რიგი ფაქტორების გამო ბევრ ჩვენგანს სულ უფრო უჭირს სამუშაოს შესრულება. მიზეზი ბევრია – ეკონომიკური მდგომარეობით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის კონკურენციით დამთავრებული.
აბა, გაიხსენეთ, იყო დრო, როცა სამი დამკვეთი ერთდროულად გთავაზობდათ პროექტებს. მაშინ თავისუფლად შეგეძლოთ, უარი გეთქვათ ერთზე მაინც, რადგან იცოდით, რომ დანარჩენებიდან მიიღებდით შემოსავალს, მაგრამ, როდესაც ჩავარდნილი პერიოდია და დიდი ხანია, სამუშაო არ გქონიათ, სამივე პროექტს ერთად აიღებთ იმის შიშით, რომ შემდეგ ისევ დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩეთ უსამსახუროდ. ეს სიტუაცია ფრილანსერებისთვის ნაცნობია.
არსებობს ბიუჯეტის პრობლემაც. მაგალითად, თუ დამკვეთი ვერ იხდის საკმარის თანხას, ერთი პროექტი არასოდესაა სამყოფი და მუდმივად ახლის ძიებაში ხართ. თუ ამ პროცესში სხვა, უფრო დიდი პროექტი გამოგიჩნდათ, ეცდებით, დააჩქაროთ პირველი და დროულად გადაერთოთ მეტად მაღალშემოსავლიან საქმეზე. ეს სიტუაციაც ბევრ ფრილანსერს გამოუცდია.
ორივე სცენარის შემთხვევაში, ფრილანსერს პროდუქტიულობისთვის სჭირდება სამუშაო პროცესის გამარტივება და შემოქმედებითობის გაზრდა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ინსტრუმენტების სიას, რომლებიც დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტის შექმნაში.
Trello არის პროექტების მართვის პოპულარული ინსტრუმენტი, რომელიც დავალებებს ანაწილებს დაფების, სიებისა და ბარათების გამოყენებით. მას აქვს საკმაოდ ინტუიციური ინტერფეისი, რომელსაც არ სჭირდება ტექნიკური ცოდნა. პლატფორმა ჩვენი დავალებების ვიზუალურად დალაგებას გვთავაზობს, რაც უფრო მარტივად აღსაქმელია. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ დაფები სხვადასხვა პროექტისთვის, გამოიყენოთ სიები სამუშაო ნაკადის წარმოსაჩენად და პროგრესის დროს დავალების ბარათის შესაბამის სვეტში გადატანა.
პროექტების მართვის კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც აერთიანებს მონაცემთა ბაზებს, შენიშვნებს, ამოცანებს და, ასევე, კონტენტის დაწერის საშუალებასაც გაძლევთ. აღსანიშნავია, რომ აქ მარტივი ვებსაიტების შექმნაც კია შესაძლებელი.
Toggl არის დროის კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც ერთი დაწკაპუნებით იმის საშუალებას გაძლევთ, მარტივად ჩაწეროთ ამოცანები და პროექტებზე დახარჯული საათები. ფრილანსერებისთვის ეს ხელსაწყო განსაკუთრებით სასარგებლოა დროის სამენეჯმენტოდ და კლიენტების ანგარიშების შესაქმნელად.
მათთვის, ვინც ტექსტებზე მუშაობს, Grammarly ნამდვილი დამხმარეა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი არა მხოლოდ გრამატიკული და ბეჭდვითი შეცდომების დაფიქსირებით გეხმარებათ, არამედ სტილისა და ტონის დახვეწითაც. მას შეუძლია მოერგოს სხვადასხვა ტიპის წერილებს, ოფიციალური მოხსენებებიდან დაწყებული სოციალური მედიის ჩვეულებრივი პოსტებით დამთავრებული.
Otter.ai არის AI-ზე მომუშავე ტრანსკრიფციის ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს სწრაფად და ავტომატურად აფიქსირებს საუბრის დინამიკას. ის მოკლე დროში აჯამებს დისკუსიის ძირითად საკითხებს, აქვს საძიებო სისტემა და რედაქტირებადი ტრანსკრიპტები, რაც მას შესანიშნავ ხელსაწყოდ აქცევს ყველასთვის, ვინც მუშაობს ჟურნალისტიკის, კონტენტის შექმნის თუ კინოგადაღების ინდუსტრიაში.
ეს არის ბმულების ნაკრების შექმნის ინსტრუმენტი სოციალური ქსელების ბიოში. მაგალითად, თუ ინსტაგრამსა და ფეისბუკზე პროფილის ბმულების დართვა შეზღუდულია, Beacons.ai საშუალებას გაძლევთ, შექმნათ კონფიგურირებადი გვერდი, რომელიც შეიცავს მრავალ ბმულს და მათ ერთ სივრცეში აქცევს.
ინსტრუმენტები, რომლებიც ამ სტატიაში წარმოგიდგინეთ, დაგეხმარებათ, აწარმოოთ თქვენი ფრილანსსაქმეები მშვიდად და ორგანიზებულად.