8
May
2019

უსაფრთხო სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა, როგორც ადამიანის უფლება

8 May 2019

ადამიანის უფლება მისი ერთგვარი შესაძლებლობაა, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად გარკვეული ქმედება განახორციელოს. ადამიანის უფლებათა განსაზღვრული რიცხვი არ არსებობს, მაგრამ არსებობს გზები, რომლებითაც მათი დაცვაა შესაძლებელი. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხო სასმელ წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის უფლებას.

ადამიანსდღესდღეობით, მრავალი რამისთვის უწევს ბრძოლა. ნორმალური საცხოვრებელი პირობები ბევრისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობა მწვავედ განიცდის სანიტარიულ-ჰიგიენურ პრობლემებს. ამის დასადასტურებლად რეგიონებში არსებული სკოლებისა და თავშესაფრებისთვის თვალის შევლებაც კმარა. რეალურად, წყალი და, მით უმეტეს, უსაფრთხო, ის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც ადამიანს სიცოცხლისთვის და ღირსეული საცხოვრებელი გარემოსათვის სჭირდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization) მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში სიკვდილიანობის 10 ძირითადი მიზეზიდან დიარეით მიმდინარე დაავადებები მეხუთე წამყვანი მიზეზია, ხოლო 5 წლამდე ბავშვებში – მეორე წამყვანი მიზეზი. შემთხვევათა 88% განპირობებულია დაბინძურებული სასმელი წყლითა და არაადეკვატური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით.

რას ნიშნავს წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება?

„საკმარისი რაოდენობის, უსაფრთხო, მისაღები/შესაბამისი, ფიზიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი წყალი პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის“.

წყალზე ადამიანის უფლება ნიშნავს თითოეული ადამიანის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარისი რაოდენობის, უსაფრთხო, შესაბამისი ხარისხის, ფიზიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომ წყალზე პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის.

„ჩვენ ყველას ერთი და იგივე რამ გვსურს. ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე. ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც ადამიანები არ დაავადდებიან დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარების შედეგად, არ მოიწამლებიან ადეკვატური სანიტარიული პირობების არქონის გამო. კარგი ამბავი არის ის, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ჩვენ ერთად ამას შევძლებთ“ – კატერინა დე ალბუკერკი, გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებელი უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ. ბერლინი, 2011 წლის მაისი.

გლობალურად სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა ანთროპოგენური ზემოქმედების გამო ადგილი აქვს წყლის რესურსების, მათ შორის, სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების წყაროების ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებას, დანაკარგებსა და წყლის დეფიციტს.

ყოველივე ეს მრავალი თაობისთვის მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის თვალსაზრისით, წარმოშობს რისკფაქტორებს, რაც ასახვას პოვებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნულს ემატება გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პროცესების ნეგატიური ზეგავლენა.

„თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრებისა და საკვების ისეთი დონე, რომელიც საჭიროა მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“ – გაერო–ს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაერო–ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაერო–ს ბავშვთა ფონდის ანგარიშში ჩამოყალიბებულია წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სექტორის (WASH) ზოგადი ხედვა და მოიცავს ადამიანის უფლებებსა და გლობალურ მონიტორინგს, რომლის მიხედვით:

ყველა ადამიანს ხელი უნდა მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალზე;

არც ერთი ადამიანი აღარ უნდა იყოს იძულებული, მიმართოს ღია დეფეკაციას;

სანიტარიული და ჰიგიენური პირობები უნდა იყოს საყოველთაო;

ყველა სკოლამდელ, სასკოლო და სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს წყალი, სანიტარიულ-ტექნიკური საშუალებები და ჰიგიენის უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

წყალმომარაგება, სანიტარია და ჰიგიენა უნდა იყოს მდგრადი;

აღმოფხვრილ უნდა იქნეს უთანასწორობა წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობისადმი.

საქართველოში აღნიშნული უფლებების დაცვისა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN მუშაობს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს რეგიონებში WaSH თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ცნობიერების ამაღლების, ქალებისა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობითა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზით.

 

განხილვა