in

ეს 3 დაბრკოლება ციფრული პლატფორმის გლობალიზაციისთვის უნდა გადალახოთ

ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, ციფრული პლატფორმების მქონე კომპანიებისთვის მომხმარებლამდე მისვლა სულ უფრო ადვილი ხდება. თუმცა, როცა ეს საკუთარი ქვეყნის გარეთ გასვლას ეხება, მათ გარკვეულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევებით, მათ შორის მობილური აპლიკაციის მონაცემებით 50 ქვეყნიდან, მარეგულირებელი დოკუმენტებით, ინვესტიციების ჩანაწერებით, Xiaomi-ს, Dropbox-ის, ByteDance-ისა და მსგავსი ბრენდების ხელმძღვანელებთან 100-ზე მეტი ინტერვიუს გაანალიზებით, 3 მთავარი გამოწვევა გამოიკვეთა: მომხმარებლის მოზიდვის სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა და ბიზნესგარემო.

მომხმარებლის მოზიდვის სტრატეგია

ბევრი პლატფორმა ალგორითმებსა და ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა, თუმცა საერთაშორისო ბაზრისთვის ტრადიციული მეთოდებიც უნდა უნდა იქნას გამოყენებული, ისეთი, როგორიცაა, ბაზრის კვლევა ან ონლაინ ექსპერიმენტები.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ Alibaba-ს შვილობილი კომპანია, Lazada, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობდა, მას გლობალურ ბაზარზე გაცილებით პატარა კომპანიამ, სახელწოდებით Shopee, აჯობა, რადგან იგი ადგილობრივ მახასიათებლებს ეყრდნობოდა… ამასთან ერთად, შეგვიძლია განვიხილოთ პლატფორმები, როგორიცაა TikTok და Twitch — ალგორითმული კონტენტის მიზნობრიობისა და ადგილობრივი ბაზრების შესწავლით მათ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს. მომხმარებლებს ადგილობრივი კონტენტი შესთავაზეს, იქნებოდა ეს მუსიკა, სიახლეები, ხუმრობები, სამედიცინო რჩევები თუ სხვა რამ. 

ამასთან, პლატფორმებმა კონტენტ კრეატორებს დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, რადგან ისინი მათ უფრო მეტი აუდიტორიის მოზიდვაში ეხმარება. შესაძლოა, უკვე სახელგანთქმული პლატფორმები ამას მარტივად ახერხებდნენ, მაგრამ ზოგს ამისთვის გარკვეული ინვესტიციების ჩადებაც უწევს. მაგალითად, YouTube-მა ეს ორგანულად შეძლო მაშინ, როცა TikTok-ს კონკრეტული რესურსების დახარჯვა მოუწია… ხოლო თუ კონტენტ კრეატორები პლატფორმებისთვის ქვეყნის ტოპ ბაზრის კატეგორიებში ექსკლუზიური კონტენტის შექმნასაც შეძლებენ, ეს ბიზნესს საერთაშორისო მასშტაბით, მომხმარებლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში კიდევ უფრო დაეხმარება.

დაბოლოს, თუ პლატფორმაზე საერთაშორისო მომხმარებლების მოზიდვა გინდათ, უნდა იცოდეთ, რომ ამას მხოლოდ თქვენი ქვეყნის ლიდერთა გუნდით ვერ მოახერხებთ, რადგან მათ ნაკლებად იციან კონკრეტული ქვეყნების ადგილობრივი მახასიათებლებისა თუ საჭიროებების შესახებ… ამიტომ, იმ ქვეყნებში ოფისების გახსნა, რომელთა მოსახლეობაც თქვენს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. Dropbox და Salesforce ამ მეთოდს უკვე აქტიურად იყენებს, მათ მთელ მსოფლიოში უკვე მრავალი ოფისი გახსნეს, მიზანი კი სწორედ მომხმარებლების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებაა.

ორგანიზაციული სტრუქტურა

მრავალფეროვანი და სწრაფად ცვალებადი ადგილობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ბრენდებმა განსხვავებული ფუნქციები და წესები უნდა დააწესონ ან თუნდაც, განსხვავებულ ბაზრებს ახალი პლატფორმები შესთავაზონ… მაგალითად, საკვების მიწოდების პლატფორმა, Just Eat Takeaway, საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა პლატფორმას ამუშავებს, მათ შორისაა Grubhub, SkipTheDishes და Just Eat. ByteDance კი Douyin-სა და TikTok-ს დამოუკიდებელი მენეჯმენტის გუნდებით მართავს. ეს კი ბევრად უფრო დახვეწილ ორგანიზაციულ სტრუქტურას მოითხოვს, ვიდრე ერთი ბიზნესის მართვა. 

აქ მნიშვნელოვანია, მოდულარულ სტრუქტურაზე ვისაუბროთ. ეს ეხება არქიტექტურას, რომელიც პროდუქტისა თუ მომსახურების საერთო კომპონენტებსა და ოპერატიულ შესაძლებლობებს ისეთ სპეციალიზებულ ერთეულებად აქცევს, რაც გლობალურ გუნდებს მისი ადგილობრივი საჭიროებების მიხედვით გამოყენების საშუალებას აძლევს. 

Alibaba-ს შუა პლატფორმის კონცეფცია სწორედ ამის მაგალითია. თავდაპირველად კომპანია ტრადიციული 2-დონიანი ორგანიზაციული სისტემით იმართებოდა, მაგრამ შემდეგ მომხმარებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, პლატფორმის სხვადასხვა ვერსიის შემუშავება დაიწყო და მართვის მესამე დონეც, ანუ შუა პლატფორმა გაგვაცნო — ადამიანებს საჭირო კომპონენტებზე წვდომა მუდმივად აქვთ, თუმცა ეს პროცესი მოქნილიცაა და, ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისად, იცვლება. უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ისეთ ბაზრებზე, სადაც ბარათით გადახდა არ არის პოპულარული, მომხმარებლებს შუა პლატფორმით სარგებლობა და იმ მეთოდით გადახდა შეუძლიათ, რომელიც მათთვის მისაღებია, შესაძლოა, ეს ნაღდი ანგარიშსწორებაც იყოს. 

ბიზნესგარემო

ისიც მართალია, რომ ციფრულ ბიზნესს უცხოურ ბაზრებზე შესვლა ძვირადღირებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე ბევრად სწრაფად შეუძლია, ვიდრე ტრადიციულ კომპანიებს. თუმცა ეს ერთდროულად კარგი და ცუდიც შეიძლება იყოს. მსგავსად, კომპანიებმა, შესაძლოა, ადგილობრივი რეგულაციები უარყონ… Uber-ის მაგალითით ევროპისა და აზიის ქვეყნებში კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომერციული წარმატება ძნელად შენარჩუნდება იქ, სადაც მას მხარს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები არ უჭერენ. 

კონკრეტული პლატფორმებისთვის ბიზნესგარემო ქვეყნებში მრავალი კუთხითაც შეიძლება გახდეს არამეგობრული, იქნება ეს მომხმარებელთა და მონაცემთა დაცვა, გეოპოლიტიკური საკითხები, საგადასახადო პოლიტიკა თუ ძველმოდური კონკურენცია. ზოგიერთ ამ დაბრკოლებას კი, შესაძლოა, ახასიათებდეს ის, რასაც მკაცრ ლეგიტიმაციას უწოდებენ — ეს არის კანონები და რეგულაციები, რომლებიც ბრენდებს ბაზარზე წვდომას უზღუდავს ან ბიზნესმოდელების უპირატესობებს თრგუნავს. მაგალითად, მოკლევადიანი გაქირავების სერვისის იურიდიულმა შეზღუდვებმა Airbnb-ის წარმატება ზოგიერთ ქვეყანაში შეაფერხა. რბილი ლეგიტიმურობის გამოწვევები კი გულისხმობს, რომ მიუხედავად მსგავსი სამართლებრივი საფრთხეების არარსებობისა, მცირდება პლატფორმის მიმზიდველობა, რაც მომხმარებლებს კონკურენტ პლატფორმებზე გადასვლისკენ უბიძგებს.

ამ რისკების შესამცირებლად, კომპანიებმა ადგილობრივი პრობლემებისა თუ საჭიროებების შესახებ უნდა გაიგოს. გლობალური გაფართოებისას, ბრენდებმა რამდენიმე ხრიკსაც უნდა მიმართონ, ასეთი შეიძლება იყოს — პროფესიონალი ადგილობრივი თანამშრომლების დაქირავება, ურთიერთობის გაღრმავება მთავარ პირებთან, საჯარო სერვისების უზრუნველყოფა ან თუნდაც, გაერთიანება სხვადასხვა ინდუსტრიის ადგილობრივ მოთამაშესთან. მაგალითად, პლატფორმა Grab-მა ეს სტრატეგია ტაილანდში გამოიყენა, გარდა საყოველთაო არჩევნების წინ კანონმდებლობის ლობირებისა, ყურადღება გაამახვილეს კომპანიის მხრიდან მცირე ქალაქებში სატრანსპორტო სერვისების მიწოდებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და სახელმწიფო ხაზინაში დიდი თანხის შეტანის საკითხებზე. ამასთან ერთად, Grab-მა პარტნიორობა ადგილობრივ სადაზღვევო და საბანკო ფირმებთანაც დაიწყო. შედეგად, პლატფორმა ბაზარზე უფრო მიმზიდველი გახდა და უფრო მეტი ადგილობრივი მხარდამჭერიც შეიძინა. 

გამოდის, საერთაშორისო მასშტაბით პლატფორმის წარმატებისთვის საჭიროა მომხმარებლის მოზიდვის სტრატეგიის სწორად შერჩევა, ეფექტური ორგანიზაციული მხარდაჭერის შექმნა და ადგილობრივ ბიზნესგარემოში ნავიგაციისთვის გონივრული მიდგომის შემუშავება.

წყარო: HBR



უცხოპლანეტელბთან კონტაქტის დასამყარებლად 400 000 წელი გვჭირდება

10 ციფრული პროდუქტი, რომელიც სტარტაპებს პროცესების ოპტიმიზაციაში დაეხმარება