in

#იცხოვრევარდისფრად – კავკასიის მედიცინის ცენტრის კამპანია, რომელიც გეგმური სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

შემოდგომაა, თუმცა ოქტომბერი ვარდისფერია… 40 წელზე მეტია, წელიწადის დროის აღნიშვნასთან ერთად, ასრულებს საპასუხისმგებლო მოვალეობას და ქალებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ახსენებს – ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვედ მიიჩნევა და მას მთელი მსოფლიო სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს.

კავკასიის მედიცინის ცენტრი წელსაც შეუერთდა მსოფლიო ტენდენციას და ოქტომბრის თვის საფინალო ღონისძიება გამართა. კამპანია, სახელწოდებით #იცხოვრევარდისფრად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქალებს, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით, მიიღონ შესაბამისი ზომები და პერიოდულად ჩაიტარონ. პრევენციული ღონისძიებები.

„სკრინინგი საუკეთესო საშუალებაა ამა თუ იმ პათოლოგიის დროულად გამოვლენისთვის. სწორედ ამიტომ მცირდება მსოფლიოში ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა ყოველწლიურად, რაც უმთავრესად დაკავშირებულია განვითარებულ ქვეყნებში სკრინინგის კულტურის დანერგვასა და გეგმური შემოწმების მიმართ ცნობადობის გაზრდასთან. სკრინინგის აუცილებლობას მისი მნიშვნელობა განსაზღვრავს, რადგან, საწყის ეტაპზე, სიმსივნე შეუმჩნეველია, შემოწმება და დიაგნოსტიკა კი მის სწორედ ადრეულ პერიოდში გამოვლენას ემსახურება,“ – ამბობს სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი და დასძენს სტატისტიკას, რომ კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა შემთხვევათა 98%-ში მისი განკურნების საწინდარია.

სწორედ ამ საკითხს შეეხო ლექცია-სემინარი, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში 27 ოქტომბერს ჩატარდა თანამშრომლებისთვის. სკრინინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკატერინე შველიძემ ისაუბრა ძუძუს კიბოს სიმპტომების, მათი ამოცნობის, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამის შესახებ. საკუთარი ემოციური ისტორიები გააზიარეს იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ძუძუს კიბო უკვე დაამარცხეს.

„ჩვენი ჰოსპიტლის ერთ-ერთი მთავარი მისია საზოგადოების და, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც მოიცავს ზრუნვას როგორც მათ ჯანმრთელობაზე, ასევე – ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი სამომავლო მიზნებიც სწორედ მსგავს საგანმანათლებლო შეხვედრებს უკავშირდება. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, სხვადასხვა დაავადებისა და მისი პრევენციის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და საზოგადოებაში დროული დიაგნოსტიკის კულტურის ჩამოყალიბების მიზნით,“ – ამბობს სოფიო ასპანიძე.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის, ჰოსპიტალი 27-28 ოქტომბერს ვარდისფრად განათდა, რითაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა გეგმიური სკრინინგის მოწოდება ქალების მიმართ.

* პროგრამა უზრუნველყოფს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ კვლევასსაჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიას. ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

[R]

Google-მა Imagen-ის AI გენერატორის ბეტა ვერსია გამოუშვა!

ჯეიმი ოლივერის Pasta Dreams-ის ფსიქოდელიური იდენტობა