in

ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა და პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება

ციფრული ტრანსფორმაცია – ეს ტერმინი უფრო და უფრო ხშირად გვესმის. 2-წლიანმა პანდემიამ  ყველა სფეროში პროცესების გაციფრულების საჭიროება ახალი სიმძაფრით დააყენა. “ციფრული ტრანსფორმაცია” არ არის მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ახალი მეთოდი ან უკვე არსებულის მოდიფიკაცია მხოლოდ ბიზნეს-პროცესების დონეზე, არამედ გულისხმობს პარადიგმალურ ტრანსფორმაციას ბიზნეს-მოდელების განზომილებაში, რომელიც აყალიბებს სისტემის სუბიექტებს შორის ახლებულ ურთიერთქმედებებს, ქმნის მომხმარებლისთვის სრულიად ახალ გამოცდილებებსა და შესაძლებლობებს.

საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიღმისეულად იქნას გააზრებული “ციფრული ტრანსფორმაციის” მნიშვნელობა, სწორად იქნეს დასახული სტრატეგია ამ მიმართულებით და განვითარდეს ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის, თანამშრშრომლობის მექანიზმები.

საქართველოს ICT კლასტერი და საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი ერთობლივად მიისწრაფვიან და სხვადასხვა პროექტსა თუ მასშტაბურ ღონისძიებას აორგანიზებენ, რათა მეტ ადამიანამდე მივიდეს ხმა. საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი არის კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციასა და ზოგადად, ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებას. რაც შეეხება აისიტი კლასტერს, ისიც თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირების ხელშეწყობა და ამ ინდუსტრიის ზრდაა.

რა გამოწვევები დგას დღეს ბიზნეს თუ საჯარო სექტორებში ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით და რა პროექტებს ახორციელებენ ზემოთ ხსენებული პლატფორმები? Marketer-ის კითხვებს ICT კლასტერისა და “ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის” დამფუძნებელმა და საბჭოს წევრმა – დავით კიზირიამ უპასუხა:

M: პირველ რიგში, ვისაუბროთ, რა გამოწვევები დგას დღეს საჯარო და ბიზნეს სექტორების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით?

უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ, რა არის “ციფრული ტრანსფორმაცია”. ხშირად ციფრული ტრანსფორმაციას ურევენ უბრალოდ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციაში. უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ ის გულისხმობს ბიზნეს-მოდელების პარადიგმალურ ცვლილებას, სადაც რადიკალურად ტრანსფორმირდება მიმართებები პროცესში ჩართულ სუბიექტებს შორის, იცვლება მომხმარებლის გამოცდილება და ჩნდება სრულიად ახალი შესაძლებლობები.

გონიერი არ იქნება, კომპიუტერის პოტენციალი გამოვიყენოთ საბეჭდი მანქანის ჩასანაცვლებლად, მას მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მხოლოდ ტექსტის წრაფი რედაქტირებაა, ისევე, როგორც სმარტფონების ფუნქცია არაა მხოლოდ ზარების განხორციელება, მათ სრულიად ახალი ეკოსისტემა, ახალი ეკონომიკური ურთიერთქმედებებს გაუხსნეს კარი. ვიკიპედიამ არაა გაციფრულებული ენციკლოპედია, არამედ შექმნა შესაძლებლობა მილიონობით ადამიანის ცოდნის ერთ “კოლექტიურ გონად” გარდაქმნის. დღეს უკვე ჩნდება ახალი ტექნოლოგიები – მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის კიბერ-ფიზიკურ-ბიოლოგიური სისტემები სრულიად ახალ რეალობას აჩენს, მეტა-ვერსების, ხელოვნური ინტელექტისა და დეცენტრალიზებული სმარტკონტრაქტების ეპოქაში ძველი მოდელები გამოუსადეგარია.

საზოგადოებები, რომლებიც ამ ახალ შესაძლებლობებს ადრეულ ეტაპზე შეამჩნევენ, მოახერხებენ მისი შესაძლებლობების რეალიზაციას და თანდაყოლილი რისკების მინიმიზაციას აქვთ საშუალება კაცობრიობის განვითარების მომავლ “ახალ რეალობაში” ლიდერების პოზიციები დაიკავონ. ჩვენ გვაქვს ამის შანსი.

გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით დგას, რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

  • პირველ რიგში ესაა ორიენტირების, მიზნების სწორედ იდენტიფიცირება, რაც მოიცავს არსებულ გლობალურ გარემოში შესაძლებლობებისა და რისკების სწორე განსაზღვრას და ჩვენი, როგორც ქვეყნის პროფილის, ფუნქციის გამოკვეთასა და ამ მიზნის რეალიზაციისათვის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას.
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების ფართო ჯგუფების, დაინტერესებული მხარეების ეფექტური ჩართულობის, თანაქმნადობის მექანიზმის განვითარება, რადგან წარმატების მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ ერთი აქტორის (მაგ. მხოლოდ მთავრობის) მონაწილეობით.
  • რეალური ციფრული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელების დანერგვა, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მამოტივირებელი.

რომ როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია გაქვს დასახული, გააზრებული გქონდეს, რას, რატომ და როგორ ცვლი; ასევე, ის ითხოვს მენტალურ მზაობას, რადგან ადამიანები მაინც კონსერვატიულები ვართ და გვიჭირს სიახლეების დამკვიდრება.

M: როგორია სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფორმირებაში?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე იყოს ჩართული. იყოს გაწერილი, თუ ვის რა მიზნები და გეგმები აქვს ამ მიმართულებით. სახელმწიფოს მხრიდან ალბათ მთავარია, რომ რადგან ციფრული ტრანსფორმაცია ცვლილებებს მოითხოვს, გახდეს ამ ცვლილებების ხელშემწყობი; ასევე მას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ინოვაციური გარემოს შექმნაში, რაც შემდეგ არასაჯარო ინიციატივებს მისცემს ბიძგს იმისთვის, რომ მათ შექმნან თავიანთი სერვისები, პროდუქტები, რომლითაც ეკოსისტემას გაამდიდრებენ.

M: რა არის საქართველოს აისიტი კლასტერი და საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის მიზნები და როგორ ნაბიჯებს დგამთ ამ მიზნების მისაღწევად?

ICT კლასტერი – ეს არის სხვადასხვა აისიტი კომპანიების გაერთიანება, რომელიც დაახლოებით 3-4 წლის წინ დაფუძნდა. ხოლო გასულ წელს კონსორციუმი დაარსდა, რომელიც 50-მდე ორგანიზაციას IT, Consulting და საუნივერსიტეტო სფეროებიდან. მისი მიზანია, მის წევრებს შორის საერთო პოზიციის ფორმირება ტრანსფორმაციის მიმართულებით. შემდეგ ამ პოზიციის ადვოკატირება ისეთ უწყებებთან, როგორებიცაა სამინისტროები, პარლამენტი და სხვა. პირველი ნაბიჯი, რომელიც კონსორციუმმა გადადგა, იყო ინდუსტრიის შესახებ განვითარებული ხედვის შემუშავება, კვლევების ჩატარება, საჯარო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციისთვის რესურსების შექმნა.

M: რა პროექტები განახორციელეთ, რას ემსახურება ისინი და როგორი იყო მათზე მუშაობის პროცესი?

შეიქმნა დოკუმენტები – ციფრული ტრანსფორმაციის კონცეპტუალური მოდელი საქართველოსთვის და კონკრეტული სახელმწიფო სერვისის ციფრული ტრანსფორმაციის მოდელი. ის შემუშავდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით და მიზანი იყო საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მოდელის შექმნა, ამ მოდელის შეჯერება და გააზრება ჯერ კონსორციუმის წევრ კომპანიებს შორის და შემდეგ ამისი კონვენტირება სხვა სტეიკჰოლდერებთან. ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც მოხდა მიმდინარე ტენდენციების გააზრება, ტექნოლოგიური და ეკონომიკური პროცესების გათვალისწინება და რა სტრატეგია შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს საჯარო თუ ბიზნეს სექტორების ტრანსფორმაცია. ამ კვლევის დროს გამოიკვეთა ის წერტილები, სადაც შეიძლება ეფექტური იყოს სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობა, ასევე ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად უნდა დარჩეს სახელმწიფოს მხარეს: პოლიტიკის შემუშავება, განსაზღვრა, ფორმირება თუ აღსრულების კონტროლი. და მეორე ტიპის ფუნქციები უფრო ტექნიკურია და მოდელის არსია, რომ ამაში სახელმწიფო კი არ ხარჯავდეს თანხას, არამედ კერძო ავტორიზებული პროვაიდერები იყვნენ ორიენტირებულნი მნიშვნელოვანი სერვისების შექმნაზე ამ მიმართულებით. აქ უკვე ბიზნესის, კომპანიების როლი აქტიურად შემოდის, რომლებიც ახალ პროდუქტებს, სამუშაო ადგილებს ქმნიან და ამ მხრივ ხარჯავენ რესურსებს. ამის შედეგად, იზრდება კონკურენცია, რაც მეტ ალტერნატივას უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის.

M: უკვე დაიწყო თქვენ მიერ ორგანიზებული ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი. მოგვიყევით ამ ფორუმის მიზანზეც და რას მოუტანს ის თქვენი აზრით მსმენელს?

ფორუმი ემსახურება ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვას ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. მასში მონაწილეობას იღებს ამ მიმართულებით დაინტერესებული სხვადასხვა მხარე –  როგორც საჯარო, ისე კერძო და ასევე საზოგადების სექტორიდან. ციფრული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანია ჩართული მხარეების ურთიერთთანამშრომლობა და საერთო შეჯერებული აზრის არსებობა.

ფორუმი დაიწყო 27 ივნისს და გაგრძელდა 1 ივლისამდე. ძირითადი თემები იყო იმ გამოწვევებზე, თუ რა ადგილი შეიძლება დაიკავოს საქართველომ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რა არის ამისთვის გასაკეთებელი, რა როლი აქვს განათლებას ციფრულ ტრანსფორმაციაში, მედიაწიგნიერება, კომუნიკაციების სერვისების ტრანსფორმაცია და კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა. ამავე პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება ღონისძიება, იდეათონი, რომელშიც რეგიონებიდან ჩაერთვებიან მოსწავლეები და მისი მიზანია, ამ თაობაში IT მიმართულების შესაბამისი უნარების განვითარებას.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ფორუმი იქნება ყოველწლიური. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ კონსორციუმისა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობით ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო, რომელიც აერთიანებს აიტი ინდუსტრიის, შესაბამის დარგობრივ გაერთიანებებს და მიზნად ისახავს იდეების ხელშეწყობას, რომელიც საჯარო-კერძო დიალოგის საფუძველზე ფორმირდება.

M: თქვენი აზრით, რით არის მნიშვნელოვანი ციფრული ტრანსფორმაცია და რა პროცესებს აიოლებს ის?

ციფრული ტრანსფორმაცია, ეს არის ერთგვარი რეაქცია იმ ცვლილებებზე, რომლებსაც ტექნოლოგიური ინდუსტრია ქმნის. ამ რეაქციაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა, პროდუქტი თუ სერვისი. თუ რეაგირება არ იქნა წარმატებული, ეს ზრდის რისკს, რომ რაღაც მომენტში ჩამორჩე განვითარებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ყველა შესაძლებლობა, რათა წავიწიოთ წინ ტექნოლოგიური მიმართულებით და გავაკეთოთ მნიშვნელოვანი ნახტომი განვითარებადიდან განვითარებულ მდგომარეობამდე.

[R]

რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი?  — ოთარ კობერიძე

Twitter ყოველდღიურად მილიონამდე ყალბ ანგარიშს აუქმებს