თანამედროვე სამყაროში, კრიპტოვალუტებში და სხვა ციფრულ აქტივებში ინვესტირებით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ამაზე კრიპტობირჟის საბაზრო კაპიტალიზაციაც მეტყველებს, რომლის მოცულობაც, ამჟამად, $2.29 ტრილიონს აღემატება.
დღეისათვის, პლანეტაზე 2.4 მილიონზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს, რომელთა უდიდესი ნაწილი, არათუ ღირებულებას არ ქმნის, არამედ თაღლითურ პროექტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. კრიპტოანალიტიკური პლატფორმის, Chainalysis-ის ინფორმაციით, გასულ წელს, „ცუდი აქტორები“ უკანონოდ $24.2 მილიარდის ღირებულების ციფრულ აქტივებს დაეუფლნენ და ეს ტენდენცია მზარდია.
აღნიშნული ტენდენცია მომხმარებლებში კრიპტოვალუტებში ინვესტიციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს და სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად სხვადასხვა ინოვაციური კომპანია და სტარტაპი შეიქმნა, რომლებიც ბაზრის სიღრმისეულ კვლევასა და რისკის ანალიზს ახდენენ და კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პლატფორმას ქმნიან.
მათ შორისაა 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპი Clustr-ი, რომელიც თითოეულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რისკებს აანალიზებს, რაც ინვესტორს თაღლითობისგან იცავს და დივერსიფიცირებული, დაბალანსებული კრიპტოპორტფელის შექმნაში ეხმარება.
500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში ვენჩურული კომპანია 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობთ ხორციელდება. მასში მონაწილეობა კი 60-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა მიიღო.
მეექვსე ნაკადის ფარგლებში 9 სტარტაპი 12-კვირიან ინტენსიური გადამზადების პროგრამას გადის. 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ კი თავად Clustr-ის დამფუძნებლები – ტიმ ჩერკასოვი, ვლადისლავ გოლუბი, ვლად პავლენკო, სტეფან ჩერკასოვი, არტურ რომანოვი და ვლადისლავ ზორინი გაგვესაუბრნენ.
რა უნდა იცოდეთ Clustr-ის შესახებ
Clustr-ის პლატფორმა შეფასების დინამიკურ სისტემას ეფუძნება, რომელიც 700-ზე მეტ კრიპტოპროექტს 80 განსხვავებული პარამეტრის მიხედვით აფასებს. ის აკვირდება, როგორც სხვადასხვა ბლოკჩეინებზე დაფიქსირებულ აქტივობას, ასევე ბლოკჩეინის კოდისა და პროექტების განვითარების ეტაპებს, რის საფუძველზეც ადგენს ქულას, რომელსაც საინვესტიციო აქტივს ანიჭებს. აღნიშნული ქულების ერთობლიობით კი Clustr-ი დაინტერესებული ინვესტორის საინვესტიციო პორტფელს აფასებს და ადგენს, თუ რამდენად დაცული და დივერსიფიცირებულია ის.
როგორც Clustr-ის დამფუძნებლები ამბობენ, საინვესტიციო პორტფელის მართვის სადავეებს სწორედ ინვესტორები ინარჩუნებენ. პლატფორმის საშუალებით კი, მომხმარებლებს შეუძლიათ, როგორც პორტფელის ანალიზი და გაუმჯობესება, ასევე ამ დრომდე უცნობი კრიპტოვალუტებისა და პროექტების აღმოჩენა და რისკის პროფილთან და საინვესტიციო შეხედულებებთან დადარება. როგორც Clustr-ში ამბობენ, კომპანიის მიზანია, ინვესტორებმა კრიპტოაქტივებით გრძელვადიანი სიმდიდრე დააგროვონ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე.
Clustr-ის შექმნის ისტორია
„აქტივების მმართველ კომპანიაში მუშაობისას, ახალი კრიპტოფონდისთვის რისკის მენეჯმენტის სისტემა შექმნეს, მაგრამ პროექტის გაშვება გადაიდო. ამასობაში, ვლადის კრიპტოსაინფორმაციო პორტალზე საინვესტიციო პორტფელის ანალიზის ასობით მოთხოვნა დაგროვდა, რამაც მიგვახვედრა, რომ ბაზარზე არ არსებობდა ხელსაწყო, რომელიც ინვესტორებს თაღლითური პროექტებისგან დაიცავდა.
2022 წელს Clustr-ი შევქმენით და 150-ზე მეტ მომხმარებელთან საუბრის საფუძველზე პლატფორმის ხუთი იტერაცია გამოვიარეთ და მივხვდით, რომ სწორ გზას დავადექით. მარტში სამსახურებიდან წამოვედით და პლატფორმა გავუშვით. დღეს, 10,000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და “წლის საუკეთესო პროდუქტის” ჯილდოც მოვიგეთ”.
Clustr-ი და სანდოობის ხარისხი
Clustr-ში ამბობენ, სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა ის მიმართულებაა, რომელსაც კომპანია აქტიურად ავითარებს, როგორც პლატფორმის შიგნით სპეციალური სისტემების ჩაშენებით, ასევე თანამშრომელთა შორის ცოდნის ამაღლებით. Clustr-ის პროგრამული უზრუნველყოფა სპეციალური კრიპტოგრაფიულად დაცული გასაღებითაც არის აღჭურვილი, რაც ინვესტორებს შესაძლო თაღლითობისგან, მოტყუებისა და პირამიდული სქემებისგან იცავს.
ამ დროისთვის, Clustr-ის სერვისის გამოყენება საწევრო გადასახადის გადახდით შეიძლებოდა, მაგრამ ნელ-ნელა, კომპანია ტრანზაქციულ მოდელზე გადადის, რომლის მოცულობა კონკრეტულ დავალებაზე იქნება დამოკიდებული.
Clustr-ი პრემიუმ პაკეტის შექმნასაც აანონსებს, რომლის ღირებულება თვეში $9 იქნება. ყველაფერი ეს, სავარაუდოდ, თავს მოიყრის Clustr-ის საჯარო ბეტა ვერსიაში, რომელსაც კომპანია მიმდინარე წლის ზაფხულში გამოუშვებს, რასაც, შემოდგომაზე, ახალი საინვესტიციო რაუნდი მოჰყვება.
საბოლოო ჯამში კი, კომპანიის ხედვა ასეთია: დამფუძნებლებს სურთ, რომ Clustr-ი ციფრული სიმდიდრის შექმნის მთავარ პლატფორმად იქცეს მსოფლიოში, რამაც ისინი 500 Global in Eurasia-მდე მიიყვანა. სტარტაპ-აქსელერატორის გავლით, Clustr-ის დამფუძნებლებს ცოდნის გაღრმავება, ბიზნესის მასშტაბირება და სტრატეგიული კავშირების დამყარება სურთ.
[R]