18
Sep
2018

CiDA სოციალური თემატიკის პოსტერების შექმნაზე კონკურსს აცხადებს

18 Sep 2018

„სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA), სოციალური თემატიკის კუთხით, პოსტერის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. მიზანი, ნასამართლევი პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული დისკრიმინაციული შეხედულებების შემცირება და არსებული სტიგმის დაძლევაა.

mBank QR
mBank QR

„საკონკურსო თემებია: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოზარდთა საუკეთესო ინტერესების დაცვას მართლმსაჯულების პროცესში და აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების დანერგვა/განვითარება. მიუხედავად ამისა, დაბალია საზოგადოებისა და სოციალური ინსტიტუტების ჩართულობა მოზარდთა რთული ქცევის, დანაშაულის პრევენციისა და შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულებით). კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალთა სპეციფიკა  (საზოგადოება განსაკუთრებით კრიტიკულია ნასამართლეობის მქონე ქალთა მიმართ, რაც საზოგადოებიდან მათ გარიყვას იწვევს. ამას ემატება ოჯახის წევრთა დაბალი მიმღებლობა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ნაკლები შესაძლებლობები). საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევა (საზოგადოების უნდობლობა, არსებული სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები ხელს უშლის ნასამართლევი პირების სრულფასოვან ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ზრდის განმეორებითი დანაშაულის რისკებს). განათლების ხელმისაწვდომობა – მიუხედავად პენიტენციურ დაწესებულებებსა და მის გარეთ არსებული ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა, ხშირ შემთხვევაში, მიწოდებული პროფესიული პროგრამები ერთი მხრივ, ვერ პასუხობს ბენეფიციართა საჭიროებებსა და ბაზრის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, სასწავლო გარემო ნაკლებად კომფორტულია ბენეფიციართათვის). დასაქმების ხელშეწყობა (კვლევები აჩვენებს, რომ გასამართლების შემდეგ, საშუალოდ, ორჯერ იზრდება უმუშევართა რაოდენობა და დამსაქმებლები გაურბიან ნასამართლეობის მქონე პირთა დასაქმებას, გავრცელებული შიშებისა თუ უნდობლობის გამო. შრომით ბაზარზე რეაბილიტაციის შესაძლებლობების არარსებობა კი, პირდაპირ უკავშირდება განმეორებით დანაშაულს)“.

კონკურსანტებს შეუძლიათ პოსტერის წარმოდგენა მითითებული თემებიდან მისთვის სასურველ ერთ, ან რამდენიმე საკითხზე.

„კონკურსის მიზანია პოსტერმა ხელი შეუწყოს საზოგადოების განწყობების ცვლილებას და სენსიტიზაციას პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერი და განრიდებული პირების მიმართ შესაბამისი ვიზუალისა და „მესიჯ ბოქსების“ გამოყენებით“.

როგორც CiDA-ში აცხადებენ, ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ისე პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

„ ევროკავშირის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ვახორციელებთ პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ (TESI), რომლის მიზანია პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირებისა და მათი ოჯახებისთვის”.

რაც შეეხება კონკურისის პირობებს, შერჩეული 5 საუკეთესო პოსტერის ავტორი მიიღებს ფულად ჯილდოს – თითოეულ პოსტერზე 800 ლარის ოდენობით.

„ნამუშევრების ელექტრონული ვერსიები (A1 ფორმატში, არაუმეტეს 4 მეგაბაიტი) 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. პოსტერები უნდა გამოგვიგზავნონ  მისამართზე: [email protected]. და დაურთონ ინფორმაცია ავტორის შესახებ და მისი საკონტაქტო მონაცემები. გამოგზავნისას, კი სათაურის ველში მიუთითონ „პოსტერების კონკურსი“.

[R]

განხილვა