27
Nov
2019

ქართული ტრადიციული პავილიონები ჩინეთში გამართულ გამოფენაზე – Wizard Events-ის ნამუშევარი

27 Nov 2019

5-20 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა, სადაც საქართველოს საგამოფენო სივრცე გამოეყო და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, გამოფენაზე 33 ქართული კომპანიის პროდუქცია წარდგა.

 

გამოფენის ფარგლებში, კომპანიებმა საექსპორტო პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნეს. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის წარმომდგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაციამ. პროფესიონალი შემსყიდველების სახით გამოფენას 500 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

გარდა იმისა, რომ საქართველოს აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მას ასევე ჰქონდა საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეულად წარმდგარიყო. კერძოდ, საქართველოს პავილიონების შემოქმედებითი კონცეფცია ემყარებოდა ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს, რომელიც თავისი ლამაზი და მომხიბლავი ვიწრო ქუჩებით, პატარა აგურის სახლებით, ფერადი აივნებითა და მყუდრო ეზოებითაა განთქმული. ქართული პავილიონის კონცეფციაზე კი ივენთ კომპანია Wizard Events-მა იმუშავა.

პავილიონების, მათი კონცეფციისა და ზოგადი საქმიანობის შესახებ Wizard Events-ის პროექტების მენეჯერს, მარიამ გომარელს გავესაუბრეთ:

M: რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი აღნიშნულ ღონისძიებაზე მუშაობა?

ვიზარდისთვის ქვეყნის გარეთ მუშაობა არ არის ახალი, ბევრი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია საქართველოს საზღვრებს გარეთ. თუმცა, ჩინეთის CIIE მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაა და მასში მონაწილეობა საკმაოდ დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო თითოეული ჩვენგანისათვის. ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ამ შემთხვევაში წარმოვადგენდით ქვეყანას და ქვეყანაში არსებულ 33 კომპანიას, რომელთაც საქართველოში ნაწარმოები ერთმანეთისაგან განსხვავებული პროდუქცია ჰქონდა. შესაბამისად, უნდა შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც 33-ვე კომპანია თანაბარ პირობებში შეძლებდა საკუთარი პროდუქტის წარმოდგენას.

M: რისი გამოხატვა გსურდათ ამგვარი ნამუშევრებით და როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოგივიდათ ეს? როგორი რეაქციები გამოიწვია მნახველებში?

როდესაც პროექტზე დიზაინერებთან და არქიტექტორებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, პირველი და მთავარი იდეა იყო ის, რომ ქართული ხასიათი და ესთეტიკა წარმოგვეჩინა და გაგვეცნო ფართო საზოგადოებისათვის. ქართული კრამიტით, ჩუქურთმებით, ლამპიონებით, ქვევრითა და სხვა დეტალებით მოწყობილ პავილიონში შესვლისთანავე უცხოელ მნახველებს შესაძლებლობა მივეცით, ემოგზაურათ ძველ თბილისში და დაეგემოვნებინათ ქართული ნაწარმი. ვფიქრობ, ჩვენ მიზანს მაქსიმალურად მივაღწიეთ, რადგან 15 დღის განმავლობაში ჩვენს პავილიონებთან არ წყდებოდა უცხოელი ტურისტების ნაკადი და მათი ინტერესი ქვეყნის მიმართ. როგორც გვითხრეს, ჩვენი პავილიონი კონკურსში იღებს მონაწილეობას და ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, საბოლოო პასუხები კი სულ მალე გახდება ცნობილი.

M: საუბრისას ახსენეთ, რომ ეს პროექტი არ არის პირველი, რომელიც საზღვარგარეთ განახორციელეთ.. ზოგადად, რა ფორმატის ღონისძიებებს ახორციელებთ და რა მასშტაბით? მოგვიყევით თქვენს გამოცდილებაზე..

უკვე 11 წელია, რაც ვიზარდ ივენთი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ნომერ პირველი ივენთ კომპანიაა, რომელსაც არ ეშინია არანაირი სირთულისა და გამოწვევის.

ჩვენს გუნდს 2600-მდე ღონისძიება აქვს ჩატარებული, აქ შედის როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტები. მაგალითად, გვიმუშავია საერთაშორისო ღონისძიებებზე ტოკიოში (FOODEX JAPAN), კიოლნსა (koln anuga festival) და ლონდონში (London Wine Fair). ვაკეთებთ პატარა და დიდ 20-30000 კაციან სახალხო ღონისძიებებს მაგალითად, როგორებიცაა: თბილისობა, 26 მაისი, გუდაურის 30 წლის იუბილე, სეზონის გახსნა, სხვადასხვა გამოფენა, კერძო ღონისძიებები, კორპორატიულები, პრესკონფერენციები თუ დიდი პრეზენტაციები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მასშტაბით ერთდროულად, პარარელურ რეჟიმში ოთხი ღონისძიებაც კი ჩაგვიტარებია.

M: ღონისძიების დაგეგმვის პროცესზეც გვესაუბრეთ – როგორი ფორმატით ახორციელებთ მას?

ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების გაბედნიერება, დადებითი ემოციებითა და პოზიტიური ენერგიით დამუხტვაა, რომელიც მათ დიდხანს გაჰყვებათ. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველა ჩვენგანი თითოეულ ღონისძიებაში მაქსიმალურ ენერგიასა და მონდომებას ვდებთ. გვინდა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებები ყველაფრით გამორჩეული იყოს, იქნება ეს იდეა, ვიზუალი, გაფორმება თუ სხვა.

გუნდის ყველა წევრი თითოეულ საკითხს დეტალურად განვიხილავთ და ღონისძიების მსვლელობის მთლიან პროცესს ვგეგმავთ. როგორც ნამდვილ ჯადოქრებს, ხშირად გვიწევს სასწაულების მოხდენა და ერთ დღეში ქალაქების აშენება, სკვერების მოწყობა, დეკორაციების მოფიქრება, შექმნა და გაფორმება.

საბოლოოდ კი, მივდივართ იმ შედეგამდე, რომ დამკვეთი ყოველთვის კმაყოფილია, ჩვენი მიზანი კი – მიღწეული.

M: ივენთ კომპანიების საკმაოდ დიდი კონკურენციის ფონზე, მაინც რით არის Wizard Events გამორჩეული? 

ვიზარდ ივენთს აქვს თერთმეტწლიანი გამოცდილება მენეჯმენტის მიმართულებით, საკუთარ ბალანსზე არსებული ინვენტარი და ქეითერინგის მომსახურება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ღონისძიებებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა თუ ინვენტარის დიდი არჩევანი, მათ შორის: განათებისა და გახმოვანების აპარატურა, უახლესი Led-ეკრანები, სხვადასხვა ზომის სადღესასწაულო ტენტები, მაგიდები, სკამები და სხვა. ამასთანავე, კომპანიას აქვს რესურსი, ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებას მოემსახუროს საკუთარი ქეითერინგით.

რაც მთავარია, ჩვენ უკან დგას პროფესიონალთა ძალიან დიდი გუნდი, რომელთა გარეშეც არც ერთი ივენთი არ იქნებოდა ასეთი ჯადოსნური და მრავალფეროვანი. თითოეული მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ პროდუქტსა და მომსახურებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვყავს ძველი კლიენტები, ჩვენ გვყავს კლიენტები, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ და არასდროს მიდიან ჩვენგან. მასშტაბებსა და სირთულეს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენი გამოცდილი და კრეატიული კადრები ექსტრემალურ სიტუაციებშიც უმაღლეს დონეზე ახერხებენ ღონისძიების ორგანიზებას.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჯადოქრები სასწაულ ფორმაში ვართ და სრული მზადყოფნა გვაქვს, ვაქციოთ თქვენი დღეები სასწაულად!

[R]

განხილვა