in

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Clipart-ისთვის

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Clipart-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

2023 სააგენტო „კლიპარტისთვის“ გამოწვევებით სავსე და ამავე დროს, ძალიან პროდუქტიული იყო. წელი 43 კომპანიასთან თანამშრომლობით და 27 ერთმანეთისგან განსხვავებული კამპანიის განხორციელებით დავასრულეთ. ციფრული სერვისების მიმართულებით გავზარდეთ როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე დამკვეთების რიცხვი. ამასთან ერთად, გავხდით მეტას ბიზნეს პარტნიორი, წლის მიწურულს კი Google-ს პარტნიორი კომპანიის სტატუსიც მოვიპოვეთ. დავხვეწეთ და გავამარტივეთ სამუშაო პროცესიც, რათა კიდევ უფრო კომფორტული გაგვეხადა ურთიერთობა როგორც დამკვეთებსა და სააგენტოს, ისე ჩვენს გუნდებს შორის.

გვახარებს ის ფაქტი, რომ წელს კიდევ უფრო სიღრმისეული და მრავალმხრივი სერვისი შევთავაზეთ დამკვეთებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე. დავფარეთ ბევრი ინდუსტრია, როგორებიცაა სამშენებლო, სავაჭრო, აგრო, ავტო, სამედიცინო, საბანკო-საფინანსო და ა.შ. აღნიშნული ინდუსტრიებიდან ვითანამშრომლეთ თითქმის ყველა წამყვან კომპანიასთან.

2023 წელი გამოირჩეოდა მასშტაბური პროექტებით, რომელთაგანაც შეგვიძლია რამდენიმე გამოვყოთ:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი

პროექტი გამოირჩეოდა როგორც მასშტაბით, ისე სირთულით. მასში ჩართული იყო არა მხოლოდ ჩვენი სრული გუნდი, არამედ მეგობარი კომპანიებიც. ჯამში, მის განხორციელებაში 120-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროდუქტი, რომელზეც ვიმუშავეთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღწერა და შესაბამისი ფორმატით მის ვებ-გვერდზე განთავსებას გულისხმობდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გაუკეთდა SEO ოპტიმიზაცია. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, პლატფორმაზე ვიზიტორთა რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. „კლიპარტის“ გუნდის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი კონტენტი ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში ვირტუალურად იმოგზაურონ, დაგეგმონ ტურები და უკვე რეალობაში გაეცნონ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს.

3 მარტის 2023 წლის პროექტი

„რამე გემრიელი“ – ასე დავარქვით დედებისათვის შექმნილ უნიკალური მენიუების წიგნს, რომელზეც ცნობილ შეფებთან ერთად ვიმუშავეთ. შედეგად, შეიქმნა 500 უნიკალური კულინარიული წიგნი და ისინი 3 მარტს ჩვენს პარტნიორ დედებს გადაეცათ. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გავზარდეთ წიგნის ტირაჟი და ამჟამად მისი შეძენა „კარფურის“ ფილიალებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ბრენდ „არლას“ ციფრული რეკლამირება საერთაშორისო ბაზარზე – პროექტი უკვე მეორე წელია ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დამკვეთის სურვილია, რომ 2024 წელს კიდევ 5 ახალ ბაზარზე ვაწარმოოთ ბრენდის ციფრული რეკლამირება. 

„აგროსფეროს“ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია

მის ფარგლებში „აგროსფეროსთვის“ შეიქმნა კომპლექსური ინტეგრირებული საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც ასევე „კლიპარტის“ გუნდმა აღასრულა. კამპანია „მზადება დიდი შემოდგომისთვის“ მთელი წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა. დროის მსვლელობასთან ერთად კი სულ უფრო უკეთეს შედეგებს ვაღწევთ. პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს არის პირველი მარკეტინგული კომუნიკაცია აგროსექტორში. ეს კი დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ საუკეთესო შედეგები მოვუტანოთ კომპანიას.

„თეატრის“ ქართული შოუს ვიზუალური ბრენდინგი

ჩვენთვის გამოწვევა იყო მულტიფუნქციური სივრცე „თეატრის“ მხატვრობაზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში, „ქართული შოუსთვის“ შევქმენით პოსტერების სერია აკა მორჩილაძის ტექსტის მიხედვით. მსგავსი პროექტები ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია და გვიხარია, რომ მან არა მხოლოდ დამკვეთის, არამედ მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა.

ამ და სხვა არანაკლებ საინტერესო პროექტების განხორციელებას ბევრი გამოწვევაც ახლდა თან, თუმცა მათ დაძლევაში გუნდურობა, მოთმინება და სწორი გადაწყვეტები დაგვეხმარა.

მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებისთვის ვემზადებით. გვინდა, გავზარდოთ საერთაშორისო დამკვეთების რაოდენობაც, რასაც, დიდი ალბათობით, გუნდის ზრდა და სხვა სასიკეთო ცვლილებებიც მოჰყვება. „კლიპარტის“ მთავარი მოტო „საუკეთესო კომუნიკაციაა“, როგორც დამკვეთებთან და აუდიტორიასთან, ისე გუნდის წევრებს შორის. ამიტომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საუკეთესო კომუნიკაციის დამყარება მომავალ წელსაც ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება.

ბოლოს კი, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს დამკვეთებს ნდობისა და განსხვავებული გამოწვევებისთვის, რომლებიც „კლიპარტის“ გუნდს განვითარებასა და გაძლიერებაში ეხმარება.

„ჩვენ გვეამება თამამი პროექტები“ – Q&A – ქვლივიძე&ანთაძის დამოუკიდებელი დუეტი

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო McCann Tbilisi-ისთვის