Click Studio-ს ისტორია 2017 წლის 1 აპრილს, ერთი კამერით დაიწყო და დღეს, 3 მეგობრის სტარტაპს უკვე საკუთარი სტუდია აქვს. თუ დასაწყისისთვის, კომპანიის სერვისი მხოლოდ ფოტო გადაღებას მოიცავდა, დღეისათვის, მათ აქვთ ვიდეო მომსახურებაც და არასტუდიურ პირობებში, მომხმარებელს დრონით გადაღების შესაძლებლობასაც აძლევენ.
ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, შემდეგ, ნელ-ნელა, მოთხოვნის შესაბამისად, ავაწყეთ პროფესიონალური გადაღებებისთვის საჭირო ტექნიკა, შევიძინეთ მყუდრო და კომფორტული სტუდია, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ხელით გავაკეთეთ. გავფართოვდით კადრების კუთხითაც, მუდმივად ვვითარდებით და სულ უფრო მეტ მეგობარს ვიძენთ, გვითხრა „ქლიქ სტუდიოს“ თანადამფუძნებელმა – სოფო ნაცვლიშვილმა.
„სიყვარულით გაკეთებული საქმე“ პარტნიორებად ქცეული მეგობრების – სოფო ნაცვლიშვილი, მაკა ყუბუსიძე, ცისია გლურჯიძე, სლოგანია. ბაზარზე ბევრი ფოტო სტუდიაა და საკმაოდ ბევრი კომპანია გვთავაზობს ფოტო-ვიდეო გადაღების სერვისს. საინტერესოა, რა განასხვავებს Click Studio-ს, ან რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა – ამ კითხვებზე სოფო ნაცვლიშვილმა გვიპასუხა:
M: რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე Click Studio-ს შესაქმნელად?
მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და ვიყავი ამ საქმით დაკავებული თავისუფალ დროს. ვხედავდით, რომ ბაზარზე იყო მოთხოვნა ხარისხიან და ისეთ პროდუქტზე, რომელიც მოერგებოდა მომხმარებელს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან მხოლოდ უკვე არსებული პაკეტების მიხედვით არ ხდება მომსახურება, თუ მომხმარებელს არ უნდა პაკეტში შემავალი, დავუშვათ, 10 დამუშავებული და 200-მდე დაუმუშავებელი ფოტომასალა და უნდა უფრო ნაკლები, ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობთ მის საჭიროებებს მოვერგოთ, ასევე, ფასთან და დროსთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც. იყო, რა თქმა უნდა, დიდი კონკურენცია და ბაზარზე სხვა სტუდიები, მაგრამ, ჩვენ ავიღეთ კორპორატიული სეგმენტი, კორპორატიული პორტფოლიოები. გარდა ამისა, ვმუშაობთ ბავშვების ფოტოგადაღებასა და კორპორატიულ ღონისძიებებზე.
M: ქართულ ბაზარზე მრავალი კომპანიაა, რომელიც ფოტო-ვიდეო მომსახურებას წევს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა მასთან მიმართებაში?
ჩვენს მომსახურებაში შედის ყველა ტიპის და ყველა ასაკობრივ სეგმენტზე მორგებული ფოტო გადაღების უზრუნველყოფა. გარდა სტუდიური გადაღებებისა, „ქლიქ სტუდიოს“ აქვს „პირადი ფოტოგრაფის“ სერვისი, რაც ნიშნავს მომხმარებლისთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე (აგარაკზე, ქალაქგარეთ, პარკებში, ღია სივრცეებში) მისვლას და პროფესიონალური ფოტო მომსახურების მიწოდებას, რაშიც სტუდიას ხელს უწყობს მის საკუთრებაში არსებული მოსახერხებელი პორტატული აპარატურა – განათება, ფილტრები, მოძრავი ბანერები, მოძრავი დეკორაციები.
M: ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და ძირითადად, ვისზე ვრცელდება თქვენი მომსახურება?
„ქლიქ სტუდიო“ ახდენს კორპორაციული ფოტოების (პორტფოლიო), ღონისძიებების, ტრენინგებისა და ვორკშოპების გადაღებას. სასწავლო დაწესებულებებისთვის ლექციების, ახალი პროგრამების პრეზენტაციების გადაღებას. ასევე, სტუდიის აქტიური მომხმარებლები არიან რესტორნები/კაფეები/ბარები, რომლებიც რეკლამის მიზნით, საჭიროებენ როგორც ინტერიერის პროფესიონალურ, ასევე, უფრო მცირე მასშტაბის ობიექტების – კერძების, სასმელების, ინვენტარის გადაღებას. იგივე მოთხოვნებით ხშირად ხდება სხვადასხვა სასტუმროების, გასაქირავებელი უძრავი ქონების/ოფისების გადაღება, სხვადასხვა ვებგვერდებისთვის პროდუქციის გადაღება და სხვა.
M: მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის რა არხებს იყენებთ და როგორია Click Studio-ს განვითარების ხედვა?
ძირითად სარეკლამო პლატფორმად Facebook და Instagram ავირჩიეთ, რადგან ამ გზით, ყველაზე ეფექტურად და ვახერხებთ ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობას და სიახლეების მიწოდებას. ნელ-ნელა ვფართოვდებით, დავიმატეთ ისეთი სერვისი, როგორიც არის ფლორისტის მომსახურება, დეკორაცია. შეგვიძლია ღონისძიებების თემატური დეკორის საკუთარ თავზე აღება. ფაქტობრივად, სამომავლოდ, შესაძლოა მოვიაზრებოდეთ ივენთ კომპანიად. ვფიქრობ, ღონისძიებების ორგანიზების კუთხით უნდა განვვითარდეთ.