1950-იანი წლების შუა პერიოდში ჰარი ვოლფ უმცროსმა, ყოფილმა ჟურნალისტმა, კომპანიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც კომუნიკაციის ახლად შემუშავებულ ფორმაზე იქნებოდა ფოკუსირებული. საუბარია ე. წ „საილუსტრაციო ჩანართზე“ (clip art) — ის მალევე გავრცელდა ხელოვნების სფეროში, სარეკლამო სააგენტოებსა და გამომცემლებში, რადგან ჭარბი ილუსტრაციებისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს ნაკლები თანხები სჭირდებოდა.
ხელოვნების ამ ფორმას განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა: ის ერთგვარ სარკეს წარმოადგენდა საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისა — ზოგადად, ხელოვნებას ახასიათებს ეს, მაგრამ Clip Art-მა მნიშვნელოვნად გაამარტივა და დააჩქარა პროცესი, რადგან დიდი ტილოებისგან განსხვავებით, გრაფიკული ილუსტრაციები მალე იქმნებოდა. სხვა სიტყვებით, როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა, პრესაში თემატური ნამუშევარი ჩნდებოდა.
თავის მხრივ, პოპულარობის ზრდასთან ერთად, სარედაქციო პლატფორმებმა და კრეატორებმა განსაზღვრეს ერთგვარი ვიზუალური ენა. ასე ადვილად აღსაქმელი იყო, „რა ხდებოდა ხალხის გონებაში“. მაგალითად, 1957 წლის ბუკლეტი Occupations ისეთ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა რასობრივი და გენდერული უთანასწორობა, სტერეოტიპული შეხედულებები.

Clip Art-ის ზოგადი სახე
მართალია, „საილუსტრაციო ჩანართის“ ხელოვნება მე-20 საუკუნიდან გამოჩნდა ასპარეზზე, მაგრამ საფუძვლებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ორნამენტული ნამუშევრებიდან იღებს. ზოგადად, Clip Art გაჟღენთილია იმ ეპოქის კომერციული ინტერესების მასიური ზრდით, რომლებიც დამხმარე ვიზუალურ კონტენტს საჭიროებდა. ხოლო ესთეტიკურმა მოტივებმა ვიზუალური გაუმჯობესების იდეას ჩაუყარა საფუძველი, რაც დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა შინაარსით სავსე სამყაროში.
როგორც ხელოვნების ფორმა, Clip Art ბალანსს იცავს სიმარტივესა და სპეციფიკას შორის. თავისი გამომსახველობითი ენით კი უნივერსალურად აღქმად იდეებს ეხება, რათა საზოგადოების ყველა წევრმა მარტივად გაიგოს ამა თუ იმ ნამუშევრის მთავარი აზრი. ეს ქმნის უნიკალურ დინამიკას, სადაც კლიპ-არტი ერთდროულად ასახავს და აძლიერებს საზოგადოების არქეტიპებს.
Clip Art-ის მემკვიდრეობა
დღევანდელ სამყაროში კლიპ-არტი მეტ-ნაკლებად მოძველებულია — შეიძლება ითქვას, ინტერნეტმა მისი ეპოქის დასასრულიც კი აღნიშნა, როდესაც Microsoft-მა 2014 წელს მსგავსი სერვისი გააუქმა.
მიუხედავად იმისა, რომ „საილუსტრაციო ჩანართი“ გამოხატვის მოძველებულ მეთოდად იქცა, ე. წ. ვიზუალური სტერეოტიპები თანამედროვე კომუნიკაციის არქეტიპებს წარმოადგენს, როგორც ფუნქციონალური ალეგორია და უნივერსალური Meme. ამის გათვალისწინებით, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ აქტუალურია აბსტრაქტული ვიზუალური ცნებების გავრცელება, რომლებიც კონკრეტული სცენარების შემთხვევაში გამოიხატება — მაგალითად, ადამიანის თავთან ანთებული ნათურა, როგორც ახალ იდეის დაბადების მეტაფორა.