in

სპრეი, რომელიც ფეხსაცმელს 6 წუთში ქმნის — Lightspray

შთაგონება მრავალი ფორმით მოდის. ამ შემთხვევაში, ეს იყო ჰელოუინზე ნანახი ცხელი წებოს იარაღი.

On-ის ინოვაციების გუნდის წევრი, იოჰანეს ვოელჩერტი, სოციალურ ქსელში წააწყდა ვიდეოს, რომელშიც ხელოსანმა ცხელი წებოს თხელი ძაფებით ობობას ქსელის იმიტაცია გააკეთა. ვოელჩერტი დაინტერესდა, შეეძლოთ თუ არა ფეხსაცმლის შექმნა იგივე მეთოდით. იმის ნაცვლად, რომ იდეაზე გაეცინათ, On-ის გუნდი ამას ძალიან სერიოზულად მიუდგა.

შედეგად მივიღეთ ახალი პარადიგმა ბოტასის წარმოებაში, სახელწოდებით Lightspray. მას  შეუძლია ფეხსაცმლის მთელი ზედა ნაწილი ერთი უწყვეტი ძაფით, სულ რაღაც, სამ წუთში შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოტასის ყველაზე რთული დეტალი სწორედ აღნიშნული ნაწილია. ფუმფულა ძირები ყალიბით იწარმოება, ზედა ნაწილი კი შეიცავს ტრადიციული ტანსაცმლის წარმოების ყველა გამოწვევას. პარადოქსია, მაგრამ თანამედროვე ფეხსაცმლის დამზადება არც ისე თანამედროვეა. ის მხოლოდ 2D შაბლონებს იყენებს და ცდილობს ძალიან რთული 3D ფორმების მიღებას.

ტრადიციული მეთოდებით ბოტასების წარმოებას დღეები სჭირდება. თუ ლოგისტიკასა და სხვადასხვა ნიუანსს გავითვალისწინებთ, ამას შეიძლება კვირებიც მოვანდომოთ. მაგრამ Lightspray ფეხსაცმელი დამზადებულია მხოლოდ ხუთი ნაწილისგან, რაც საბოლოო ჯამში ექვს წუთს მოითხოვს და მისი ჩაცმა დაუყოვნებლივ ხდება შესაძლებელი.

Lightspray ტექნოლოგიის დებიუტი შედგა Cloudboom Strike LS-ის შექმნისას. ის თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, მაგრამ შემოდგომაზე ისევ იქნება ხელმისაწვდომი. ნიმუში აერთიანებს ფეხსაცმლის რამდენიმე ძირითად ტენდენციას. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ცხელი წებოს იარაღს გამოიყენებდნენ, ინდუსტრია 3D პრინტერით ატარებდა ექსპერიმენტებს. ამავდროულად, თანამედროვე პერფორმანსული სარბენი ფეხსაცმელი სულ უფრო მსუბუქი ხდება და ოპტიმალური წონა მხოლოდ 130 გრამს შეადგენს. ამ მონაცემებს აღნიშნული მეთოდიც იდეალურად ერგება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, On განიხილავს იმ მიდგომას, რასაც Adidas-მა წლების წინ მიმართა: Lightspray-ის გამოყენებით წარმოების აზიიდან პირდაპირ ადგილობრივ ბაზრებზე გადატანა არის შესაძლებელი, რაც ძალიან დააჩქარებს წარმოებასა და მიწოდებას.

„ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შეზღუდვები არ არსებობს. შეგიძლია აწარმოო ის, რაც გინდა, სადაც გინდა და რამდენიც გინდა“, — აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

ჩელსის საფეხბურთო კლუბმა განახლებული ვიზუალური იდენტობა წარადგინა

როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენს ინიციატივას არ უსმენენ