in

რამ განაპირობა CNN-ის წარმატება?

CNN – თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სატელევიზიო მაუწყებლობა, რომელმაც ბოლო ათწლეულების მანძილზე უტყუარი ინფორმაციის გავრცელებისთვის სანდო წყაროს სახელი მოიპოვა. მაინც, რა ვიცით მის შესახებ? CNN – წითელ ფერში გაფორმებული ეს სამი სიმბოლო ასე იშიფრება: Cable News Network. ის მსოფლიოს პირველი 24-საათიანი სატელევიზიო მაუწყებლობაა. ეთერში 1980 წლის 1-ლ ივნისს გაეშვა. მაუწყებლობა არხმა ჯორჯიას შტატიდან დაიწყო, ატლანტის ცენტრალური ოფისიდან, სამოქალაქო აქტივისტ ვერნონ ჯორდანის მკვლელობის მცდელობის ამბით.

იმ დროისათვის, როდესაც CNN ეთერში გავიდა, სატელევიზიო სივრცე, ძირითადად, სამ მსხვილ არხს ეჭირა, თავიანთი ღამის 30-წუთიანი გადაცემებით: ABC, CBS და NBC. მაშინ, ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ CNN-ის გამოჩენა ძირფესვიანად შეცვლიდა წარმოდგენას ახალი ამბების მაუწყებლობაზე და სიახლეების გადმოცემა კონკრეტულ დროზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული.

CNN რობერტ (ტედ) ტერნერის გონებაში დაიბადა – ბიზნესმენის, რომელსაც „სამხრეთის პირი“ შეარქვეს. ტერნერი 1938 წლის 19 ნოემბერს, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში დაიბადა. მოზარდ ასაკში, მისი ოჯახი ჯორჯიაში გადასახლდა, სადაც ტედის მამა სარეკლამო ბილბორდების ბიზნესს უძღვებოდა. მამის სიკვდილის შემდეგ, ბიზნესის განვითარება ტედმა საკუთარ თავზე აიღო.

სატელევიზიო სივრცეში ტედი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც 1970 წელს, გაკოტრებული სატელევიზიო არხი Atlanta TV შეისყიდა. არხი, რომელიც მანამდე ძველ ფილმებს და განმეორებით ჩვენებებს უშვებდა ხოლმე, რამდენიმე წელიწადში, სუპერმაუწყებლობად აქცია. სუპერმაუწყებლობის კონცეფცია სატელიტურ მაუწყებლობას გულისხმობდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ტერნერმა ბეისბოლის კლუბი Atlanta Braves და კალათბურთის კლუბი Atlanta Hawks შეიძინა და მათ თამაშებს საკუთარი არხიდან TBS (Turner Broadcasting System) ტრანსლირებდა.

მაუწყებლობის პირველ წლებში, CNN წარმატებული სულაც არ ყოფილა. კომპანიამ დიდი ფულადი დანაკარგი ნახა და საზოგადოების დაცინვის ობიექტადაც იქცა – მას Chicken Noodle Network-ად მოიხსენიებდნენ. ტერნერი მაინც განაგრძობდა არხის შექმნაში ინვესტირებას. 1983 წელს, მან Satellite News Channel შეიძინა, რომელიც ნაწილობრივ ABC-ს ეკუთვნიდა და მთავარი კონკურენტი ამ გზით ჩამოიცილა. საბოლოო ჯამში, CNN ცნობილი იმით გახდა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა და მთავარ მაუწყებლობებს უსწრებდა წინ. ტელევიზიამ დიდი პოპულარობა 1991 წლის სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გაშუქებისას მოიპოვა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საკაბელო ტელევიზიის პოპულარობის სწრაფი ზრდა, რაც მას 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი მაუწყებლის სახელის მოპოვებისკენ გაუძღვა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

სად შეიძლება საქართველოში ახალი ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა?

Kontakt Home გლდანში ელექტრო ტექნიკის დიდ მაღაზიას ხსნის!