თბილისში ახალი ფიტნეს ცენტრი გაიხსნა. თუმცა, მამაკაცებო, ნუ იჩქარებთ მისვლას, რადგან City Fitness მხოლოდ ქალბატონებს მასპინძლობს. აქ აქცენტი ჯგუფურ ვარჯიშზე, კომფორტსა და განტვირთვაზე კეთდება. ცენტრის მიზნებს მათი სლოგანიც პასუხობს: – “სწორი ვარჯიში კომფორტულ გარემოში”. City fitness-ის დამფუძნებელმა, ნათია ფარცხალაძემ მარკეტერთან ფიტნეს ცენტრის სერვისებსა და ამ ბიზნესის წამოწყების ისტორიაზე ისაუბრა.
M: როგორია City Fitness-ის კონცეფცია?
“სითი ფიტნესი” მხოლოდ ქალებისთვისაა და სწორ ვარჯიშსა და განტვირთვაზეა ორიენტირებული. ჩვენ იმ ქალბატონებზე გვაქვს გათვლა, ვისაც თავის მოვლა და შედეგის მიღწევა სურს. კლუბი ორიენტირებულია ჯგუფურ ვარჯიშებზე და აქ არ არის სატრენაჟორო დარბაზები.
M: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
გვაქვს აერობიკის ფართო არჩევანი, ასევე, იოგა, პილატესი, ცეკვები და ტაბატა. ტაბატა საქართველოსთვის სიახლეა: ეს მაღალი ინტენსივობის, ნახევარსაათიანი კარდიო ვარჯიშებია, რომელსაც ფიტნეს საოცრებას უწოდებენ, რადგან ტრენაჟორებზე 2 საათიან ვარჯიშს უტოლდება და გასახდომადაც ეფექტიანია. გვაქვს ორთქლის საუნა, რომელიც ჩვენი კლუბის წევრებისთვის უფასოა ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემთხვევაში. გვყავს თერაპევტები და მასაჟების ფართო არჩევანი. ამის გარდა, გვაქვს დიეტოლოგის მიერ გაკეთებული დეტოქს პროგრამები. აქ არის ვერანდაც, სადაც იოგას ვარჯიშები ტარდება და გარუჯვაც შესაძლებელია. ფიტნეს ცენტრში განთავსებულია Flash bar, სადაც სმუზები იყიდება.
M: როგორ გაჩნდა ფიტნეს ცენტრის შექმნის იდეა?
მე თვითონ ვიყავი ფიტნეს კლუბების აქტიური მომხმარებელი და ვხედავდი, რომ არ იყო ისეთი კლუბები, სადაც იქნებოდა მაქსიმალური კომფორტი, თავისი სავენტილაციო სისტემითა და კონდიცირებით, კომფორტული საშხაპეებით, შესანახი საკნებით და ამავდროულად იქნებოდა ხელმისაწვდომი. ვარჯიშის კულტურა თანდათან მაღალ დონეზე ადის და მომხმარებელს, ხარისხიან ვარჯიშთან ერთად, კომფორტული გარემოც სჭირდება. დღეს მომხმარებელი პროფესიონალ ინსტრუქტორებს ითხოვს და აქვს იმის ცოდნა და გამოცდილება, რომ ჰქონდეს ხარისხიანი მომსახურეობისა და კომფორტული გარემოს პრეტენზია. შეზღუდული დროის პირობებში, ადამიანმა ზედმეტი დრო არ უნდა დაკარგოს, ვარჯიშის გარდა, სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. უბრალოდ, უნდა მივიდეს დარბაზში, ივარჯიშოს, მიიღოს სიამოვნება და განიტვირთოს კომფორტულ გარემოში. ამიტომაც, გამიჩნდა იდეა, თავად შემექმნა ისეთი ფიტნეს ცენტრი, სადაც ეს ყველაფერი იქნებოდა.
M: როგორ დაიწყეთ ეს ბიზნესი?
პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ჩემი კარიერა ტელევიზიით დაიწო და მოგვიანებით პიარში გადავედი. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი ბიზნესი დამეწყო და ბევრი იდეაც მქონდა. როდესაც მივხვდი, რომ საქართველოში ვარჯიშმა პოპულარობა მოიპოვა და საკმაოდ პერსპექტიული ბიზნესი გახდა, მივხვდი, რომ აქაური ბაზარი მზად იყო ასეთი ფიტნეს ცენტრის გასახსნელად.
როდესაც ცენტრის გაკეთება გადავწყვიტე, მივმართე პროფესიონალებს, რომლებიც ბიზნეს გეგმას ადგენენ. გვინდოდა, მოგვესინჯა, რამდენად სიცოცხლისუნრიანი და ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდებოდა ეს მოდელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კვლევები ჩავატარეთ და სწორედ აქედან გამომდინარე გაირკვა, რომ ქალებს მამაკაცებისაგან განცალკევებით ერჩივნათ ვარჯიში და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ფიტნეს ცენტრი მხოლოდ ქალებისთვის.
M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
სტანდარტული პაკეტის ღირებულება 139 ლარია. ამაში შედის კვირაში 3-ჯერ 1 კონკრეტული ვარჯიში. არის 230 ლარიანი ულიმიტო საწევრო პაკეტი, რომელშიც შედის ნებისმიერი სახის, შეუზღუდავი რაოდენობის ვარჯიში. ერთჯერადი შემოსვლა კი 20 ლარი ღირს.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ფიტნეს ცენტრი ქსელური იქნება და ჯამში 10 ფილიალი გაიხსნება. პირველი ფილიალი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და მალე მეორეც შეემატება.