City Pop ნიკოლას დემიენსის ფოტოპროექტია, რომელიც სინგაპურის შენობების, პალმებისა და ოკეანეების დოკუმენტირებულ სახეს გვიჩვენებს. აქ პასტელური და მკვეთრი ფერების სინთეზით ნოსტალგიური განწყობა იქმნება. მიუხედავად ასეთი ეფექტურობისა, საგულისხმოა, რომ ყოველი კადრი სპონტანურობის შედეგია, რასაც შემდეგ შესაბამისი დამუშავება მოსდევს.
„ჩემი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი მათი დამუშავებაა, რათა კარგად დაბალანსებული კომპოზიციები მივიღო. ვაქრობ ზედმეტ დეტალებს, ვაკორექტირებ ფერებს და ასე ვიღებ სასურველ რეტრო ატმოსფეროს“, — აღნიშნავს ნიკოლასი. ასევე დასძენს, რომ მოგზაურობა მნიშვნელოვნად აფართოებს შემოქმედებით ხედვას. ვინაიდან პარიზიდან სინგაპურში გადავიდა, ეს საკუთარ თავზე გამოცადა, როგორც ყველაფრის ეგზოტიკურად აღქმის საშუალება.
გეომეტრია, მინიმალიზმი და ფერი კი ამ ფოტოსერიის მთავარი ინგრედიენტებია.














