in

Cisco Systems – ბრენდი, რომელიც ყოველთვის ინოვაციებს ირჩევს

Cisco Systems ცნობილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის თავის პროდუქტებს. მის პროდუქტებში კი კომპიუტერული ქსელის მოწყობილობები შედის. მისი პოპულარობა განსაკუთრებით 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში გაიზარდა, თუმცა ის დაფუძნდა 1984 წელს და მისი სათავო ოფისი კალიფორნიაში, სან ხოსეში მდებარეობს.

istoriebi
istoriebi

რადგანაც ჩვენს რუბრიკაში ცნობილი ბრენდების წარმატების ისტორიებს გიზიარებთ, ამ სტატიაშიც მოგიყვებით, თუ როგორ დაარსდა Cisco და განვითარების რა გზა გაიარა მან.

ოჯახური ბიზნესი

Cisco Systems-ის დამფუძნებლები იყვნენ ლეონარდ ბოსაკი და სანდრა ლერნერი, ცოლ-ქმარი. მართალია, მოგვიანებით ისინი განქორწინდნენ, მაგრამ იმ მომენტისთვის, როცა კომპანია დააარსეს, ერთად იყვნენ. 

წყვილი ერთმანეთს სტენფორდის უნივერსიტეტში შეხვდა. 1981 წელს ისინი ერთად მუშაობდნენ სკოლაში, სადაც კომპიუტერული აღჭურვილობის განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ. ბოსაკმა შეიმუშავა კომპიუტერული ქსელების დაკავშირების ტექნოლოგია და გააცნობიერა, რომ ის შეიძლება ძალიან მომგებიანი ყოფილიყო ფართომასშტაბიანი გამოყენებისთვის. 

სწორედ ამიტომ 1984 წლის დეკემბერში მან ლერნერთან ერთად დააარსა Cisco Systems, რომლის სახელწოდებაც მათ ქალაქ სან-ფრანცისკოდან აიღეს.

პირველი პროდუქტი

1985 წელს Cisco-მ გაყიდა თავისი პირველი პროდუქტი, ქსელური ინტერფეისის ბარათი Digital Equipment Corporation-ის კომპიუტერებისთვის. მისი პირველი დიდი წარმატება კი მომდევნო წელს მოვიდა, როცა კომპანიამ როუტერი გაყიდა.

დამფუძნებლებს გაფართოებისთვის ფულადი სახსრები სჭირდებოდათ, ამიტომ სარისკო კაპიტალის ფირმას Sequoia Capital-ს მიმართეს, რომელმაც კონტროლი აიღო კომპანიაზე და 1988 წელს პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად ჯონ მორგრიჯი დანიშნა. 1990 წელს, მას შემდეგ, რაც Cisco-მ თავისი პირველი აქციები გაყიდა, ჯერ ლერნერმა დატოვა კომპანია და მალე მას ბოსაკიც შეუერთდა. 

Cisco Systems-ის ზრდა

1990-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ სწრაფად ზრდა დაიწყო. 1993 წელს წარადგინა 7000 გაუმჯობესებული როუტერი და იმავე წელს დაიწყო სხვა კომპანიების შეძენა. პირველმა შენაძენმა, Crescendo Communications-მა, Cisco-ს საშუალება მისცა, საბოლოოდ დაემკვიდრებინა ადგილი კომპიუტერული ქსელების სექტორში. 

1998 წელს Cisco-მ იყიდა Selsius Systems, კომპანია, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა ინტერნეტკავშირების სფეროში. ის დაეხმარა Cisco-ს, რომ დომინანტური პოზიცია დაეკავებინა VoIP (Voice over Internet Protocol) ტექნოლოგიაში. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ ხმოვანი ზარები ფართოხაზოვანი ინტერნეტ კავშირის გამოყენებით.

2000-იანების პროდუქტი და შემოსავალი

2006 წელს Cisco-მ წარმოადგინა TelePresence, პროდუქტი, რომელიც ვიდეოკონფერენციის ჩატარების საშუალებას იძლევა. TelePresence-ის შექმნის იდეა იყო სხვადასხვა მდებარეობაზე მყოფი ადამიანების ერთმანეთთან ისე დაკავშირება, თითქოს ისინი ერთსა და იმავე ოთახში ესწრებოდნენ შეხვედრას. 

ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად, Cisco-ს საბაზრო კაპიტალმა $450 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინტერნეტის სწრაფად მზარდ სამყაროში ბრენდმა მოწინავე პოზიცია დაიკავა. მის მიერ შემუშავებულ გადაწყვეტებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ის პიონერი იყო ფართო სამომხმარებლო ბაზრისთვის ახალი ხელსაწყოების შეთავაზებაში.

წლების განმავლობაში, Cisco Systems ვითარდებოდა, როგორც ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიური ლანდშაფტის მუდმივად ცვალებად საჭიროებებს ერგება. ჯონ ტ. ჩემბერსმა გადამწყვეტი როლი შეასრულა კომპანიის მართვაში, თუმცა 2015 წელს იგი პენსიაზე გავიდა. 

დღეს Cisco Systems დომინანტურ ძალად რჩება კომპიუტერული ქსელისა და ტექნოლოგიების სექტორში. მისი წარმატება მუდმივ ინოვაციურობაზეა დამყარებული, რაც მის დღევანდელ ფოკუსშიც გამოიხატება. კომპანია აქტიურად მუშაობს ღრუბლოვან სერვისებსა და კიბერუსაფრთხოების პროდუქტებზე.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ შეცვლის ხელოვნური ემპათია ჩვენს ცხოვრებას?

თიბისი ფეის და VISA-ს აქცია დაიწყო