მცირე და საშუალო ბიზნესს დიდი შემოსავალი არ აქვს, ამიტომ ხშირად ვერ აძლევს თავს ფუფუნების უფლებას. ძვირადღირებულ რეკლამებსა და კამპანიებში ფულის ჩადება მათთვის პრობლემაა, მაგრამ რა უნდა ქნან, თუკი ცნობადობა სჭირდებათ და მეტი მომხმარებლის მოზიდვაზე არიან ფოკუსირებულნი?
ვეცდებით, მარკეტინგის საფუძვლებში გამოგზაუროთ და რამდენიმე ისეთი რჩევა მოგცეთ, რომლებიც თქვენი ბიზნესსტრატეგიის მართვაში დაგეხმარებათ.
დაწერეთ „სტუმრის ბლოგები” სხვისი პლატფორმისთვის
კარგად დამკვიდრებული და ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკაა სხვებთან თანამშრომლობა და სტუმრის სტატუსით მათ ბლოგზე თუნდაც ერთი პოსტის განთავსება. მას შეუძლია, დაგაკავშიროთ ამ ბლოგის აუდიტორიასთან.
გარდა ამისა, მსგავსი ტიპის პოსტს შეგიძლიათ, დამალულ ბმულად ჩაუსვათ თქვენი ვებსაიტი, რომლითაც მკითხველი გადავა და ნახავს თქვენი კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. ამასთან, ეს მეთოდი გაზრდის თქვენი ვებსაიტის რეიტინგს საძიებო სისტემებში.
რა უნდა გაითვალისწინოთ ამ გზის გასავლელად – შეარჩიეთ ისეთი პერსონა ან კომპანია, რომელიც ახლოს იქნება თქვენს სფეროსთან და მის ინტერესშიც შევა, რომ თქვენთან ითანამშრომლოს და დაგითმოთ პლატფორმა, თუნდაც, ერთხელ.
აქტიურად ჩაერთეთ ინდუსტრიის სპეციფიკურ დისკუსიებსა და ფორუმებში
უფასო რეკლამისა და თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა ინდუსტრიის სპეციფიკურ ფორუმებსა და ჯგუფებში აქტიურობა. უპასუხეთ მომხმარებელთა კითხვებს ან გაეცით რეკომენდაციები, რაც ინდუსტრიაში ჩახედულ ბიზნესად გამოგარჩევთ და საზოგადოებაში თქვენს თავს დააფიქსირებთ.
გამოაქვეყნეთ კონტენტი LinkedIn-ზე
გარდა იმისა, რომ LinkedIn-ზე დაპოსტვაა შესაძლებელი, მას თავისი ბლოგის გვერდი აქვს, რომელზეც შეგიძლიათ, ვრცელი ანალიზი, მოსაზრებები ან კვლევა გამოაქვეყნოთ. შემდეგ კი, თუკი თქვენი კონტაქტები თავიანთ კედელზე გადააზიარებენ თქვენს პოსტს, მოგემატებათ აუდიტორია და უფრო ცნობადი გახდებით.
პოდკასტი
პოდკასტი თანამედროვე კონტენტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სახეობაა. დღეს ბევრ ადამიანს კითხვაზე მეტად მოსმენა ურჩევნია, ამიტომ შესთავაზეთ მათ თქვენს სფეროში აქტუალური დისკუსიები და მიმოხილვები, საინტერესო ინტერვიუები და სხვა.
თქვენი ვებსაიტის პოპულარიზაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
ელფოსტას ყველა ბიზნესი აგზავნის და ყველაზე მარტივი გზაა, თქვენი ვებსაიტის ბმული მეილის ხელმოწერად მიაბათ. დაინტერესებული ადრესატები გადავლენ მასზე და ეს გაზრდის თქვენს შანსებს ცნობადობის ასამაღლებლად.
საინფორმაციო მეილი
გაგზავნეთ საინფორმაციო მეილები თქვენთვის მნიშვნელოვან ადრესატებთან, როცა რაიმე სიახლე გაქვთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, რომ უფრო ღრმა ურთიერთობები დაამყაროთ და პოტენციური მომხმარებლებიც მოიზიდოთ.
YouTube ყოველთვის თავის სიმაღლეზე დგას
ჯერჯერობით YouTube ისევ აქტუალურია, ამიტომ ნუ დაიზარებთ არხის გაკეთებას და შესაბამისი კონტენტის მასზე განთავსებას. ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენი YouTube ვიდეოების სათაურებს, აღწერილობებსა და თეგებს შესაბამისი საკვანძო სიტყვებით, რათა გააუმჯობესოთ მათი რეიტინგი როგორც YouTube-ის, ასევე Google-ის ძიებებში.
სთხოვეთ კმაყოფილ მომხმარებლებს, დაგიწერონ შეფასება
ზეპირი რეკლამა კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თქვენი პროდუქტის რეკლამირებისთვის. მომხმარებლები ყოველთვის ენდობიან სხვა მომხმარებლების მოსაზრებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი კარგი რეკომენდაცია იწერება. ყველაზე აქტიურად შეფასებებს კითხულობენ Google-ისა და Facebook-ის მიმოხილვის ველში.
სხვათა შორის, საინტერესო გამოცდილებაა QR კოდის შექმნა, რომელსაც მომხმარებელი პირდაპირ მიმოხილვების გვერდზე გადაჰყავს და შეფასების დაწერის საშუალებას აძლევს.
ითანამშრომლეთ სხვა ბიზნესებთან
პარტნიორობა შესაძლებლობას გაძლევთ, შესთავაზოთ მომხმარებელს დამატებითი მომსახურება, ისეთი, როგორიც თქვენ არ გაქვთ. მაგალითად, ვებდიზაინის კომპანია და ქოფირაითინგის სააგენტო შეიძლება თანამშრომლობდნენ, როცა კლიენტს ორივე მომსახურება სჭირდება. ეს ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას და ქმნის განსაკუთრებულ სარეკლამო შესაძლებლობებს.
დაწერეთ პრესრელიზები
მედიის დაინტერესება თქვენი სიახლეებით ყოველთვის კარგი აზრია. დაწერეთ მიმზიდველი პრესრელიზი და გაუგზავნეთ მედიასაშუალებებს, რომლებსაც სურვილი გაუჩნდებათ, რომ გააზიარონ ის თავიანთ არხებზე.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ნებისმიერი რელიზი არ დააინტერესებს მათ. გამოიყენეთ ეს მეთოდი მაშინ, როდესაც ნამდვილად ღირებული ინფორმაცია გექნებათ გასავრცელებელი და არა რიგითი სიახლე.
შესთავაზეთ უფასო კონსულტაცია ან სატესტო პროდუქტი
ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც პოტენციურ მომხმარებლებს შესყიდვის განხორციელებაში ხელს უშლის, ნდობაა. თუ გაქვთ ისეთი პროდუქტი, რომლის სატესტო ვარიანტის შეთავაზებაც შეგიძლიათ, ძალიან კარგი იქნება. თუ სერვისს ყიდით, კონსულტაციაც შეგიძლიათ, აჩუქოთ და დააინტერესოთ პოტენციური მომხმარებელი. ასეთი შეთავაზება დაგეხმარებათ ყინულის გატეხვასა და ნდობის მოპოვებაში. ეს მეთოდი ინფორმაციის გაზიარებასაც ხელს შეუწყობს თქვენ შესახებ.
არ დაგავიწყდეთ SEO
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, აუცილებელია, რომ პოტენციურმა მომხმარებლებმა ადვილად იპოვონ თქვენი ბიზნესი. Google My Business-თან ერთად უფასო SEO სტრატეგიების გამოყენება ასევე დაგეხმარებათ თქვენი ვებსაიტის ძიების შედეგების გაზრდაში. ამის მიღწევა მარტივად შეგიძლიათ სწორი ვებდიზაინის, ბლოგისა და სტატიების გამოქვეყნების დროს.
არ მისცეთ უფლება ბიუჯეტის სიმცირეს, რომ შეაფერხოს თქვენი საქმიანობა. გამოიყენეთ ჩვენი რეკომენდაციები და გაზარდეთ თქვენი მცირე თუ საშუალო ბიზნესის ცნობადობა.