ლომის ღრიალი, ხეზე ჩიტების ჭიკჭიკი, ცხენის ჭიხვინი და ოთხფეხა მეგობრების ყეფაც კი შეიძლება, მალე საუბრად ჩაგვესმას. ყველა ცხოველთან საუბრის შესაძლებლობა ყოველთვის მიუღწეველ ოცნებად გვესახებოდა, მაგრამ მეცნიერთა ერთი გუნდი მზად არის, ვითარება შეცვალოს — მკვლევრები სწავლობენ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის გავლენას ამ არსებების საუბრის გაგება/თარგმნაზე.
უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, დედამიწის სახეობების არაკომერციულმა პროექტმა (ESP) სახეობათაშორისი კომუნიკაციის ამ შორეული მომავლის გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ მანქანათმცოდნეობის მოდელებს შეუძლიათ შექმნან ახალი შეხედულებები არაადამიანური კომუნიკაციის შესახებ და გვჯერა, ამ ახალ მეთოდებზე დაფუძნებულ აღმოჩენებს ბუნებასთან ურთიერთობის შეცვლა შეუძლია“, — ვკითხულობთ ორგანიზაციის ბლოგპოსტში.
შეიძლება, AI-ის შესაძლებლობებს უსასრულოდ აღიქვამდეთ და გიკვირდეთ, რატომ ვერ მოხერხდა ეს აქამდე? რეალურად, მანქანათმცოდნეობის ერთ-ერთ პირველ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ძნელი იყო ცხოველებისგან მონაცემების მიღება. შედეგად, ამჟამადაც გუნდი მეცნიერთა ჯგუფს ეყრდნობა — თითოეული მათგანი კონკრეტულ სახეობას შეისწავლის, რათა შეგროვებული მონაცემების გაშიფვრა მოხერხდეს.
ასევე, განიხილავენ იმ ვერსიასაც, რომ მოდელი, შესაძლოა, მხოლოდ იმ მონაცემებს ეფუძნებოდეს, რომლებიც უკვე ცნობილია ველურ ბუნებასთან კომუნიკაციის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, სისტემა იმის გარკვევაში დაგვეხმარება, რა პირობებში აგზავნიან ცხოველები გარკვეულ სიგნალებს და როგორ განსხვავდება კომუნიკაციის სტრატეგიები სახეობებისა თუ პოპულაციების მიხედვით.
ამ ყველაფრისთვის, ESP ქმნის მეთოდებს, რომლებიც დაფუძნებულია კომპიუტერული ხედვის უახლეს მიღწევებზე. გარდა ამისა, გუნდი ატარებს ექსპერიმენტებს სახეობების ვოკალიზაციის მეშვეობით, მათი მოძრაობის პროგნოზირებისთვის. თანაც, ასა რასკინმა, ESP-ის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, პირველ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ შედეგები არ შემოიფარგლება მხოლოდ შინაური ცხოველებით, არამედ მოიცავს ყველა სახეობას.
მართალია, მთელი ცხოველთა სამყაროს ენის გაგების იდეა მშვენივრად გვეჩვენება, მაგრამ ეს კიდევ უფრო ართულებს მისიას… ადამიანების მსგავსად, გარეული ცხოველებიც იყენებენ კომუნიკაციის არავერბალურ ნიშნებს.
დაბოლოს, ESP აღნიშნავს, რომ ის ჩაატარებს კვლევას ეთიკურად, ველურ ბუნებისთვის ზიანის მიყენების ან რაიმე საფრთხის გამოწვევის გარეშე.