დღევანდელ ბიზნესრეალობაში ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა აღარ არის მხოლოდ IT დეპარტამენტის თავსატეხი – ეს კომპანიის სტრატეგიული გადარჩენისა და თავისუფლების საკითხია. ამის მიზეზი მარტივი რიცხვებია – ევროკავშირი ძირითადი ციფრული პროდუქტებისა და ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტს სწორედ საზღვრების გარეთ არსებული მომწოდებლებისგან იღებს. თუმცა, ეს დიდი პოლიტიკური გამოწვევა ზუსტად ასახავს ნებისმიერი თანამედროვე კომპანიის ყოველდღიურობას. ბიზნესი, რომელიც ისეთ პლატფორმებსა და მოდელებზეა აშენებული, რომელთა მიტოვებაც მას მარტივად არ შეუძლია, ზუსტად იმავე ხაფანგშია, ოღონდ ლოკალურ მასშტაბში. თუ ასეთი დამოკიდებულება კონტინენტური მასშტაბის კავშირისთვისაც კი უდიდესი რისკია, რატომ აკეთებენ ბიზნესები ასე ცოტას საკუთარი თავის დასაცავად?
პრიორიტეტი რეალური ქმედების გარეშე
SUSE-ის უახლესი გამოკითხვით, ტექნოლოგიური ლიდერების 98% ციფრულ სუვერენიტეტს კომპანიის უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს, თუმცა რეალური ნაბიჯები მხოლოდ 52%-მა გადადგა. კომპანიების უმეტესობა პრობლემას მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როცა სხვა გზა აღარ რჩება. ხშირად ეს ფინანსური კრიზისით გამოიხატება – ვენდორზე მიჯაჭვულობის, ანუ ე.წ. ლოქ-ინის გამო საოპერაციო ხარჯები კატასტროფულად იზრდება და მენეჯმენტი ხვდება, რომ ხაფანგშია. ხანდახან კი ზეწოლა გარედან, რეგულაციებისა თუ მსხვილი კლიენტების მხრიდან მოდის.
როდესაც გადაწყვეტილებებს დროის დეფიციტში და იძულებით იღებ, ეს ყოველთვის ყველაზე არაეფექტური და ძვირადღირებული გზაა – როგორც ფინანსურად, ისე ორგანიზაციულად. პროაქტიული მოქმედება ბიზნესს მანევრისა და საუკეთესო ალტერნატივების არჩევის თავისუფლებას აძლევს. ეს თავისუფლება, რა თქმა უნდა, უფასო არ არის, თუმცა მისი ფასი ბევრად ნაკლებია ახლა, ვიდრე მომავალში, კრიზისის დროს.
რას ნიშნავს დამოუკიდებლობა ბიზნესისთვის?
სტრატეგიის დაგეგმვამდე, პირველ რიგში, თავად ტექნოლოგიური სუვერენიტეტის შინაარსი უნდა გავიგოთ. პარტნიორი კომპანიები მას ხშირად იმ კონკრეტულ პროდუქტად ასაღებენ, რომელსაც მოცემულ მომენტში ყიდიან – იქნება ეს ღრუბლოვანი სერვისები თუ მონაცემთა უსაფრთხოების ხელსაწყოები. თუმცა, ნამდვილი სუვერენიტეტი პროდუქტის თვისება კი არ არის, არამედ თავად ბიზნესის უნარია. ეს არის შესაძლებლობა, მკაფიოდ გესმოდეს, რას აკეთებს სისტემა, მართო ის და შეცვალო კურსის მიმართულება მინიმალური დანაკარგით, როდესაც ბაზარი ამას მოითხოვს.
მთავარი მიზანი ადაპტურობაა – უნარი, ნებისმიერ დროს შეცვალო აზრი და თქვა უარი ვენდორზე. დამოუკიდებლობის შენარჩუნება ლიცენზირებულ პლატფორმებზეც სრულიად შესაძლებელია, თუ კომპანია თავიდანვე უზრუნველყოფს მკაცრ სახელშეკრულებო პირობებს, გარანტირებულ გასვლის უფლებებსა და მონაცემთა თავისუფალ მობილურობას.
ხელოვნური ინტელექტი, როგორც რისკების გამაძლიერებელი
ეს გამოწვევა კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, რადგან AI მოდელები ბევრად უფრო ღრმა საოპერაციო დამოკიდებულებებს აჩენს. ტრადიციული პროგრამული ხელსაწყოსგან განსხვავებით, რომლის ჩანაცვლებაც გარკვეული ძალისხმევის ფასად შესაძლებელია, ხელოვნური ინტელექტი სწრაფად აღწევს კომპანიის შიდა სტრუქტურებში – ის ხდება ანალიზის, სცენარების შეფასებისა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების განუყოფელი ნაწილი.
ეს ბევრად უფრო ფარული და საშიში მიჯაჭვულობაა, რადგან სისტემა დროთა განმავლობაში თავად იმ კრიტიკული განსჯის უნარის გაფერმკრთალებას იწვევს, რომლითაც ბიზნესმა მისი ჩანაცვლების საჭიროება უნდა შეაფასოს. ანუ, ის ფაკულტეტი, რომლითაც დამოკიდებულება უნდა შეაფასო, თავადვე ხდება ამ დამოკიდებულების მსხვერპლი. მიუხედავად ამისა, კომპანიები თავისუფალ ბიუჯეტს რისკების მართვის ნაცვლად, კვლავ ახალი AI ხელსაწყოების დანერგვაზე მიმართავენ, რაც დამოკიდებულების უფსკრულს კიდევ უფრო ღრმავებს სწორეთ იქ, სადაც ფსონები ყველაზე მაღალია.
ოთხი ნაბიჯი ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისთვის
აღრიცხეთ ის, რის მიტოვებასაც ვერ შეძლებთ. სუვერენიტეტი საკუთარი დამოკიდებულებების გულწრფელი აღიარებით იწყება. უნდა იცოდეთ, რომელი სისტემებია ისე გადაჯაჭვული თქვენს ბიზნესთან, რომ მათი შეცვლა შეუძლებელი ჩანს. შეუძლებელია მართო ის რისკი, რომელიც საერთოდ არ გაქვს იდენტიფიცირებული.
გასვლის სტრატეგია ხელშეკრულების ნაწილი გახადეთ. პარტნიორთან გამოთხოვების უფლებაზე ხელმოწერამდე უნდა იფიქროთ და არა მაშინ, როცა წასვლა დაგჭირდებათ. კონტრაქტში თავიდანვე ჩადეთ მონაცემთა მობილურობა, ხოლო ალტერნატიული გზის არქონა დამატებით საოპერაციო ხარჯად განიხილეთ, თუნდაც სისტემა დღეს იდეალურად მუშაობდეს.
ინვესტიცია განსჯის უნარში ჩადეთ და არა მხოლოდ ინსტრუმენტებში. სუვერენიტეტი ადამიანებზე დგას. თუ ტექნოლოგიის შეფასების უნარს სრულად აუთსორსზე გაიტანთ, კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში დამოკიდებული დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კონტრაქტში.
AI-ზე დამოკიდებულება განსხვავებულ კატეგორიად შეაფსეთ. ვინაიდან მოდელის შიდა ლოგიკას ჩვეულებრივი კოდივით ვერ წაიკითხავთ, მისი შერჩევა მმართველობითი გადაწყვეტილებაა, რაც მის ფართოდ დანერგვამდე კრიტიკულ შემოწმებას მოითხოვს.
გლობალური რეგულაციები ბიზნესის შიდა პრობლემებს ვერ მოაგვარებს. რეალობა ისაა, რომ ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარი სამუშაო არა კანონმდებლებზე, არამედ უშუალოდ კომპანიის ტოპ-მენეჯმენტსა და ბიზნესის ლიდერებზე გადის.
Fastcompany













