დიახ, ეს ბზარი აქ იყო და მოუთმენლად ელოდა, როდის აღმოაჩენდა ორი მეგობარი. ორბელიანის მოედნის სიახლოვეს მდგარ ძველებურ კოხტა სახლში, სულ სამი თვეა, რაც რესტორანი „ცისფერი მთები“ გაიხსნა, რომელიც შემქმნელების თქმით, ნამდვილად „შეგაქანებთ“. სტუმრების შეფასებით, ესაა ძველ თბილისში დამალული ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინო და ხმაურიანი ქალაქის შუაგულში ნამდვილი განტვირთვა მოიწყო. ყველაფერი კი ორი გურმანის ცნობისმოყვარეობით დაიწყო, რომლებმაც ლეგენდარული ფილმის ინპირაციით თავად გადაწყვიტეს თანამედროვე კონცეპტუალური გარემოსა და განსხვავებული ქართული სამზარეულოს შექმნა. „ცისფერი მთების“ ამბავი მისმა თანადამფუძნებელმა თათული კაპანაძემ გაგვიზიარა.
M: სახელწოდება „ცისფერი მთები“ მაშინვე იქცევს ყურადღებას , საიდან გაჩნდა ეს იდეა?
როდესაც რესტორნის გახსნა გადავწყვიტეთ, დავიწყეთ ისეთი ადგილის ძიება, სადაც გემრიელ სამზარეულოსთან ერთად, სტუმრებს მყუდრო გარემოს დავახვედრებდით. ერთხელაც, ორბელიანის მოედანზე მივაგენით ძველ თბილისურ ეზოს. კარი შევაღეთ თუ არა, კივის მხვიარა ტოტებით დაფარულმა ბაღმა მიიქცია ჩვენი ყურადღება, მოვიხიბლეთ გარემოთი, ატმოსფეროთი და დაუყოვნებლივ გადავწყვიტეთ შეძენა.
სივრცის განახლების პროცესში, სახლის გვერდით, ცალკე მდგომ კედელზე უზარმაზარი ბზარი შევნიშნეთ და ყველას ერთად აღმოგვხდა ცნობილი ფრაზა „ეს ბზარი იყო აქ?!“. საყვარელი ფილმის შთაგონებით მოვიდა სახელიც – „ცისფერი მთები“.
ამჟამად გვაქვს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ჩვენს სივრცეს ფილმთან აკავშირებს რაც მოგვიანებით აღმოვაჩინეთ. ჩვენი მენეჯერი გამუდმებით გვეუბნებოდა ალბათ სახელწოდების ბრალია, მართლა მაქანებს ყოველ დღე-ო. თავდაპირველად იუმორით ვუყურებდით მის ამ განცხადებას, შემდგომ კი აღმოჩნდა, მეტროს ხაზის გამო მართლაც იგრძნობა ჩვენთან „შექანებები“, რომ არაფერი ვთქვათ იმ კერძებსა და ღვინოზე რომელიც უპირველესი რამაა რაც ჩვენთან „შეგაქანებთ“
M: თბილისური სარესტორნო ინდუსტრია საკმაოდ დატვირთულია. ასეთი კონკურენტული გარემოს მიუხედავად, როგორ მიხვედით „ცისფერი მთების“ გახსნის გადაწყვეტილებამდე?
დატვირთული ყოველდღიურობის პირობებში, მე და ჩემი მეგობარი, ყოველთვის ვსტუმრობდით სხვადასხვა საკვებ ობიექტს. გემრიელი კერძების ძიებაში, ალბათ, თბილისის ყველა რესტორანი გავიცანით. საკმაოდ ბევრი ადგილი აღმოვაჩინეთ თუმცა თითოეულს მეტწილად კონკრეტული კერძის გამო ვსტუმრობდით ხოლმე.
ერთხელაც, ახლადგახსნილ რესტორანს ვეწვიეთ ლანჩზე. კერძით უკმაყოფილო ჩემმა მეგობარმა თქვა, ასეთს ხომ მეც მოვამზადებო. ვუთხარი, მოამზადე–მეთქი. დიახაც, გავაკეთებო. თანაც სრული სერიოზულობით დაამატა საკუთარი ობიექტი ხომ არ გაგვეხსნაო? უამრავ რესტორანში ვიყავით ნამყოფი და ძირითადად, ყველგან თითო კერძის სიყვარულს მივყავდით. დღეს, ძალიან ბევრი რესტორენია თბილისში. კონკურენცია დიდია, თუმცა ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც გარემოც კარგია, კერძებიც გემრიელი, სივრცეც მრავალფეროვანი და მყუდრო. ამიტომ, ძალიან მოგვინდა, ისე გვემასპინძლა ადამიანებისთვის, რომ ჩვენთან დიდი გემრიელი არჩევანი და მყუდრო გარემო ჰქონოდათ.
M: თქვენი თქმით, ეს საქმე გამოცდილების გარეშე დაიწყეთ. რით იყო სარესტორნო სფერო თქვენთვის საინტერესო, რამაც ასეთი რისკის გაწევისკენ გიბიძგათ?
არასოდეს მქონია შეხება სამზარეულოსთან. ჩემი კარიერა ზოგად მენეჯმენტს უკავშირდება. ამ დროისათვის, უძრავი ქონების ერთ-ერთ კომპანიაში, საოპერაციო დირექტორი ვარ. დიდი ხანია მაინტერესებდა სასტუმრო და ჰორეკა სექტორი, თუმცა რესტორნის გახსნაზე არ მიფიქრია. სადაც არ უნდა წავსულიყავი, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციაში, სულ ვაქცევდი ყურადღებას მომსახურების ხარისხს და ხშირად ვრჩებოდი უკმაყოფილო. ვფიქრობდი, რომ მასპინძლობისა და ჰორეკა სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება და ამ მიმართულებით მაინტერესებდა საოპერაციო ციკლის აწყობა.
ქართულ სამზარეულოს გააჩნია უდიდესი პერსპექტივა და აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მჯერა, ამ სფეროში წარმატებით მოღვაწე ადამიანებს შეუძლიათ ბევრი ახალი აღმოჩენის გაკეთება და ქართული სამზარეულოს სულ სხვა კუთხით წარმოჩენა. დარწმუნებული ვიყავი შევძლებდით საკუთარი გამორჩეული და ავთენტური სამზარეულოს შექმნას რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა მომხმარებლებზე.
წარმატებული ბიზნესის საფუძველი პროფესიონალი და გულანთებული ადამიანებია, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე. ვფიქრობდი, სწორი ადამიანების პოვნის შემთხვევაში, საოპერაციო მიმართულების აწყობა ბევრად გამიადვილდებოდა. მთავარი ამოცანა ამ ადამიანების პოვნა იყო.
M: როგორ არის შემუშავებული ინტერიერი და მენიუ?
ინტერიერი ძველებური ელემენტებით გავაფორმეთ და თანამედროვე დეტალები შევუხამეთ. მყუდრო გარემო სამ სივრცედ იყოფა – ეზო, ზედა და ქვედა სივრცეები. ზედა სივრცე მშვიდი სასიამოვნო ვახშმისათვის და საწვეულებოდ ძალიან კომფორტულია. ეზოს სამუშაო სივრცედ ირჩევენ ხოლმე უცხოელები და ჩვენც მშვიდი ფონური მუსიკით ვუწყობთ ხელს. ქვედა სივრცეში განთავსებულია ბარი, სადაც მუსიკის ფონზე უფრო გვიან საათებში ვმასპინძლობთ სტუმრებს.
რაც შეეხება მენიუსა და სამზარეულოს, დაგვეხმარა ახალგაზრდა შეფმზარეული, რომელმაც ლონდონში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში სამუშაოდ გამგზავრებამდე, თვენახევარში ჩამოგვაყალიბებინა ყველაფერი. მანვე დააკომპლექტა ახალგაზრდა გუნდი, რომლის წევრებსაც სხვადასხვა კარგ რესტორნებში აქვთ ნამუშევარი. ჩვენს სტუმრებს ვახვედრებთ თანამედროვე ქართულ სამზარეულოს, შეფების მიერ შექმნილი ექსკლუზიური კერძებით.
M: თქვენთვის რას ნიშნავს ეს საქმე და რას გეგმავთ სამომავლოდ?
აბსოლუტურად ყველა დეტალში ვიყავით ჩართულები და დაძაბული რეჟიმისა და ღამეების თენების მიუხედავად, მივიღეთ ის, რაც არის დღეს. ღრმად მწამს, რაშიც შენს ენერგიას, რესურსებსა და სიყვარულს დებ, აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმდენად დიდია სტუმრების დადებითი შეფასება, ეს გვავსებს და გვარწმუნებს, რომ დაუღალავი შრომა ამად ღირდა.
ამ საქმეს არ ვუყურებთ „ფულის შოვნის“ საშუალებად. ესაა აწ უკვე საყვარელი საქმიანობა, რაშიც ენთუზიაზმით ჩავერთეთ და გამოგვივიდა. „ცისფერი მთების“ სრული დატვირთვით ამუშავებისა და თავის დამკვიდრების შემდეგ, გვინდა, მსგავსი კონცეფციის სხვა რესტორნებიც გავხსნათ.
[R]