in

რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული პროდუქტების ტესტირება

ციფრული პროდუქტები დღეს ისეთივე პოპულარულია ბაზარზე, როგორც არაციფრული. როგორც საკვებს სჭირდება დეგუსტაცია, შემოწმება, სანამ მაღაზიის თაროებზე განთავსდება, ციფრული პროდუქტებისთვისაც ისეა საჭირო საგულდაგულო დათვალიერება, ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება, სანამ მომხმარებელი ნახავს და მის მოხმარებას დაიწყებს. როდესაც ციფრულ პროექტზე მუშაობა იწყება, მას რამდენიმე ეტაპის გავლა უწევს და ეს ეტაპები აუცილებელია ტესტერის მეშვეობით შემოწმდეს და დადასტურდეს. ტესტერი ის ადამიანია, ვინც პროექტის პროგრამულ და ვიზუალურ სრულფასოვნებას ამოწმებს.

თუ რატომ არის აუცილებელი ციფრული პროექტების ტესტირება და კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროფესია, ამ სფეროს სპეციალისტისგან, ლელა გაბელაიასგან შევიტყობთ.

M: დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობს ციფრული პროდუქტის ტესტირება, რამდენად აუცილებელია და რატომ გახდა ეს საკითხი ასე აქტუალური ბოლო წლებში?

ციფრული პროდუქტების ტესტირება – ეს არის პროცესი, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის მიერ ხდება პროდუქტის გამოკვლევა, თუ რამდენად ხარისხიანად და გამართულად მუშაობს ის. ყველა ციფრული პროდუქტი, რასაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხვორებაში, იქნება ეს სოც.ქსელი, ციფრული ბანკი თუ საინფორმაციო საიტი,  გადის სათანადო შემოწმებას, ანუ ტესტირების ეტაპს, რადგან ჩვენ, საბოლოო მომხმარებლებმა სწრაფად, მარტივად და კომფორტულად შევძლოთ მათი გამოყენება, ხარვეზების გარეშე.

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში ყველა კომპანია, ვინც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, დიდ ყურადღებას უთმობს მათ დეტალურ ტესტირებას, რადგან გაუმართავი პროგრამული პროდუქტი, პირველ რიგში, ასუსტებს კომპანიის რეპუტაციასა და სანდოობას, მეორე მხრივ კი, დისკომფორტს უქმნის საბოლოო მომხმარებელს. ციფრული პროდუქტების თანამედროვე მომხმარებელი კი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება და თუ არ მივაწვდით მასზე მორგებულ ხარისხიან პროდუქტს, ის მარტივად იპოვის ალტერნატიულ გამოსავალს.

M: რამდენად მოთხოვნადი გახდა ეს პროფესია საქართველოში და რამდენად დიდი გამოხმაურება აქვს მისი შესწავლის სურვილს?

აღნიშნული პროფესია საქართველოში სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება, რადგან ჩვენს ქვეყანაში აქტიურად შემოდის საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის: Webiz International, Flat Rock Technology, EPAM, DataArt…შესაბამისად, ქართველი ტალანტები ვდგავართ ძალიან საინტერესო გამოწვევის წინაშე და ვუწყობთ ფეხს საერთაშორისო სტანდარტებს თუ მოთხოვნებს, რასაც, სხვათა შორის, ძალიან კარგად ვართმევთ თავს (და ამაში დიდ როლს თამაშობს GeoSTQB, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ საერთაშორისო გამოცდილებას და ასევე ჩავაბაროთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა.

აღნიშნული პროფესია უდავოდ საინტერესოა, მაღალანაზღაურებადი და, რაც მთავარია, მუდმივი განვითარებისა და სწავლის საშულებას გვაძლევს. შესაბამისად, შესწავლის სურვილიც უამრავ ადამიანს აქვს. პირადად მე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიის სწავლება, ჩემი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ექვსი წლის დავიწყე და სხვადასხვა, როგორც სახეწლმიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში ვასწავლიდი. ამჟამად, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად ვუძღვები ჩემს ორ საავტორო კურსს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაზე და ვთავაზობ ორივე მიმართულებას, როგორც მანუალ, ასევე ავტომატიზირებულ ტესტირებას. ასევე მაქვს საკუთარი youtube არხი, სადაც დეტალურად არის განხილული ეს პროფესია.

M: რა განსხვავებაა მანუალ ტესტერსა და ავტომატიზებულ ტესტირებას შორის?

ტესტირების მანუალური პროცესი, ანუ იგივე ხელით ტესტირებაა, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი თავად იკვლევს და ტესტავს პროდუქტის ყოველ დეტალს. მაგალითად, ხსნის ბრაუზერს, შეჰყავს საიტის მისამართი, რეგისტრირდება სისტემაში და ასე შემდეგ. ტესტირების ავტომატიზირებული პროცესია, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერების ინჟინერი წერს სკრიპტს, კოდს, რომელიც შემდეგ უკვე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის ნაცვლად ასრულებს ყველა საჭირო შემოწმებას. მაგალითად, ადამიანის ნაცვლად უკვე სკრიპტი ხსნის ბრაუზერს, სკრიპტი წერს საიტის მისამართს, სკრიპტი ავსებს საჭირო მონაცემებით რეგისტრაციის ფორმას და ასე შემდეგ.

იმისათვის რომ შევქმნათ ხარისხიანი პროგრამული პროდუქტი, სწრაფად მივაწოდოთ ის საბოლოო მომხმარებელს და ეფექტურად შევასრულოთ ტესტირების სასიცოცხლო ციკლის ყოველი ეტაპი, ორივე პროცესი გვჭირდება ერთად კომბინაციაში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Spotlight Tech-ის წარმდგენია eTeam!

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ