რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ნიღბების ტარება ჯერ დახურულ, შემდეგ კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა, ადამიანებს შორის ერთადერთი საკონტაქტო საშუალება თვალებია, მხოლოდ ასე თუ დავანახებთ ერთმანეთს საკუთარ ემოციებს. როგორც ჩანს, ამაზე უკვე მთელს მსოფლიოში ბევრი იფიქრეს და მაგალითად, კომპანია ClearMask-მა გამჭვირვალე სამედიცინო/ქირურგიული ნიღბები გამოუშვა – ახლა უკვე შესაძლებელია, დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და თან, ერთმანეთს ემოციებიც გავუზიაროთ. ასე ხომ უფრო უკეთ გავუგებთ ნაცნობებს, ახლობლებს, ან იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გვხვდება.
მისი შემქმნელები ამბობენ, რომ ეს პირველი სრულად გამჭვირვალე ნიღაბია, რომელიც FDA-ს (ამერიკის პროდუქტებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი ორგანო) მიერ არის აღიარებული. ამიტომ მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში, კლინიკებში და სხვა დაწესებულებებში. ბუნებრივია, ღია სივრცეშიც.
ეს ნიღაბი ვიზუალურ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ, რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგებისთვის. ახლა თქვენს კეთილგანწყობას და ღიმილს ყველა დაინახავს, ისევე როგორც – თქვენ სხვისას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ClearMask-ის წარმომადგენლების თქმით, ნიღაბი არ იორთქლება, ანუ ამ მხრივ დისკომფორტიც არ შეგექმნებათ და მასში თავისუფლად ისუნთქებთ.
ClearMask, სხვადასხვა შეფუთვით, „ონლაინ“ იყიდება და მისი ფასი $67-დან იწყება.