in

Claude-ის მეხსიერების განახლება: AI ჩატსა და Cowork-ს შორის ინფორმაციას აღარ დაკარგავს

Lenovo
Lenovo

Anthropic-მა Claude-ის მეხსიერების სისტემის მნიშვნელოვანი განახლება დააანონსა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ერთი სივრციდან მეორეში გადასვლისას უკვე მიღებული ინფორმაცია ხელოვნურ ინტელექტს აღარ გაუმეორონ. განახლების შედეგად, ჩატისა და Claude Cowork-ის მეხსიერების სისტემები გაერთიანდება და Claude სხვადასხვა სამუშაო გარემოში მიღებულ ინფორმაციას ერთიანად დაიმახსოვრებს.

ამასთან, მომხმარებლებს შეეძლებათ, თავად ნახონ, რა ინფორმაცია აქვს Claude-ს დამახსოვრებული, საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ ან წაშალონ კონკრეტული ჩანაწერები.

განახლების მთავარი მიზანი Claude-ის გამოყენების პროცესის გამარტივებაა. აქამდე შესაძლებელი იყო, რომ მომხმარებელს Claude-თან ჩატში პროექტის შესახებ არაერთი დეტალი განეხილა, მაგრამ შემდეგ, როდესაც საქმეზე მუშაობა Claude Cowork-ში უნდა გაგრძელებულიყო, იმავე ინფორმაციის თავიდან მიწოდება სჭირდებოდა. მეხსიერების გაერთიანება ამ პროცესს უფრო უწყვეტს გახდის და Claude-ს ერთი, ერთიანი ასისტენტის მსგავსად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

მაგალითად, თუ მომხმარებელი ჩატში კონფერენციის დაგეგმვაზე მსჯელობდა და მოგვიანებით ღონისძიებისთვის დღის წესრიგის შედგენა დასჭირდა, Cowork-ს უკვე ეცოდინება პროექტის ძირითადი დეტალები. მათ შორის, ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა, ქალაქი და დაგეგმილი სპიკერები, ამიტომ ამ ინფორმაციის თავიდან შეყვანა საჭირო აღარ იქნება.

კიდევ ერთი ცვლილება ის არის, რომ Claude მეხსიერებაში თემების დამატებას საუბრის მიმდინარეობისას დაიწყებს. ადრე სისტემა საუბრის დასრულების შემდეგ აჯამებდა მას და ამის საფუძველზე ქმნიდა მეხსიერების ჩანაწერებს. ახალი მიდგომა ინფორმაციას უფრო სწრაფად განაახლებს და ჩატსა და Cowork-ს შორის მის გაზიარებას გაამარტივებს, მათ შორის მაშინაც, როდესაც საუბარი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რა ინფორმაციას დაიმახსოვრებს Claude

Anthropic-ის განცხადებით, Claude არ შეინახავს ისეთ პირად და სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა ჯანმრთელობის მონაცემები, რასა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური შეხედულებები, პოლიტიკური შეხედულებები, გენდერული იდენტობა და სხვა მსგავსი ინფორმაცია.

თუმცა, სურვილის შემთხვევაში, იარსებებს პარამეტრი “include sensitive topics in memory“, რომელიც Claude-ს მსგავსი ინფორმაციის დამახსოვრების შესაძლებლობას მისცემს. თუ სენსიტიური თემა მეხსიერებაში შეინახება, აპლიკაცია ამის შესახებ მომხმარებელსაც შეატყობინებს.

ამასთან, Anthropic-ის თქმით, არსებობს გარკვეული კატეგორიის ინფორმაცია, რომელსაც Claude მეხსიერებაში ვერასდროს შეინახავს. მათ შორისაა სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მონაცემები, სოციალური დაცვის ნომრები, კრიმინალური ისტორია, საიმიგრაციო სტატუსი და სხვა ინფორმაცია, რომლის შენახვაც კომპანიის გამოყენების წესებს ეწინააღმდეგება.

მეხსიერების ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება Claude-ის Free, Pro და Max-გეგმებზე: ვებსაიტზე, დესკტოპსა და მობილურ მოწყობილობებზე. iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს ფუნქციის მისაღებად აპლიკაციის განახლება დასჭირდებათ.

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

ბილ გეითსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე საუბრობს