in

რა უნდა გავაკეთოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად

გარემოსდაცვითი პრობლემები, ძირითადად, გამოწვეულია ცნობიერების ნაკლებობით საზოგადოებაში, რომელიც არ ფიქრობს პლანეტის დაბინძურების სავალალო შედეგებზე. კლიმატის ცვლილება, ტყეების განადგურება, დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა საფრთხეს არა მხოლოდ გარემოს უქმნის, არამედ თითოეულ ჩვენგანსაც. მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა. 

გარემოსდაცვითი ცოდნა სცილდება მხოლოდ ბუნების სიყვარულს. იგი მოიცავს მის დასაცავად მოქმედებას. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ცვლილებების შეტანას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

როგორ შეიძლება წავახალისოთ ინდივიდები, რომ იზრუნონ გარემოზე? პოზიტიური გავლენის შესაქმნელად რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

განათლების გაძლიერება

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის განათლება. სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სათემო ორგანიზაციებს შეუძლიათ, თავიანთ სასწავლო გეგმებში ჩადონ კვლევები, რომლებითაც საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას კონსერვაციის, განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ცხოვრების შესახებ. 

სამუშაო შეხვედრები, სემინარები და ონლაინრესურსები გადამწყვეტი ნაბიჯია საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად.

სოციალური მედია და ციფრული კამპანიები

ციფრულ ეპოქაში სოციალური მედიის პლატფორმები ძლიერ როლს თამაშობს ინფორმაციის გავრცელებაში. მიმზიდველი კონტენტის შექმნა, როგორიცაა ინფოგრაფიკა, ვიდეო და ბლოგები, გამოიწვევს გლობალური აუდიტორიის დაინტერესებასა და ჩართულობას.

„დედამიწის საათისა” და „პლასტმასისგან თავისუფალი ივლისის” მსგავსი კამპანიების მაგალითზე, ვხედავთ, როგორ შეიძლება სოციალური მედიის აქტიურობამ წაახალისოს მილიონობით ადამიანი, გამოიმუშაონ ეკოლოგიისთვის სასარგებლო ჩვევები. 

საზოგადოების ჩართულობა

საზოგადოების ჩართულობის მისაღწევად ბევრი სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა შეიძლება და ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ადგილობრივ თემებს. დასუფთავების აქციების ორგანიზება, ხეების დარგვის ღონისძიებები და კონსერვაციის პროექტები ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებასა და გარემოსთან ადამიანების კავშირის დამყარებას.

მდგრადი ბიზნესის მხარდაჭერა

ბიზნესის მხრიდან გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანურად გათვლილი ნაბიჯია როგორც თავად კომპანიისთვის, ისე ჩვენი პლანეტისთვის. მომხმარებელი, რომელიც აკვირდება საყვარელი ბრენდის ასეთ საქმიანობას,  მეტი მოტივაციით ივსება, თავადაც გააკეთოს რაიმე, თუნდაც, მცირედი გარემოსთვის. 

კომპანიებს მრავალი ფორმით შეუძლიათ აქტივობების დაგეგმვა. ეს შეიძლება იყოს პლასტმასის ჩანაცვლება მინით ან ქაღალდის ჭურჭლით; ოფისებში ნარჩენების გამანაწილებელი ურნების დადგმა, რომელსაც მოაყოლებს ტრენინგს თანამშრომლებისთვის და ხაზს გაუსვამს, რატომ დგამს ასეთ ურნებს.

ბიზნესს, ასევე, შეუძლია, წაახალისოს მდგრადი ტრანსპორტით სარგებლობა, დისტანციური სამსახურის შეთავაზება, რითაც შეამცირებს მგზავრობის საჭიროებებს.

ტექნოლოგიების ეპოქა იძლევა ქაღალდიდან ციფრულ რესურსებზე გადასვლის საშუალებასაც, რაც გარემოზე ზრუნვის კიდევ ერთი საშუალებაა. 

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაცია

ამის გაკეთება ბიზნესსაც შეუძლია და ინდივიდსაც. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მხარდაჭერამ შეიძლება ხელი შეუწყოს ცნობადობის ამაღლებას და წაახალისოს მდგრადი ვაჭრობა. 

შეიძლება მოეწყოს ეკოპროდუქტების ფესტივალი, სადაც ყურადღება გამახვილდება ჯანსაღ ცხოვრებაზე. ეს ღონისძიებები ეხმარება ადამიანებს, აღმოაჩინონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურად შეუძლიათ.

ხელოვნების გამოყენება ცნობიერებისთვის

ხელოვნებას ძლიერი მესიჯების გადმოცემა შეუძლია, მათ შორის, გარემოს შესახებაც. ღონისძიებების მასპინძლობა, რომლებშიც წარმოდგენილია ეკოთემატური სპექტაკლები და მუსიკალური ნომრები, ინსტალაციები და სხვა, საზოგადოების ემოციურ ფონზე მოახდენს გავლენას და იქნება უნიკალური გზა, ამაღლდეს თითოეული მონაწილე პირის ცნობიერება.

დღე ავტომობილის გარეშე

პატარ-პატარა ჯგუფებს, ბიზნესებს შეუძლიათ ამ ინიციატივის დაძვრა და შემდეგ უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებად ქცევა. დღე ავტომობილის გარეშე გულისხმობს ერთი დღით უარის თქმას ავტომობილზე და უნივერსიტეტსა თუ სამსახურში ალტერნატიული ტრანსპორტით წასვლას. 

ეს აქტივობები ამაღლებს ცნობიერებას ჰაერის დაბინძურების, მდგრადი მგზავრობისა და ზოგადად, გარემოს დაცვის შესახებ. ისეთი ალტერნატივების შეთავაზება, როგორიცაა სეირნობა ან ველოსიპედით სიარული კი, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 

თუ მსგავს ღონისძიებებს ხშირად ექნება ადგილი თითოეულ ქვეყანაში, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს და საზოგადოების ცნობიერება მკვეთრად შეიცვლება. ეს კი უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდ ცხოვრებას და გადაარჩენს პლანეტას.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

ტოპ 10 შაბლონი რეზიუმეს შესაქმნელად

„ინტრიგა“ Wilson-ში — სპეციალურად ქალებისთვის ბრენდმა სპორტული ფეხსაცმელი შექმნა