თუ ამ სტატიას კითხულობ, ესე იგი, დაინტერესებული ხარ შენი ბიზნესითვის ციფრული პროდუქტების დამზადებით და გაქვს კითხვები. ჩვენ ვეცდებით, ეს კითხვები გამოვიცნოთ და შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ. როდესაც საქმე სააგენტოს არჩევას ეხება, რთულია ზუსტი გადაწყვეტილების მიღება, რადგან, როგორც იტყვიან, ზღვაში ბევრი თევზია და საუკეთესოს ამოსარჩევად, დიდხანს თევზაობაა საჭირო.
იმისთვის, რომ არ შემოგთავაზონ არასწორი გადაწყვეტა, მაგალითად, ძალიან მაღალბიუჯეტური ვებგვერდი და დროში გაწელილი პროექტი, რამდენიმე რეკომენდაციას გაეცანით, რათა არჩევანის გაკეთება გაგიმარტივდეთ.
გამოცდილება და კლიენტები
პირველი, რაც უნდა გადაამოწმოთ, არის სააგენტოს სანდოობა და ის კლიენტები, რომლებსაც უკვე გაუწიეს მომსახურება. თუ აღმოაჩენთ, რომ სააგენტო კარგად არის ჩამოყალიბებული და ჰყავს ცნობილი კლიენტები, მაშინ შეგიძლიათ წინ წაიწიოთ და უფრო მეტად დარწმუნდეთ მის გამოცდილებაში.
რას აკეთებს უმეტესობა ჩვენგანი, როცა რაიმეს ეძებს? როგორც წესი, ვგუგლავთ ხოლმე. შეგიძლიათ, ასე დაგუგლოთ საუკეთესო სააგენტოები და შემდეგ გადახვიდეთ თითოეულის ვებსაიტზე, სადაც პორტფოლიოს ნახვის შესაძლებლობა გექნებათ. თუ კომპანიას რეკომენდაციების განყოფილებაც აქვს, უკეთესია – გაეცნობით კმაყოფილი მომხმარებლის შეფასებებს.
ადგილმდებარეობა
დამკვეთისთვის სააგენტოს ადგილმდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პროექტის მსვლელობისას, გადაუდებელ სიტუაციაში, შესაძლებელი უნდა იყოს შემსრულებელ გუნდთან შეხვედრა და დეტალების გავლა.
ბიუჯეტი
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. მაღალბიუჯეტური ყოველთვის მაღალხარისხიანს არ ნიშნავს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ელკომერციის ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის და სხვა პროდუქტის სირთულეებს, ძალიან დაბალმა ფასმაც შეიძლება ეჭვი აღძრას. ეჭვი იმისა, რომ სააგენტოს ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავს და შეიძლება ვერ აიღოს პასუხისმგებლობა პროექტის ვადების დაცვაზე.
ჯობს, სანამ სააგენტოს მოძებნით, წინასწარ განსაზღვროთ ბიუჯეტი და ზუსტად იცოდეთ, რამდენის გადახდა შეგიძლიათ. ამ თანხის ფარგლებში კი, მოძიებულ სააგენტოს მოსთხოვეთ ყველა იმ ფუნქციონალის გამოთვლა, რომლებსაც თქვენს პროდუქტში დააინტეგრირებენ.
რეკომენდაციები
როგორც ზემოთაც ვახსენეთ, რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი შეიძლება იყოს სააგენტოს ვებსაიტზეც და სოციალურ ქსელებშიც. დაიმახსოვრეთ, მარკეტინგულად აღიარებულია, რომ კომპანიას მეტი სანდოობა აქვს, როცა რევიუების ველი არ აქვს გათიშული, ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება.
რეკომენდაციების გაცნობით, არა მარტო კმაყოფილი მომხმარებლების აზრს გაიგებთ, არამედ შეიძლება ისიც შეიტყოთ, ვინმე თუ დარჩა უკმაყოფილი და რატომ. მერე თავად გადაწყვეტთ, გინდათ თუ არა ამ კომპანიასთან თანამშრომლობა.
მუშაობა
მას შემდეგ, რაც გაარკვევთ ზემოთ ჩამოწერილ დეტალებს, დროა, გადახვიდეთ სააგენტოს ძლიერი მხარეების გაცნობაზე. მოლაპარაკების დროს შეგიძლიათ, მოითხოვოთ წინა კლიენტების სამუშაო შედეგების ნახვა და ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტების შეფასება. ზოგიერთი სააგენტო შეიძლება კარგი იყოს ციფრულ მარკეტინგში, ზოგიერთი ელკომერციის ვებსაიტის დამზადებაში და ა.შ.
მიდგომა
დიდი მნიშვნელობა აქვს სააგენტოს მიდგომასაც, რომელიც ყველა ციფრულ სააგენტოს განსხვავებული აქვს. ზოგიერთი შემოგთავაზებთ სწრაფი კითხვარის შევსებას, ზოგიერთი პირდაპირ საკუთარი პირობების წაყენებას დაიწყებს. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რა პირობებსაც დათანხმდებით და ხელს მოაწერთ, შემდეგ ისინი აღარ შეიცვლება. ასევე, სააგენტომ შეიძლება შემოგთავაზოთ პროგრესის შესახებ ანგარიშების მოწოდება. ეს საკმაოდ სწორი მიდგომაა და ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ზოგიერთმა შეიძლება საერთოდ არ მოგაწოდოთ სიახლეები პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
ჯილდოები
კიდევ ერთი უპირატესობა, რის გამოც შეიძლება შეარჩიოთ ციფრული სააგენტო, მიღებული ჯილდოებია. რაც უფრო მეტი ჯილდო აქვს მოგებული საერთაშორისო თუ ლოკალურ კონკურსებში, მით უფრო მეტი ამ სააგენტოს მიმართ სანდოობა.
იმედია, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაგიმარტივდებათ ციფრული სააგენტოს შერჩევა.