in

როგორ გადავარჩინოთ ბიზნესი „ციფრული დემატერიალიზაციის“ ეპოქაში?

ბიზნესსტრატეგიების უმეტესობა, რომლებსაც დღესაც ვეყრდნობით, ძველი, მატერიალური ეკონომიკის ეპოქაში შეიქმნა. მაიკლ პორტერის კლასიკური მოდელები შესანიშნავად მუშაობდა მაშინ, როდესაც ინდუსტრიის საზღვრები მკაფიო იყო, ხოლო კომპანიის მთავარ აქტივად ქარხნები და დაზგები ითვლებოდა. 1975 წელს Fortune 500-ის კომპანიების აქტივების 83%-ს სწორედ ფიზიკური ქონება შეადგენდა.

დღეს, ეს პროპორცია სრულიად ამოტრიალდა – კორპორაციული ღირებულების თითქმის 90% არამატერიალურ აქტივებზე მოდის, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემები, ბრენდის ძალა და ინტელექტუალური საკუთრება. ჩვენ ახლაც ტექნოლოგიური რევოლუციის გარდამავალ ეტაპზე ვართ, რომლის მთავარი მახასიათებელიც დემატერიალიზაციაა – ღირებულების გადატანა ფიზიკური ნივთებიდან ციფრულ სერვისებში, ეკოსისტემებსა და გამოცდილებაში.

გავიხსენოთ, რა დაემართა მუსიკას – ადრე ვყიდულობდით ფირფიტებსა და კომპაქტ-დისკებს, დღეს კი მუსიკას ფიზიკური მატარებელი აღარ სჭირდება – ის პირდაპირ ციფრულ ნაკადად მოდის სმარტფონებში და ალგორითმი თავად არჩევს, რას მოვუსმინოთ. ეს პროცესი დღეს ყველა სფეროში მიმდინარეობს – მედიაში, ფინანსებში, მედიცინასა და მრეწველობაშიც კი. როდესაც მატერიალური ფასეულობა ქრება, ძველი საყრდენებიც იშლება. კომპანიებს სჭირდებათ ახალი ორიენტირი..

სტრატეგიული ცენტრირება არ გახლავთ კომპანიის მისია ან ხედვა, რომლებიც ხშირად ზედმეტად აბსტრაქტულია ყოველდღიური მუშაობისთვის. ცენტრირება განსაზღვრავს იმ კონკრეტულ განზომილებას, რომლის გარშემოც ბრენდი განვითარების შესაძლებლობებს ეძებს. მკაფიო ცენტრი ზუსტად საზღვრავს განვითარების პოტენციურ გზებს, უმარტივესად წყვეტს საინვესტიციო დავებს დეპარტამენტებს შორის და თანამშრომლბს აძლევს უნებართვო მოქმედების თავისუფლებას, რაც ბიუროკრატიას აქრობს და მუშაობის ტემპს საოცრად იზრდება.

კვლევები აჩვენებს, რომ თანამედროვე ბიზნესში სტრატეგიული ცენტრირების 5 ძირითადი მოდელი არსებობს:

ფოკუსი კონკრეტულ მისიაზე. კომპანია ორიენტირდება ერთი დიდი პრობლემის გარშემო და მიჰყვება მას, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია დასჭირდება გზად. გარდა Novartis-ისა, ამის მაგალითია Shopify, რომლის ცენტრიც ვაჭრობის პროცესის გამარტივებაა, რამაც ის ონლაინ მაღაზიებიდან ლოგიკასა და ბიზნესის დაფინანსებამდე მიიყვანა.

ფოკუსი კონკრეტულ მომხმარებელზე. კომპანია შენდება აუდიტორიის და მისი ცვალებადი საჭიროებების გარშემო. Amazon-ის საწყისი წლები ამის საუკეთესო ნიმუშია – მომხმარებლიდან დაწყებულმა აზროვნებამ ის წიგნებიდან ღრუბლოვან სერვისებზე, სტრიმინგსა და მედიცინაზე გადაიყვანა.

ფოკუსი კონკრეტულ ტექნოლოგიაზე. ეს გულისხმობს ღრმა ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და მათ გამოყენებას ნებისმიერ სფეროში. Fujifilm-მა, კოდაკისგან განსხვავებით, თავისი ფოტოფირების ქიმიური და ოპტიკური ცოდნა კოსმეტიკაში, სამედიცინო აპარატურასა და LCD ეკრანების მასალებში გადაიტანა და დღესაც ყვავის. კიდევ ერთი მაგალითია Nvidia, რომელმაც გეიმინგის ჩიპებიდან პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ლიდერობა ჩაიგდო ხელში.

ფოკუსი ეკოსისტემაზე. კომპანია საკუთარ სტრატეგიას მთელი ქვეყნის თუ რეგიონის განვითარებას უკავშირებს. TSMC-ის მიზანი თავიდანვე იყო ტაივანის ნახევარგამტარების ინდუსტრია ქვეყნის სტრატეგიულ აქტივად და უსაფრთხოების გარანტიად, ერთგვარ „სილიკონის ფარად“ ექცია. მსგავსი გზა გაიარა Samsung-მაც სამხრეთ კორეაში.

ბიუროკრატიისა და სირთულეების გაქრობა მიზნად ისახავს სისტემიდან ყოველგვარი დისკომფორტისა და ბიუროკრატიის აღმოფხვრას, როგორც Facebook-მა გააქრო მეგობრების პოვნის სირთულე, Google-მა – ძიების, Apple-მა – აპლიკაციების. სამხრეთკორეულმა Toss-მა ამ პრინციპით ფულის გადარიცხვის პროცესი შეცვალა, ხოლო სინგაპურის განვითარების ბანკი DBS ძველი უწყებიდან მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად იქცა.

კვლევების მიხედვით, ყველაზე წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელები სულაც არ არიან ისეთი მენეჯერები, რომლებიც მხოლოდ საქმის დელეგირებას ახდენენ. პირიქით – ისინი საოცრად აქტიურები და ყოველდღიურ პროცესებში ჩართულები არიან.

Nvidia-ს ჯენსენ ჰუანგი პირდაპირ მონაწილეობს იდეების გენერირებაში ნებისმიერი რგოლის გუნდთან ერთად. Airbnb-ის ბრაიან ჩესკი თავად დაუბრუნდა პროდუქტის დიზაინის დეტალურ განხილვებს. ეს არის კომპანიის მთავარი ღერძის, მისი ცენტრის დაცვა. ისინი მუდმივად აძლევენ ორგანიზაციას სწორ მიმართულებას, რაც ავტომატურად სპობს შიდა კორპორაციულ ინტრიგებს, რადგან ყველამ იცის, რომ წარმატების ერთადერთი გზა ბიუროკრატიის ნაცვლად საქმეზე ფოკუსირებაა.

მატერიალური, ნივთებზე აგებული ძველი ეკონომიკა წარსულს ბარდება. სტრატეგიული ცენტრირება არის ის, რაც კომპანიას აძლევს სისწრაფესა და გამბედაობას, ინვესტიცია უცნობ რადიოლიგანდებში ჩადოს, ნაცვლად უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლებისა. ამიტომ, სწორი ცენტრის არჩევა დღეს ნებისმიერი ლიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ბიზნესის მომავალს სწორედ ის ბრენდები შექმნიან, რომლებიც იპოვიან საკუთარ ცენტრს და უარს იტყვიან ყველაფერზე, რაც მას არ ემსახურება.

წყარო: HBR



Logitech-მა „ჯიბის მაუსი” Mobi Fold წარადგინა

BTU-მ ქართული ენის მათემატიკური მოდელირება იოანე ზოსიმეს ტექსტით დაიწყო