Clubhouse-ის, აუდიოზე დაფუძნებულმა სოციალურმა ქსელმა, პოპულარობის ზრდასთან ერთად ბევრი კითხვა გააჩინა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი შინაარსის გავრცელება, შევიწროება და დეზინფორმაცია.
დისკუსიის რეალურ დროში მოდერაცია ონლაინ პლატფორმებს გამოწვევის წინაშე აყენებს. გარდა “ქლაბჰაუსისა”,კომპანიებმა, როგორიცაა Discord და Twitter, ხმოვანი ჩათის ფუნქციის გამოყენება გადაწყვიტეს. “აუდიო არსებითად განსხვავებულ გამოწვევებს წარმოადგენს, ვიდრე ტექსტური კომუნიკაცია. ეს უფრო ეფემერული, რთულია საკვლევად და სამოქმედოდ” – ამბობს Discord-ის იურიდიული წარმომადგენელი კლინტ სმიტი. ბუნებრივია, აუდიო გზავნილების ტრანსკრიფცია და გამოკვლევა უფრო რთული პროცესია როგორც ადამიანებისთვის, ისე სხვადასხვა მექანიზმებისთვის.
Discord-ში, ტოქსიკური შინაარსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მომხმარებლებს შეუძლიათ, კონკრეტულ პიროვნებას გამოურთონ მიკროფონი ან უბრალოდ დაბლოკონ ის. პლატფორმის ასეთი მოდელი შესაძლოა, გამამხნევებელი იყოს, თუმცა საგულისხმოა, რომ მისი მიკერძოებულად გამოყენების საფრთხეც არსებობს.
ხოლო “ქლაბჰაუსი” კითხვაზე, თუ როგორ უმკლავდება “საშიში” შინაარსის აღმოჩენას, პასუხობს, რომ იგი ამის თავიდან ასაცილებლად ისეთ ფუნქციებს გამოიყენებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი ოთახებისთვის გარკვეული წესები დაამყარონ. ბუნებრივია, პლატფორმა ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს – მან საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა ქალთმოძულეობის, ანტისემიტიზმისა და COVID-19-ის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევების გამო.
აღსანიშნავია, რომ აუდიო შინაარსის მოდერაციის სწორად მიღებამ შესაძლოა, ახალი ბიზნესების წარმოქმნას, ძირითადი სოციალური ქსელების მიერ გაშვებული ახალი სერვისებისა და მახასიათებლების გამოყენებას შეუწყოს ხელი. მაგალითად, მილიარდერი მარკ კუბანი მომავალი აუდიო პლატფორმა Fireside-ის შესახებ ამბობს, რომ ის სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პლატფორმაა, რომელიც სხვა ქსელების წინაშე მდგარ პრობლემებს თავიდან იცილებს.
რაც შეეხება Twitter-ს, კომპანიამ ახალი ფუნქციის ბეტა ტესტირება დაიწყო. “Audio Spaces” ასე ჰქვია პატარა ექსპერიმენტს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირადი აუდიო ჩათის ოთახები შექმნან. ეს ადამიანებთან ურთიერთობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომელსაც სოციალური ქსელი გვაწვდის. ის ამ ეტაპზე 1000 მომხმარებელთან გადის ტესტირებას, სადაც არაპროპორციული ქმედებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარგინალური ჯგუფები არიან თავმოყრილი.
სოციალური ქსელი შემავიწროვებელი და შეურაცხმყოფელი შინაარსის თავიდან ასაცილებლად აუდიოს ჩაწერის ფუნქცია იყენებს, სადაც გავრცელებული და გაზიარებული ინფორმაცია გადამოწმდება. თუმცა ჯერჯერობით სრულად არ არის ჩამოყალიბებული “აუდიო სივრცეების” წესები.
თანაც, მათ ვინც, აქამდე დაარღვიეს არსებული წესები, Twitter-ის ახალ ფუნქციაზე წვდომა არ ექნებათ.