თუ თქვენთვის საყვარელ ვებგვერდებზე ვეღარ შედიხართ, სავარაუდოდ, ინტერნეტინფრასტრუქტურის პროვაიდერი Cloudflare შეფერხებებით მუშაობს და ასე მოხდა 18 ნოემბერსაც… ფაქტად ეს ყველამ გავიგეთ, თუმცა ახლა დროა, უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და პასუხები გავცეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებს:
რა არის Cloudflare?
Cloudflare გლობალური ღრუბლოვანი სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების კომპანიაა. სხვა მრავალ საკითხთან ერთად, მონაცემთა ცენტრების, ვებგვერდებისა და ელექტრონული ფოსტების უსაფრთხოების საკითხზე ზრუნავს, გვიცავს მონაცემების დაკარგვისა და კიბერსაფრთხეებისგან. საკუთარ თავს აღწერს, როგორც „ინტერნეტის იმუნურ სისტემას“ ტექნოლოგიით, რომელიც მომხმარებელსა და ციფრულ სამყაროს შორისაა მოქცეული და ყოველდღიურად მილიარდობით კიბერსაფრთხეს ბლოკავს. Cloudflare თავის გლობალურ ინფრასტრუქტურას ინტერნეტტრაფიკის დასაჩქარებლად იყენებს. თითქმის 300 000 მომხმარებლისგან კვარტალში 500 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რომლებიც 125 ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, მოქმედებენ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიიდან, რომლებიც ინტერნეტის ნერვული სისტემის მთავარ ელემენტებს აყალიბებს. ამგვარად, როცა სერვისში შეფერხება აქვს, ვებგვერდებიც offline რეჟიმში გადადის და მილიონობით ადამიანსა თუ კომპანიაზე ზემოქმედებს. გუშინდელმა შეფერხებამ ChatGPT-სა და ილონ მასკის X-ზეც იმოქმედა, რაც არც გასაკვირია, რადგან Cloudflare-ის მომსახურებით მსოფლიოს ყოველი 5 ვებგვერდიდან ერთი სარგებლობს.
ვისზე იმოქმედა Cloudflare-ის შეფერხებამ?
დიდი ტრაფიკის მქონე ვებგვერდების მომხმარებლებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Cloudflare-ის გათიშვის პარალელურად, ისინიც გათიშულნი იყვნენ, მათ შორის სხვა მრავალ ვებგვერდთან ერთად, Bet365, League of Legends, Sage, YouTube და Google-იც კი მოექცა.
რამ გამოიწვია შეფერხება?
Cloudflare-ის თქმით, 2025 წლის 18 ნოემბერს მომხდარი შეფერხება „შიდა სერვისის დეგრადაციის“ ბრალი იყო და არა, რაიმე კიბერშეტევისა თუ მავნე ქმედების. შეფერხება გამოწვეული იყო „კონფიგურაციის ფაილით“, რომელიც „საფრთხის ტრაფიკის“ სამართავად იყო განკუთვნილი — Cloudflare-ის ერთ-ერთ სერვისზე ტრაფიკის უჩვეულო ზრდა დაფიქსირდა, მოსალოდნელს გადააჭარბა და იმ სისტემის შეფერხება გამოიწვია, რომელიც ამ ტრაფიკის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.
გამოსწორებას კი პრობლემის დადგენიდან 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა.
რას გვეუბნება მსგავსი შეფერხება ინტერნეტის სიჯანსაღის შესახებ?
გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს ეკონომიკის უმეტესი ნაწილი ინტერნეტს ეყრდნობა, დაწყებული საბანკო საქმიანობით და დამთავრებული e-commerce სექტორით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურა ზედმეტად დამოკიდებული გახდა რამდენიმე მსხვილ კომპანიაზე, რაც „დამოკიდებულების ჯაჭვს“ ქმნის.
აღსანიშნავია, რომ Cloudflare-ის პრობლემა სხვა ღრუბლოვანი სერვისების ოპერატორების, Amazon-ის AWS-ისა და Microsoft-ის Azure-ის გათიშვიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში წარმოიშვა… Google Cloud-თან ერთად კი, ეს სამი პროვაიდერი ციფრული სამყაროს საფუძვლად მყოფი ინფრასტრუქტურის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს. ამიტომაც ექსპერტები ფიქრობენ, რომ ინტერნეტ სერვისების მიწოდების კუთხით უფრო მეტი მრავალფეროვნება უნდა იყოს.











