გამომდიოდა და შედეგიც გაცილებით პროდუქტიული იყო. საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომას მშობლებიც მასწავლიდნენ და მუდამ გვერდში მედგნენ ჩემს წამოწყებებში.

სწორედ ბავშვობაში მივხვდი სწავლის, შრომის და მუდმივად განვითარების ფასს. სულ რაღაცას ვკითხულობდი, ვუსმენდი და 16 წლის ვიყავი როცა დავრწმუნდი, რომ გაყიდვები და ბიზნეს საქმიანობა ჩემთან ძალიან ახლოს იყო. ამას მოჰყვა იმ დროისთვის ახალი დარგით მარკეტინგით და კომუნიკაციებით დაინტერესება და სწავლაც ამ მიმართულებით გავაგრძელე.

ჩემი პირველი სერიოზული სამსახური კი იყო „რადიო ქალაქი“. ელენე ფოცხიშვილის ნდობა, გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა და იმ დროს რეკლამის მოზიდვის დიდი გამოწვევები. დაიწყო ორომტრიალი, რომელშიც უნდა დამემკვიდრებინა თავი და გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები.

მიზნები მკაფიო და საკმაოდ რთული იყო. ცნობადობის მოპოვება, სარეკლამო განთავსებების მოძიება და განსხვავებული აქტივობების მოფიქრება. ორიგინალური გამოსავალი ძალიან სახალისო აღმოჩნდა, მახსოვს მოვიფიქრე გამეკეთებინა განსხვავებული საახალწლო გათამაშება, სადაც სხვა დიდ საჩუქრებთან ერთად, მსმენელი შემწვარ გოჭს სახლში მიტანით მოიგებდა. შემოქმედებითი მიდგომის წყალობით ახალ წელს უკვე გარანტირებული სარეკლამო კონტრაქტებით და შევსებული ბადით შევხვდი. მთელი ქალაქი კი პირველად სახლში მიტანილ  შემწვარ გოჭზე საუბრობდა. ასე გავხვდი რადიო „ქალაქის“ მარკეტინგის დირექტორი.

 

ციცია ჯაფარიძე – Educity-ს დამფუძნებელი

 

განხილვა