in

Close to Music — ქართული პლატფორმა, რომელიც კლასიკური მუსიკის მასწავლებლებთან გაკავშირებთ


„კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, კომუნიკაციის გამარტივება, სწავლა-სწავლება და საერთო სივრცის შექმნა მუსიკოსებისთვის“, — ასეთია Close to Music-ის მთავარი კონცეფცია. ეს არის პლატფორმა, რომელიც პროფესიონალ მუსიკოსებსა მისი შესწავლის მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებს.

Close to Music დაახლოებით ერთი თვის წინ შევქმენი და მას შემდეგ ბევრი ადამიანი გაერთიანდა პლატფორმის ირგვლივ. ვცდილობთ, მუსიკის სწავლის მსურველები და შემოქმედი ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. თანაც, ვფიქრობ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ პლატფორმა მართლაც უმარტივებს მომხმარებლებს პროფესიონალ მუსიკოსებთან კომუნიკაციას“, — ამბობს დამფუძნებელი, მარიამ კუპრეიშვილი.

ამ ეტაპზე ვებგვერდი მხოლოდ კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს აერთიანებს, თუმცა სამომავლოდ სხვადასხვა ჟანრის დამატებასაც განიხილავენ. ცხადია, ეს უფრო ფართო აუდიტორიის მოზიდვასა და დაინტერესებას უზრუნველყოფს. „უბრალოდ, ვინაიდან, მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია იყო, სწორედ კლასიკით დავიწყეთ“.

M: საინტერესოა, როგორ გაჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა და რა იყო პირველი ნაბიჯები?

მარიამ კუპრეიშვილი: შექმნის იდეა გაჩნდა სვანეთში — ძალიან მისტიკურ ადგილას, როდესაც გადავწყვიტე, რეგიონებში სამუსიკო სკოლებში ბავშვებისთვის მასტერკლასები ჩამეტარებინა და მათთან მუსიკაზე მესაუბრა. ეს საოცრად საინტერესო და ემოციური დღეები იყო.  აღმოვაჩინე ბევრი ნიჭიერი ბავშვი, რომელთაც დიდი ინტერესი, მაგრამ მცირე შესაძლებლობები აქვთ.

სწორედ ეს აღმოჩნდა ბიძგი, რომელიც შემდგომ უკვე იდეად იქცა. გადავწყვიტე, შემექმნა სივრცე, დადაც ადამიანები მუსიკასთან ახლო კავშირს დაამყარებდნენ, თანაც, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონებსა და საზღვრებს გარეთ. ასე დაერქვა ვებგვერდს „ახლოს მუსიკასთან“ — შევქმენით შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა და უფროსებმა კომფორტულ გარემოში შეისწავლონ კლასიკური მუსიკა და ეს მათი ცხოვრების ნაწილად იქცეს.

M: რა პრინციპით მუშაობენ მუსიკოსები — როგორია სწავლების ფორმატი და საფასური?

მუსიკოსები მუშაობენ როგორც დისტანციურად, ისე ინდივიდუალურად. გრაფიკი სრულად მათზე და მომხმარებლებზეა მორგებული. სწავლების ფორმატი შერეულია, საფასური კი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი: 1 თვის განმავლობაში მუსიკის შესწავლა შესაძლებელია 200 ლარად — ეს ნებისმიერი სწავლების ფორმატის არჩევის შემთხვევაში… რაც შეეხება მუსიკოსის დაჯავშნის საფასურს, ეს დამოკიდებულია როგორც მუსიკოსსა და თავის მოთხოვნებზე, ისე მომხმარებლის სურვილებსა და დროის ხანგრძლივობაზე.

M: ამ ეტაპისთვის რამდენად დიდია დაინტერესება, მუსიკოსებისა და მომხმარებლებისგან?

გულწრფელად გითხრათ, დაინტერესების მასშტაბმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და ეს ძალიან მაბედნიერებს. აღმოჩნდა, რომ საჭიროება არა ჩემი ვარაუდი, არამედ რეალობა იყო. პლატფორმა დაახლოებით ერთი თვეა ფუნქციონირებს და ამ დროში ღონისძიებებისთვის დაიჯავშნა არაერთი მუსიკოსი — ასევე, გამოჩნდნენ მსურველები მათ შორის ემიგრანტებიც, რომლებმაც დისტანციურად გადაწყვიტეს კლასიკური მუსიკის შესწავლა. ამ ეტაპზე ვცდილობთ, მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც მსურველების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

ჩვენ ღია ვართ როგორც მომხმარებლების, ასევე პროფესიონალი მუსიკოსებისთვის. სურვილის შემთხვევაში ამ ძალიან საინტერესო პროცესში მონაწილეობა საკმაოდ მარტივია.

M: ალბათ, მომხმარებლებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რა კრიტერიუმებით არჩევთ კლასიკური მუსიკის მასწავლებლებს… 

მთავარია, კლასიკური მუსიკის მასწავლებელი და შემსრულებელი პროფესიონალი იყოს — ვგულისხმობ, რომ უნდა ჰქონდეს კლასიკური მუსიკის განათლება.

Close to Music-ის მასწავლებლები

შემდეგი ეტაპი უკვე კომუნიკაციაა. უნდა გამოგვიგზავნონ ბიოგრაფია და ასევე ჩანაწერი, სადაც მოვახერხებთ მათი შემოქმედების მოსმენას. ამ ეტაპზე ჩვენთან ჩართულ მუსიკოსებს კონსერვატორიის დიპლომი და შესაბამისად უმაღლესი განათლება აქვთ. მათი შემოქმედება კი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

M: დაბოლოს, როგორია Close to Music-ის სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები უკავშირდება მასშტაბებს. გვსურს სხვადასხვა ჟანრისა და ვოკალისტების დამატებას — მათ ნაწილთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. გვსურს ვებგვერდის მეტად გამარტივებაც, ფუნქციური თვალსაზრისით. მთავარი იდეა კი მაინც ის არის, რომ კლასიკური მუსიკით ბევრად მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. მე, როგორც ერთ-ერთი პიანისტი, მაქსიმალურად დიდი სულისკვეთებით ვეცდები Close to Music-ის მეშვეობით კლასიკური მუსიკის ჰანგების გავრცელებას.

ავტორი: ქეთია ბელქანია


ხელოვნური ინტელექტის პროგრამამ Family Guy 80-იანების სიტკომად გარდაქმნა

ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეის რებრენდინგი წარსულსა და თანამედროვეობას აკავშირებს