ბიზნეს ინკუბატორი, იმიტირებული ბანკი, საერთო სამუშაო სივრცე – ეს იმ პროექტების მხოლოდ ნაწილია, რასაც ფაკულტეტის აქტიური გუნდი სასწავლო პროცესში ნერგავს. ფაკულტეტი გარდაიქმნა პლატფორმად, სადაც პრაქტიკაზე დაფუძნებულ აკადემიურ სწავლებასთან ერთად, სტუდენტები დაეუფლებიან ბიზნეს სამყაროსთვის აუცილებელ უნარებს. თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვა ინტერკულტურული განათლებითა და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრების შერწყმით, სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობაა. სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ რეალურ პროექტებში, ითანამშრომლონ გამოცდილ მეწარმეებთან, იმუშაონ რეალურ ქეისებზე, წარმართონ კვლევები, აღმოაჩინონ ბაზრის საჭიროებები და საკუთარი იდეების რეალიზებით გადაჭრან მომხმარებლების პრობლემები.
როგორია მიმდინარე პროექტები რა სიახლეები და შესაძლებლობები ელით CIU-ის სტუდენტებს? სანამ აბიტურიენტები საუნივერსიტეტო სეზონისთვის ემზადებიან, ამ საკითხებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიები ფაკულტეტის დეკანს, მარიკა კლდიაშვილს ვესაუბრეთ.
M: რა აქტუალური მიმართულებები შეინიშნება საგანმანათლებლო ბაზარზე, თქვენს სფეროში?
მეწარმეობა და ინოვაციები წამყვანი ტენდენციაა ქვეყნის მასშტაბით, არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესში, არამედ დიდ კომპანიებშიც, რომლებიც ხშირად პატარა სტარტაპებისგან სწავლობენ. ეს გახლავთ ორი დამოუკიდებელი და ამავდროულად, საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებული მიმართულება. ჩვენი ფაკულტეტისთვის და ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, ბიზნესის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. აქ ვზრდით ადამიანურ რესურსს როგორც ბიზნესის ხელმძღვანელობისთვის, ასევე, დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ორიენტირი აღებული გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესისკენ. ჩვენი ამოცანაა, რომ სტუდენტებისთვის უზრუნველვყოთ სამეწარმეო ბაზა, რაც საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებაში სჭირდებათ. ჩვენ ვეხმარებით, რომ განავითარონ პროდუქტი, მომსახურება, ბიზნეს მოდელი, სისტემა და იყვნენ კონკურენტუნარიანები.
M: რა სიახლეები ელით წლევანდელი მიღების სტუდენტებს CIU-ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე?
აკადემიურ სივრცეში ყოფნამ და ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიებში ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის 23-წლიანმა სიყვარულმა მიმიყვანა აზრამდე, რომ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი იდეები რაც შეიძლება მალე გადაიტანონ პრაქტიკაში. ამ მიზნით, ფაკულტეტზე გაიხსნა იმიტირებული ბანკი, ყველა იმ ატრიბუტით აღჭურვილი, რომელიც ბანკს უნდა გააჩნდეს. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბანკთან და საშუალებას ვაძლევთ იმიტირებული ბანკი გამოიყენონ პლატფორმად და სტუდენტებს თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გაუზიარონ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობას ვიწყებთ ფინტექ ასოციაციასთან და ელექტრონული კომერციის ასოციაციასთან. მთლიანობაში, გვინდა სრულად მოვიცვათ ის სიახლეები, რაც საფინანსო სფეროში ხდება. იმიტირებული ბანკი არის საბანკო პროცესების შესწავლის საშუალებაც და ერთგვარი პლატფორმაც, ფინანსურ სექტორთან კომუნიკაციისთვის. ეს პრაქტიკა აუცილებლად გაგრძელდება და უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს.
M: კიდევ, რა პროექტები ხორციელდება ფაკულტეტის მასშტაბით?
ფაკულტეტის ბაზაზე გვაქვს ბიზნეს ინკუბატორის პროგრამა, რომელიც სტუდენტებს იდეიდან ბიზნეს გეგმამდე მისვლაში ეხმარებათ. ამ წლის შემოდგომაზე დაიგეგმება დემო-დღე, სადაც ჟიური გამარჯვებულ გუნდს შეარჩევს.
ხშირად ვიწვევთ წარმატებულ მეწარმეებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და რჩევებს აძლევენ სტუდენტებს. ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასოციაცია „სმედასთან“ ასევე, მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული საცალო ვაჭრობის ასოციაციასთან და ვაფორმებთ დისტრიბუციის ასოციაციასთან. ინკუბაციის პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება და ეტაპობრივად უმჯობესდება.
სულ ცოტა ხნის წინ, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიხსნა საპროექტო სივრცე, ქო-ვორქინგი სტუდენტებისთვის, სადაც ტარდება ბიზნეს ინკუბატორის პროგრამის შეხვედრები, კარიერული განვითარების სპეციალისტების, ქოუჩებისა და პრაქტიკოსი მეწარმეების მიერ, რომელთაც სტუდენტებისთვის სასარგებლო გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. ეს ყველაფერი ერთი მხრივ, სტუდენტების, მეორე მხრივ კი ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარეა დაგეგმილი.
მნიშვნელოვანია კვლევით მიმართულება. გადავწყვიტეთ, ამ კუთხით დავგეგმოთ და განვახორციელოთ ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებშიც ჩაერთვებიან ჩვენი სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, აბიტურიენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი. არაერთი აქტუალური საკითხია, რაშიც შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა, მაგალითად, სასურსათო ნარჩენების მართვის მიმართულებით დავიწყეთ კვლევა, რის შედეგადაც, სტუდენტები ბაზრის მოთამაშეებს შეხვდებიან. ისინი შეეცდებიან დაადგინონ მიმდინარე პრობლემები და თავიანთი იდეებით უპასუხონ არსებულ გამოწვევებს. ამ მიზნით სხვადასხვა ასოციაციასთან დავიწყეთ თანამშრომლობა და აუცილებლად ვაპირებთ უფრო აქტიურად ჩართვას. უკვე წარმატებით შედგა ეს პროექტი, ჩვენი პარტნიორები იყვნენ კომპანია ავერსი, რესტორნების ქსელი – Strada, კომპანია ბიბლუსი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია – SMEDA, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და FAO გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.
ჩვენი კიდევ ერთი პროექტია ბიზნესკლინიკა, რომლის მიზანია ერთი მხრივ, სტუდენტები უზრუნველვყოთ საჭირო ცოდნით, მეორე მხრივ, ჩავრთოთ და ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს ბიზნეს პროცესები. „სმედასთან“ და პარტნიორ ასოციაციებთან ერთად, მუდმივად ვიწვევთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა საჭიროებებზე ორიენტირებით, ჩვენი ფაკულტეტის სპეციალისტები ვუწევთ მენტორინგს და ვეძებთ ეფექტურ გამოსავალს. ესაა ინოვაციური სწავლების ერთ-ერთი მეთოდი და ამასთან, ფაკულტეტის CSR მიმართულება, რითაც რეალურად ვეხმარებით ბიზნესებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2023 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის ფარგლებში ჩატარდება „საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“, ღონისძიების თანამონაწილე ორგანიზაციები არიან ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია).
M: როგორია ფაკულტეტის სასწავლო სტრატეგია?
მსხვილ კომპანიაში დასაქმება ხშირად, რამდენიმეთვიან სწავლებასთან არის დაკავშირებული. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ სტუდენტი დამსაქმებლებთან არასაკმარისი ცოდნით მიდის. ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ, რა ცოდნა და უნარები ესაჭიროება სტუდენტს, რომ შევავსოთ ეს დანაკლისი. ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, გვინდა სწორედ ამ საკითხზე ვიმუშაოთ.
სწავლებაში მაქსიმალურად ინტეგრირებულია პრაქტიკული მიდგომა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტურიზმი, რომლის სწავლებებიც უშუალოდ სასტუმროებში, სამუშაო პროცესში მიმდინარეობს, სადაც შემდეგ მათი სამუშაო გარემო უნდა იყოს.
ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინფორმაციული სისტემების მართვა, პროექტის მართვის თანამედროვე მიდგომები, ეჯაილ ტრანსფორმაციები ბიზნესში, ლიდერობის თანამედროვე კონცეფციები, ემოციური ინტელექტის როლი ბიზნესში და ის ტექნოლოგიები ან მიდგომები, რომლებიც ბიზნესთან არის გაერთიანებული.
M: როგორაა დაკომპლექტებული ფაკულტეტის გუნდი?
ფაკულტეტი საკმაოდ დიდია და ბევრ აკადემიურ სპეციალისტს აერთიანებს. ვცდილობთ, სასწავლო პროცესში ჩართულები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება აკადემიური და პრაქტიკული მიმართულებებით. გვინდა, შევქმნათ ქართული ქეისების კრებული, სადაც ადგილობრივი პროექტების შესახებ იქნება ინფორმაცია გაერთიანებული. ფაკულტეტზე მუდმივად მიმდინარეობს განხილვა, ბრეინშტორმინგი, ხშირად ვმასპინძლობთ სტუმრებს, ამდენად, ჩვენი სტუდენტისთვის სიცოცხლე ჩქეფს. ჩვენთან სტუდენტები ბუნებრივად ხდებიან აქტიური და მეგობრული გარემოს წევრები, სადაც მათი ხმა ისმის და სადაც მათ უსმენენ. CIU-ში ვცდილობთ, გავზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც მზად იქნება ადაპტაციისა და ცვლილებებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ საბაზისო ცოდნა და უნარები შემდგომი განვითარებისთვის.
М: თქვენთვის, როგორც ამ პროფესიის ადამიანისთვის რას ნიშნავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელმძღვანელობა?
დიახ, ჩემი საქმიანობა ამ ფაკულტეტთან არის კავშირში. პროფესიით კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი ვარ. ასევე, გახლავართ სერტიფიცირებული ბიზნეს ანალიტიკოსი და პროექტის მართვის პროფესიონალი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და ცვლილებების მართვის ექსპერტი. 18 წლის ასაკში, როდესაც პროფესია ავირჩიე, ნაკლებად აქტუალური იყო ჩემთვის, თუმცა დღეს უდიდესი ინტერესის საგანია. პროგრამისტის პროფესიით მოვხვდი საბანკო სივრცეში და მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ისეთ პროექტებში, რომლითაც არამხოლოდ შევცვალეთ მაშინდელი საბანკო პროდუქტები და მომსახურება, არამედ განვავითარეთ მომხმარებლის ქცევა და ერთგვარად გავხადეთ ტექნოლოგიები მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილი. ვიყავი პირველი გოგო-პროგრამისტი ბანკის აიტი გუნდში და მაშინ შევპირდი საკუთარ თავს, რომ ხელს შევუწყობ ამ პროფესიით დაინტერესებულ ქალბატონებს. პირველი ინტერნეტ ბანკის დანერგვის შემდეგ მივხდი, რომ მომავალი სრულიად ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისაა და დღემდე ვცდილობ, ჩემი საქმიანობით ხელი შევუწყო დარგის განვითარებას.
M: რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა CIU?
ერთ-ერთი უპირატესობა, რატომაც უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, არის აკადემიური პროგრამების მრავალფეროვნება. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პროგრამები იმის მიხედვით, თუ რა აინტერესებს სტუდენტს. ჩვენი ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება. თითოეულ სტუდენტსა და მის საჭიროებებს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. გვაქვს საკმაოდ მოქნილი სტუდენტური სერვისები, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და ევროპულ უნივერსიტეტთან ხელმისაწვდომი გაცვლითი პროგრამები.
#1 პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, სტუდენტი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს. ასევე, 40%-იანი შეღავათის მოპოვება შეუძლიათ ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულებს.
ამასთან, აბიტურიენტები ციფრული ტექნოლოგიების კურსზე 1000-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, ასევე, უცხო ენების კურსისთვის 2000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. დამატებით, სხვადასხვა ფინანსური შეღავათით ისარგებლებენ, რაც მათი სწავლის ხარისხით იქნება განპირობებული.
ფაკულტეტზე ხელს ვუწყობთ სტუდენტების უნივერსიტეტში დასაქმებას, ამიტომ, ხშირად გვაქვს შიდა სტაჟირების პროგრამა. ჩვენი სასწავლო სისტემა ვითარდება სტუდენტებთან თანამშრომლობით. სტუდენტურ საბჭოსთან ერთად გუნდურად ვმუშაობთ, განვსაზღვრავთ, ვგეგმავთ და ვაანალიზებთ მიმდინარე საჭიროებებს.
სამომავლოდ, დაგეგმილი გვაქვს დამატებით სხვადასხვა ლაბორატორიის გახსნა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ზამთრის ბანაკი და ა.შ.
სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაგიზიარებთ.
[R]