3
Jul
2019

როგორ დავაზღვიოთ ხელოვნება საქართველოში? – ინტერვიუ Circles Group-ის წარმომადგენელთან, გვენდოლინ გროლიგთან

3 Jul 2019

გერმანელ პოეტ ბერტოლტ ბრეხტს უთქვამს: “ჭექა-ქუხილის დროს, ლოცვა საჭირო აღარაა, აი, დაზღვევა კი აუცილებელია”. ჯერ კიდევ ახლო წარსულში, მომხმარებლებს სჭირდებოდათ ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჯანმრთელობის, უძრავი ქონების თუ ავტომობილის დაზღვევა. დღეს დაზღვევის რიგი სერვისები სავალდებულოდ ითვლება. საბაზრო მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, ამ სფეროში მზარდია კონკურენციაც და მომსახურებაც უფრო მრავალფეროვანი ხდება. დაზღვევის უკვე ნაცნობი პროდუქტების პარალელურად, ქართულ ბაზარზე, აქტუალური ხდება ისეთი ნიშური სერვისები, როგორიცაა ხელოვნების დაზღვევა. საქართველოში ამ სერვისს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია Circles Group, სადაზღვევო ბროკერ “მაი ჯორჯიასთან” ერთად უზრუნველყოფს. “მაი ჯორჯია” (MAI Georgia Insurance Brokers – MAI CEE, RMS Group), 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მათ დააზღვიეს ქართული ღვინის გამოფენა ბორდოში, დავით კაკაბაძის გამოფენა, TAF, ფოტოფესტივალი “ქოლგა”, რამდენიმე კინოწარმოება, ფესტივალი Ecowaves და ა.შ. რაც შეეხება თავად Circles Group-ს, კომპანია საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა და 40 ქვეყანაში ოპერირებს. როგორც Circles Group-ის წარმომადგენელი, გვენდოლინ გროლიგი ამბობს, ხელოვნების ნიმუშების, ფილმისა და ღონისძიების დაზღვევა ექსპერტულ შეფასებას მოითხოვს:

“არტ დაზღვევა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად, ავტომობილის, სახლის თუ ჯანმრთელობის დაზღვევისგან. სიღრმისეულად უნდა იცნობდე ინდუსტრიას: კოლექციონერებს, გალერისტებს და ა.შ. არტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ფინანსურ პორტფოლიოს ქმნიან, ყურადღებას აქცევენ ხელოვნების ნიმუშებსაც, რადგან ეს მათ სიამოვნებას ანიჭებთ.”

გვენდოლინ გროლიგი Circles Group-ში ხელოვნების დაზღვევას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. კარიერა ხელოვნების ისტორიით დაიწყო. პროფესიას ჯერ ბრუსელში, შემდეგ კი, ვენაში დაეუფლა. 20 წლის განმავლობაში, საერთაშორისო არტ აუქციონებთან და გალერისტებთან თანამშრომლობდა. აქტიურად იყო ჩართული ხელოვნების სავაჭრო პროცესებში. სადაზღვევო სფეროში 2010 წელს გადაინაცვლა. გვენდოლინ გროლიგი თბილისს ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში ეწვია და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.

M: გვენდოლინ, რას მოიცავს ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა?

მაგალითად, ნამუშევარი მიაქვთ საერთაშორისო გამოფენაზე, მფლობელს სჭირდება გარანტია, რომ უსაფრთხოდ ჩავა და დაბრუნდება უკან. მეორე მხრივ, შესაძლოა, ნამუშევარი წლობით ეკიდოს ერთსა და იმავე ადგილას, მაგრამ არ ვართ დაზღვეულები მაგრამ არ ვართ დაზღვეულები მიწისძვრისგან, წყლით დაზიანებისგან, შემთხვევითი დაზიანებისგან… ესაა უსაფრთხოების განცდა, რომელიც ნამუშევრის მფლობელს სჭირდება. ჩემი აზრით, როგორც კი არტისტი იწყებს მოძრაობას და აქტიურობას, მისი ნამუშევრები უკვე იმ მომენტიდან უნდა დაიზღვეს.

ჩვენ ვაზღვევთ როგორც მუზეუმებსა და გალერისტებს, ისე კერძო კოლექციონერებს, აუქციონის სახლებს, რესტავრატორებს და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სივრცეს.

ჩვენს პროდუქტს საქართველოში, ვფიქრობ, არ აქვს ანალოგი. არის ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი. ეს არ არის ძვირადღირებული სერვისი და ამავდროულად, ნამუშევრის სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

M: და რა იზღვევა ფილმის ან ღონისძიების პოლისით?

ფილმის დაზღვევა საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ძალიან ბევრი ნიუანსს შეიძლება მოიცავდეს: კასკადიორებს, ძაღლებს, სპილოებს გადასაღებ მოედანზე… ყველა სპეციფიკურ დეტალს ვითვალისწინებთ. და არ აქვს მნიშვნელობა, სარეკლამო ვიდეორგოლს იღებენ თუ სირიაზე დოკუმენტურ ფილმს, გადაღება თვითმფრინავში მიმდინარეობს თუ საჰარას უდაბნოს რბოლისას. ჩვენ რიოს კარნავალსაც ვაზღვევთ და ცნობილ მუსიკალურ ფესტივალ Tomorrowland-საც, სადაც მონაწილეები მთელი მსოფლიოდან ჩადიან. პროდუქტის ხიბლი მისი სიმარტივეა, პოლისის გასაცემად 5 ან 6 კითხვაზე პასუხის გაცემაა საჭირო და არ საჭიროებს ვრცელი კითხვარის შევსებას.

ამ პოლისით შეგიძლია დააზღვიო ადამიანების სცენაზე “არ გამოცხადება”, მატერიალური ზარალი, ფინანსური დანაკარგი, მესამე მხარისადმი მიყენებული ზიანი, ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ღონისძიებაზე (იქნება ეს კონცერტი, კონფერენცია, ქორწილი თუ უბრალოდ წვეულება). ეს დაზღვევა სჭირდებათ ორგანიზატორებს, პროდიუსერებს – ზარალის შემთხვევაში, მათ  ხშირად კოლოსალური გაუთვალისწინებელი ხარჯები აქვთ, რითაც უნდა გაისტუმრონ პერსონალის, ტექნიკის, სცენის თუ ვთქვათ სასტუმროს ხარჯები.

M: როგორ განსაზღვრავთ ნახატის, ფილმის ან ღონისძიების სადაზღვევო ღირებულებას?

ფასი ძალიან რთულია, რადგან ხელოვნება ძალიან სუბიექტური სფეროა. სამ სხვადასხვა ექსპერტს რომ ჰკითხო, სულ სხვადასხვა ფასს გეტყვიან. ნახატის ღირებულება შეიძლება დამოკიდებული იყოს პოლიტიკაზე, მოდაზე, მასალაზე, ტექნიკაზე… არსებობს აუქციონების სახლების ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო ბაზა, თავისი შეფასებებით, სადაც შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა ნამუშევარი, დააკვირდეთ, როგორ იცვლებოდა კონკრეტული მხატვრის სტილი წლების განმავლობაში. მაგალითად, პიკასოს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ბევრნაირი პერიოდი ჰქონდა: ლურჯი, კუბისტური… ყოველ ნამუშევარს სხვადასხვა რამ სძენს განსაკუთრებულობას. ვფიქრობ, როდესაც ხელოვნების ბევრ ნიმუშს ნახულობ, თანდათან ხვდები მათ ფასს. სხვა თემაა კიდევ გაყალბებული შედევრები, რომელთაც ღირებულება არ გააჩნიათ. ფილმის და ღონისძიების დაზღვევაც საკმაოდ ხელმისაწვდომია და შეიძლება იმაზე ნაკლებიც ღირდეს, რაც “გაუთვალისწინებელ ხარჯვებზე” ჰქონდათ გამოყოფილი. როგორც წესი ფასი მერყეობს ბიუჯეტის  2%დან 5%ამდე . ამასთან, გაუთვლისწინებელი ხარჯებიც ერთ-ერთი რისკია, რომელიც სადაზღვევო პაკეტში შედის.

M: რა კრიტერიუმებით ფასდება, როგორ უნდა დაიზღვეს ღონისძიება?

რა ბიუჯეტია გათვალისწინებული ღონისძიებაზე? რამდენი დღე გრძელდება? დაახლოებით, რამდენ სტუმარს ელიან? არის თუ არა ისეთი არტისტი, რომლის არ გამოსვლაც კონცერტის გაუქმებას გამოიწვევს?  – ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხის მიღების შემდეგ, ორ წუთში შემიძლია ვთქვა, რა დაჯდება მისი დაზღვევა და რას ავანაზღაურებთ. ეს პროცესი ძალიან მარტივია, ყოველგვარი ბიუჯეტის თანხის თუ სხვა ინფორმაციის წინასწარი დადასტურების გარეშე. ეს საბუთები მხოლოდ ზარალის დადგომის შემდეგ იქნება საჭირო. თანაც, ჩვენ ვანაზღაურებთ სწორედ იმ ფინანსურ ზარალს, რაც დაზღვევით იფარებოდა და არა, მაგალითად, სად უფრო ნაკლებად შეაკეთებდნენ, სად უფრო მეტად და ა.შ.

M: მზადაა ქართული ბაზარი ასეთი სადაზღვევო პროდუქტისთვის?

ჩვენ გვაქვს პარტნიორობის კარგი გამოცდილება ფილმის დაზღვევის მიმართულებით. ბაზრის ზრდასთან ერთად, დავაკვირდით, რომ საკმაოდ კარგი გარემოა ხელოვნების ნიმუშების დაზღვევის თვალსაზრისითაც.

“მაი ჯორჯიასთან” ერთობლივი პროექტების პარალელურად, შევხვდით ადგილობრივ გალერისტებს, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოთქვეს, გვითხრეს, რომ აქამდე ამ სერვისზე ჰქონდათ მოთხოვნა, თუმცა არ არსებობდა შესაბამისი მზღვეველი და არც დაზღვევის ეს მიმართულება.

M: რატომ შეაჩერეთ არჩევანი სადაზღვევო ბროკერზე და სახელდობრ “მაი ჯორჯიაზე”?

ახალ ბაზარზე, ჩვენ არ ვიწყებთ პირდაპირ კლიენტების ძიებას. ეს ზედმეტად დიდი სამუშაოა. ამიტომ, პარტნიორობას ბროკერთან ვიწყებთ. ბროკერებთან ურთიერთობა ჩვენთვის მოგებიანია. მათ უკვე აქვთ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება, იცნობენ მის სპეციფიკას და თუკი ჩვენ ახალ ბაზარზე შევდივართ, პირველ რიგში, სანდო ბროკერის ძიებას ვიწყებთ. საერთოდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ არც ისე ბევრ ბროკერთან ვთანამშრომლობთ, რადგან ჩვენ მათ აღვიქვამთ ოჯახის წევრებად, პარტნიორებად. სწორედ ამიტომ, მათთან ძალიან პროდუქტიული პარტნიორობა გვაქვს. რაც შეეხება “მაი ჯორჯიას”, ძალიან გონებაგახსნილი გუნდია, ჰყავთ საერთაშორისო ქსელი და მათი დონიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ჩვენთვის კარგი პარტნიორია.

საქართველოში ხელოვნების დაზღვევას სხვა სპეციფიკა აქვს, ქართველ მომხმარებელს სხვა ქცევა აქვს, საფრანგეთთან შედარებით. ბროკერებმა კი, ეს ნიუანსები კარგად იციან. ამასთან, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რამდენიმე ბროკერთან, ერთ ტერიტორიაზე, რადგან მათ ერთმანეთთან კონკურენციის გაწევა მოუხდებოდათ. გვირჩევნია, ერთ სერიოზულ ბროკერში ჩავდოთ ინვესტიცია, პროფესიონალ ადამიანებში, რომლებიც კარგად იცნობენ ბაზარს და გვირჩევენ, რა მიდგომები გამოვიყენოთ.

M: Circles Group-ისა და “მაი ჯორჯიას” ერთობლივ პროექტებზე გვიამბეთ…

დავით მახათაძე, “მაი ჯორჯიას” წარმომადგენელი: ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო ქართული ღვინის გამოფენა ბორდოში, რომლითაც დავიწყეთ. ეროვნულმა მუზეუმმა მოგვმართა და Circles Group-თან ერთად დავაზღვიეთ. დავაზღვიეთ როგორც ფერწერა, ასევე, ღვინის ჭურჭელი და სხვა ბევრი რამ, რაც ფიგურირებდა გამოფენაზე. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც არტი დავაზღვიეთ პირველად და თანაც, ასეთი მასშტაბით. ამის შემდეგ, იყო ფოტოგამოფენა “ქოლგა” და რობერ ბრესონის ფოტოების გამოფენა, რომელიც დამკვეთის მოთხოვნისამებრ, Nail to Nail პრინციპით დაეზღვა. Nail to Nail ნიშნავს, ყველა დეტალს იმ გზაზე, რასაც ექსპონატი კედლიდან კედლამდე გადის – ჩამოხსნის მომენტიდან, ტრანსპორტირების, გამოფენის, ისევ უკან დაბრუნებისა და კედელზე განთავსების ჩათვლით. ასევე, მეორე წელია, რაც TAF-ს ვაზღვევთ და გვეამაყება, რომ ამ ძალიან კარგი გამოფენის თანამონაწილეები ვართ.

M: გვენდოლინ, თქვენ ახსენეთ, რომ Circles Group-ს სადაზღვევო ტექნოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. რა იგულისხმეთ?

ერთ-ერთი, რაც Circles Group-ს გამოარჩევს არის მისი მიდგომა ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ, რაც დაზღვევის სფეროში იშვიათია. ჩვენს მოდელს აკვირდებიან უფრო მსხვილი კომპანიები. ყველაფერი ზედმეტი ქაღალდების გარეშე ხდება: პოლისის შექმნა, გამოწერა, ანაზღაურება…  ყველა ტიპის საჭიროებისთვის დაზღვევის მიღება ჩვენთან ონლაინ არის შესაძლებელი. და ამ ტექნოლოგიის დანერგვა ჩვენ 15 წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად, ბევრი ვერ ხვდებოდა, რაში სჭირდება ჩვენნაირ სერვისს ასეთი ტექნოლოგიური პლატფორმა, თუმცა დღეს გასაგებია, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდით. ჩვენი პლატფორმა არის მოქნილი და მოსახერხებელი ბროკერებისთვის, საშუალებას აძლევს რა, უფრო მეტი დრო დაუთმონ კლიენტებს და ნაკლებად დახარჯონ რესურსი ჩვენთან მიმოწერაში.

ბროკერების გარდა, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ტექნიკური მხარდაჭერა კლიენტისთვისაც. კოლექციონერს შეუძლია ონლაინ რეჟიმში ატვირთოს და დააზღვიოს ხელოვნების ნიმუში, ძალიან მარტივად, რომელზეც წვდომას სწორედ ბროკერი აძლევს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

[R]

განხილვა