Clone Robotics-ის შესახებ ინდუსტრიაში 3 წლის წინ გახდა ცნობილი, როცა თავისივე Clone hand-ის დებიუტი შემოგვთავაზა. ადამიანის სხეულსა და ფუნქციას ჰბაძავს, რაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან სამომავლოდ სახლის საქმეები უნდა შეასრულოს, იქნება ეს სარეცხის მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა, იატაკის მტვერსასრუტით დასუფთავება თუ საჭმლის მომზადება.
თუმცა, ეს მხოლოდ ხელი იყო, სამომავლო გეგმებში კი სრული ჩონჩხის იდეა ჰქონდათ, რაც ახლა რეალობად იქცა — ადამიანის მსგავსად, 206 ძვლისგან შედგება და ყველა სახსარი ადგილზეა, 1000 ხელოვნური კუნთი აქვს და 500 სენსორი, რათა ჩვენს ანატომიურ მოძრაობას მიბაძოს.
ამგვარად, Protoclone V1-ის სინთეტიკური სისტემა ისეა შექმნილია, რომ ადამიანის ძვლოვანი, კუნთოვანი, სისხლძარღვთა თუ ნერვული ფუნქციების სიმულაცია მოახერხოს. ტრადიციული ჰუმანოიდი რობოტებისგან განსხვავებით, რომლებშიც ხისტი მექანიკური კომპონენტები გვხვდება, Clone Robotics უფრო ორგანულ დიზაინს გვთავაზობს ბუნებრივი მოძრაობებით.
მასში კი განსაკუთრებულია გაგრილების მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს, ზუსტად ისე გამოყოს ოფლი, როგორც ადამიანების ორგანიზმში ხდება ეს შიდა ტემპერატურის დასარეგულირებლად. სწორედ ამის შედეგად მივიღეთ მსოფლიოში პირველი კუნთებიანი რობოტი, რომელსაც ოფლის გამოყოფა შეუძლია.
საინტერესოა, რომ მომავალში Clone Robotics მსგავსი სინთეტიკური ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს, რომელთაც კომპლექსურ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება შეეძლება, დაწყებული ინდუსტრიული სფეროთი და დამთავრებული დამხმარე ასისტენტობით. მეტიც, აპირებს, წლის ბოლოსთვის Clone Alpha-ს სახელით ამგვარი 279 ერთეული გამოუშვას. თუმცა, ფასის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ…