Clubhouse ხომ გახსოვთ? პანდემიის დროს პოპულარობის პიკს რომ მიაღწია და სოციალურ აუდიო აპლიკაციაში გაწევრიანება მხოლოდ მეგობრის მოწვევით რომ შეიძლებოდა, თვიდან თვემდე საოცარი ტემპით რომ იზრდებოდა, მაგრამ ასეთივე საოცარი ტემპით რომ გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან? ახლა აპლიკაცია ძველი დიდების დაბრუნებას აპირებს, კომპანიამ ახალი Clubhouse-ის შესახებ განაცხადა, რომლითაც ჩატების ახალ ფორმატსაც გვაცნობს:
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ჯგუფის შეტყობინებები და ინსტაგრამ სთორები პარკში ხვდება ერთმანეთს, საათობით ლაპარაკობენ, საუკეთესო მეგობრები ხდებიან და უყვარდებათ ერთმანეთი… Chat ასეთი იქნება“, — ვკითხულობთ Clubhouse-ის ბლოგპოსტში.
უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, Clubhouse-ის ჩატები მეგობრებთან ერთად ასინქრონულ ჯგუფში გაერთიანებთ, სადაც ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნას შეძლებთ, რომლებიც უფრო მეტად ინსტაგრამ სთორის ჩანაწერებს ჰგავს და არა, ინდივიდუალურ შეტყობინებებს. iMessage-ისა და WhatsApp-ისგან განსხვავებით კი, Clubhouse ამ ხმოვანი შეტყობინებების ტრანსკრიპტსაც შემოგთავაზებთ.
ჩატები შეიძლება მხოლოდ მეგობრებისთვის ან მეგობრების მეგობრებისთვის შეიქმნას, რაზეც ფიქრობენ, რომ ნამდვილად უბიძგებს მომხმარებლებს, ხშირად შეამოწმონ აპლიკაცია, რათა გაიგონ, რას ამბობენ მეგობრები. თუმცა ეს არ ჩაანაცვლებს Live აუდიო ოთახებს, რომლებიც კვლავ არსებობს აპლიკაციაში…
როგორ ფიქრობთ, მომხმარებლები Clubhouse-ს კიდევ ერთ შანსს მისცემენ?