ცის ულტრაიისფერ რუკაზე წლების განმავლობაში დიდი ცარიელი მონაკვეთები რჩებოდა. სხვადასხვა კოსმოსური მისია მის ცალკეულ ნაწილებს აკვირდებოდა, თუმცა მათი მონაცემები ერთიან სურათს ვერ ქმნიდა. ასტროფიზიკოსმა ბრის მენარმა Anthropic-ის Claude Science-ის დახმარებით ეს მასალა გააერთიანა და მთელი ცის უწყვეტი ულტრაიისფერი რუკა შეადგინა.
შედეგს მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს: რუკის დაახლოებით მესამედი უშუალო დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებს არ ეფუძნება. ეს მონაკვეთები სხვა ტალღის სიგრძეებზე არსებული გაზომვების საფუძველზე სტატისტიკურად აღადგინეს. რუკაზე გაზომილი და პროგნოზირებული უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია და მითითებულია შეფასების გაურკვევლობაც, რათა მკვლევრებმა იცოდნენ, სად მთავრდება დაკვირვება და სად იწყება მოდელის გამოთვლა.
ულტრაიისფერ დიაპაზონში ცის შესწავლას დედამიწის ატმოსფერო ართულებს: ოზონის შრე ამ გამოსხივების დიდ ნაწილს შთანთქავს. ამიტომ, ასტრონომებს კოსმოსური ინსტრუმენტები სჭირდებათ. რუკისთვის პირდაპირი დაკვირვებების მნიშვნელოვანი წყარო NASA-ს ტელესკოპი GALEX გახდა, რომელიც 2003-2013 წლებში მუშაობდა. დაახლოებით 38 000 დაკვირვებით მან ცის ორი მესამედი მოიცვა, თუმცა დეტექტორების დასაცავად განსაკუთრებით კაშკაშა უბნებს, მათ შორის ირმის ნახტომის გარკვეულ მონაკვეთებს, თავს არიდებდა.
![]()
დამატებითი მონაცემები Swift-ის ობსერვატორიიდან, სამხრეთკორეული FIMS/SPEAR-იდან, ევროპული TD-1-ის კვლევიდან და სხვა საჯარო არქივებიდან აიღეს. მათი გაერთიანება მხოლოდ გამოსახულებების ერთმანეთზე გადაბმას არ ნიშნავდა. საჭირო იყო გაზომვების ერთ მასშტაბზე გადაყვანა, ფონური განსხვავებების გასწორება, ხარვეზების მოცილება და საერთო კოორდინატულ სისტემაში მოთავსება.
Anthropic-ის აღწერით, Claude Science ამ სამუშაოების შესრულებასა და კოორდინაციაში მონაწილეობდა: ეძებდა მონაცემებს, ამუშავებდა ცალკეულ დაკვირვებებს და გაზომვებს ერთმანეთთან ათანხმებდა. საბოლოო შედეგამდე გუნდმა რუკის ათზე მეტი ვერსია შექმნა.
ყველაზე რთული იმ უბნების აღდგენა იყო, რომლებზეც პირდაპირი ულტრაიისფერი დაკვირვებები არ არსებობდა. ამისთვის გამოიყენეს უკვე შესწავლილ რეგიონებში გამოვლენილი კავშირები ულტრაიისფერ გამოსხივებასა და ხილულ, ინფრაწითელ თუ რადიოდიაპაზონში მიღებულ მონაცემებს შორის. რუკას დაემატა 100 მილიონზე მეტი ვარსკვლავის სავარაუდო ულტრაიისფერი გამოსხივებაც, რომელიც Gaia-ს მისიის ხილული სინათლის მონაცემებით გამოთვალეს.
მეთოდის შესამოწმებლად ბრის მენარმა სისტემას ცის იმ ნაწილების ულტრაიისფერი მონაცემები დაუმალა, რომელთა რეალური მაჩვენებლები უკვე ცნობილი იყო. შემდეგ მოდელის მიერ აღდგენილი სურათი გაზომვებს შეადარა. Anthropic-ის განცხადებით, დახვეწის შემდეგ პროგნოზები ამ ტესტებში რეალურ მონაცემებს, როგორც წესი, დაახლოებით 10%-იანი ცდომილების ფარგლებში ემთხვეოდა. ეს შედეგი ტესტირებულ უბნებს ეხება და ყველა უცნობი რეგიონის იმავე სიზუსტით აღდგენას არ ადასტურებს.
პროექტში ადამიანის მიერ შემოწმება გადამწყვეტი აღმოჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაში ბრის მენარმა მკრთალი წრიული ლაქები შენიშნა, რომლებიც AI-ის შემოწმების ორ ეტაპს გადაურჩა. აღმოჩნდა, რომ ისინი GALEX-ის ცალკეულ დაკვირვებებში დარჩენილი ატმოსფერული ნათებით იყო გამოწვეული. პრობლემის მითითების შემდეგ Claude-მა მიზეზი გაარკვია და 38 000 დაკვირვება ხელახლა დააკალიბრა.
საბოლოო რუკა შორეულ და ახლო ულტრაიისფერ დიაპაზონებს აერთიანებს. მასზე ჩანს ცხელი ახალგაზრდა ვარსკვლავების მახლობლად განათებული მტვერი, ვარსკვლავურ აფეთქებებთან დაკავშირებული დიდი რკალები, გალაქტიკის სიბრტყიდან მოშორებული მკრთალი სტრუქტურები და მაგელანის დიდი და მცირე ღრუბლები.
ამ ეტაპზე პროექტის ტექნიკური ნაშრომი ჯერ მზადდება და სამეცნიერო რეცენზირება არ გაუვლია. ბრის მენარი ჯონზ ჰოპკინზის უნივერსიტეტთან ერთად Anthropic-შიც მუშაობს, ამიტომ ნამუშევარი კომპანიის კვლევითი ხელსაწყოების შესაძლებლობებსაც წარმოაჩენს. მიღებული რუკა აჩვენებს, როგორ შეიძლება AI დაეხმაროს მეცნიერებს დიდი არქივების დამუშავებაში, თუმცა მისი პროგნოზირებული ნაწილები მომავალ დაკვირვებებთან შედარებას კვლავ საჭიროებს.












