in

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოების კვლევები“

რა გახსენდებათ პირველი გლობალურ უსაფრთხოებაზე? თანამედროვე, შეუქცევადი პოლიტიკური პროცესები, კორონავირუსი, კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი – ამ კითხვებზე  პასუხი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაში, „გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოების კვლევები“ შეგიძლიათ იპოვოთ.

2-წლიანმა და 120-კრედიტიანმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ უკვე გაიარა ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 წელიწადში 30 სტუდენტს მაგისტრის ხარისხი უსაფრთხოების კვლევებში მიენიჭებათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 29 მარტამდე დარეგისტრირებული 30 სტუდენტი ახალ სამაგისტრო პროგრამაზე უფასოდ ისწავლის. მათ სწავლას „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში“ დააფინანსებს.

„გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერი მიმართულების/სპეციალობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

პროგრამაზე სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია:

  • მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში

პროგრამის ხელმძღვანელი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაიაა. იგი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ისეთ ანალიტიკოსებზე გამოვლინდა მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, რომლებსაც შეეძლებათ არა მხოლოდ მსგავსი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება, პრევენცია და შედეგების ანალიტიკური დაგეგმვის მოდელირება, არამედ მათი სწორი პროგნოზირებაც.

„დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროგრამის არსებობა აუცილებლად  შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას და  კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც საქართველოს საშუალებას  მისცემს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით, რეგიონში გადაიქცეს თავისებურ ჰაბად და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო კადრების მომზადების ცენტრად“, – აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

პროგრამის აქტუალობის, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, სასწავლო მოდულებისა და აკადემიური პერსონალის შესახებ გვესაუბრება კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი. 

რამდენად აქტუალურია დღეს „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის შექმნა?

მარინა გედევანიშვილი: თანამედროვე ეტაპზე უსაფრთხოებამ გლობალური ხასიათი მიიღო, რაც გამოწვეულია გლობალიზაციისა და ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებით. შესაბამისად,  საფრთხეების და რისკების ეფექტი უკვე გლობალურ პოლიტიკურ დონეზე განიხილება, ამიტომაც გაჩნდა ახალი ტერმინი – „გლობალური უსაფრთხოება“უსაფრთხოების ისეთი მოდელი, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მეშვეობით და დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებზე, რომელთა განხორციელება სახელმწიფოებს, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის აქტორებს, ავალდებულებს უფრო მეტად გაუფრთხილდნენ სუვერენიტეტს, ხოლო მისი უხეში დარღვევის შემთხვევაში, პასუხი აგონ.

აღსანიშნავია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა უსაფრთხოების კვლევების კვალიფიციურ სპეციალისტებზე  როგორც  სახელმწიფო უწყებებში, ისე სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამდენად, საქართველოში ამ კვალიფიკაციის აკადემიური და სამეცნიერო სფეროს სპეციალისტების მომზადების პრაქტიკული დანიშნულებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

რა სასწავლო მოდულებს შეიცავს პროგრამა?

თანამედროვეობამ მოიტანა იმის საჭიროება, რომ ამ დარგში სპეციალისტებმა შეისწავლონ თუ რა არის ჰიბრიდული ომის თეორია და ანალიზი; სამხედრო სტრატეგია და გლობალიზაცია; ეკონომიკური უსაფრთხოების ანალიზი; ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიზი და ანალიტიკური მოდელები; კიბერუსაფრთხოება და კიბერთავდაცვა,  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები  და ა.შ.

ასევე სხვა, ტრადიციული და უკვე გამოცდილი კურსებიც, როგორიცაა: უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების თეორია და პრაქტიკა, გლობალური პოლიტიკის პრობლემები, რეგიონული უსაფრთხოების კვლევები (შავი ზღვის აუზი, პოსტსაბჭოთა სივრცე), ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა.

პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სამ სავალდებულო ბლოკს – სამხედრო უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება და საინფორმაციო უსაფრთხოება.

რაც შეეხება სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებს, ისინი სტუდენტს საშუალებას აძლევენ  კიდევ უფრო ფართოდ გააცნობიეროს უსაფრთხოების კვლევების როლი და ადგილი დღევანდელ რეალობაში.

რაც შეეხება სასწავლო ლიტერატურას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დღეისათვის არის ყველა სასწავლო კურსის შესაბამისი სავალდებულო ლიტერატურა და სასწავლო მასალები.

რას იტყვით პროგრამის განხორციელებაში  ჩართული აკადემიური პერსონალის შესახებ?

აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამაზე ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი პროფესორები, მეცნიერები და დარგის გამოცდილი ექსპერტები. რაც შეეხება უცხოელი ექსპერტების ჩართვას  პროგრამის განხორციელებაში, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია მათი აქტიური ჩართულობა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ექსპერტები ჩვენს სტუდენტებს გლობალური უსაფრთხოების თემებზე სიახლეებს გაუზიარებენ და  ჩაერთვებიან  მათი სამაგისტრო თეზისის შერჩევაში. სამომავლოდ კი იგეგმება სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე, კომისიის წევრებად არა მხოლოდ პროგრამაში უკვე ჩართული, არამედ სხვა უცხოელი ექსპერტების მოწვევაც. 

აქვს თუ არა უნივერსიტეტს ამ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა?

პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას ხელს შეუწყობს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი:

  • კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია;
  • კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევის ცენტრი;
  • ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრი;
  • ნატოსა და ევროკავშირის კვლევების ცენტრი.

გარდა ამისა, უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული არაერთ სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელთა ბაზაზეც სტუდენტები III სემესტრში გაივლიან პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას.

ახალი სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია კანადის, არგენტინის, პოლონეთის, უკრაინის და ცენტრალური ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამისი სპეციალობის პროფესორებთან და დარგის  გამოცდილ ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, რომლებიც, ქართველ პროფესორებთან ერთად უშუალოდ იქნებიან ჩართულნი ამ პროგრამის განხორციელებაში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერებმა უძველესი დნმ აღმოაჩინეს!

როგორ ჟღერს წითელი პლანეტა? – NASA “პერსევერანსის” აუდიოჩანაწერს გვიზიარებს