ავტოსაწარმოო პროცესში ყველა დეტალს, ყველა გათვლას, ყველა ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ყოველწლიური გამოფენები. ამ ავტოშოუებში ბრენდები მონაწილეობენ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ ექსპოზიცია და შეძლონ თავიანთი უახლესი შესაბამისი ტექნოლოგიების, კონცეფციებისა და წარმოების მოდელების დებიუტირება. ეს პრაქტიკა ახალი არ არის და ზოგიერთი ავტოშოუ 100 წელიც კია, რაც არსებობს. დროთა განმავლობაში ის მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა ავტოინდუსტრიაში. მასზე დასწრება არა მხოლოდ საუკეთესო ავტომობილების ნახვის შესაძლებლობაა, არამედ ავტოსამყაროს მომავლის განჭვრეტის საშუალებასაც იძლევა.
დღევანდელ სტატიას სწორედ ცნობილ ავტოშოუებს მივუძღვნით. ერთად გადავხედოთ, რომელია ის ღონისძიებები, რომლებიც მანქანების ყველა ენთუზიასტმა უნდა იცოდეს.
GENEVA INTERNATIONAL MOTOR SHOW
ჟენევის საერთაშორისო საავტომობილო შოუ პირველად 1905 წელს ჩატარდა და მსოფლიოში საუკეთესო ავტოშოუების ხუთეულში შედის. ეს არის შოუ, რომელიც ყველაზე ყოვლისმომცველ ხედვას წარმოადგენს ახალი ტენდენციების, მანქანების, ტექნოლოგიებისა და მსოფლიოს ნებისმიერი ავტო ღონისძიების სამომავლო განვითარებაზე.
AUTO SHANGHAI
ისტორიულად, ჩინეთს სუსტი რეპუტაცია ჰქონდა საავტომობილო სამყაროში, თუმცა ბოლო წლებში ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი წინსვლა გამოამჟღავნა ტექნოლოგიისა და საერთო ხარისხის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო Auto Shanghai-ს შექმნას შეუწყო ხელი. ეს არის ღონისძიება, რომელიც ჩინეთის უახლეს ბრენდებსა და მოდელებს წარმოადგენს. ასევე, გამოიყენება უცხოური ავტომობილების კომპანიების მიერ თავიანთი პროდუქციის ჩინელი საზოგადოების წინაშე საჩვენებლად. პირველად AUTO SHANGHAI 1985 ჩატარდა.
INTERNATIONAL MOTOR SHOW
ეს შესაძლოა პირველი გამოფენაც კი იყო საავტომობილო სამყაროში. ის პირველად 1897 წელს ბერლინში გაიმართა. 1951 წელს ღონისძიება გადავიდა ფრანკფურტში და დროებით სახელიც შეიცვალა, „ფრანკფურტის საავტომობილო შოუ”, თუმცა შემდეგ ისევ „საერთაშორისოდ” გადაკეთდა.
ათწლეულების განმავლობაში ეს ღონისძიება ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ავტოშოუ იყო, სადაც ბრენდები ახალი კონცეფციის საჩვენებლად ან სხვადასხვა მოდელის სადებიუტოდ მიდიან.
LA AUTO SHOW
1907 წლიდან LA Auto Show არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო ღონისძიება აშშ-ში და რჩება ინდუსტრიის მთავარ ყოველწლიურ ღონისძიებად. ეს პროფესიონალურად კოორდინირებული შოუ ახალი მოდელების პრეზენტაციისა და კონცეპტუალური მანქანების გამოფენისთვისაა, თუმცა კიდევ ერთი, რაც მას განასხვავებს სხვა ღონისძიებებისგან, არის მისი დამატებითი შინაარსი – სემინარები და კითხვა-პასუხები ინდუსტრიის ლიდერებთან. ამასთან, გამოფენაზე ხშირად ხდება ტექნოლოგიების პრეზენტაციაც, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი.
TOKYO MOTOR SHOW
ავტოინდუსტრიაში იაპონია ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მოთამაშეა. როგორც ავტომობილების ბაზრის გლობალური ლიდერი, იაპონია დანარჩენ მსოფლიოს საკუთარ ავტოშოუსაც სთავაზობს. ეს ღონისძიებაც ტოპ 5 ავტოშოუში შედის. აქ ძირითადად იაპონიის კონცეპტუალური ავტომობილების გამოფენა ხდება და აგრეთვე, საწარმოო მოდელებსაც იხილავთ.
შოუ ოფიციალურად 1954 წლიდან იმართება.
SEMA
ეს არის სავაჭრო გამოფენა, რომელიც ტარდება ლას ვეგასში. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ტარდება, განსაკუთრებული პოპულარობისა და რეპუტაციის მოპოვება ბოლო ათწლეულში დაიწყო.
ამ შოუზე ნაჩვენებია ხოლმე დახვეწილი ავტო კონსტრუქციები და კონცეპტუალური მანქანები.
PARIS MOTOR SHOW
პარიზის ავტო შოუ არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე საკულტო ღონისძიება ისტორიაში, რომელიც პირველად ჩატარდა 1897 წელს. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ხოლმე ჯიხურები, ჩვენებები და კონფერენციები 250-ზე მეტი მსოფლიო ბრენდისგან. ღონისძიებას, როგორც წესი, 10 100-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს, ხოლო გამოფენები 8 სხვადასხვა პავილიონშია წარმოდგენილი. იგი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
NORTH AMERICAN INTERNATIONAL AUTO SHOW
აშშ-ში ყველაზე დიდი ყოველწლიური ავტოშოუ დეტროიტში იმართება. მას ხშირად NAIAS-ად მოიხსენიებენ. ისიც იმ ავტოშუების სიაშია, რომელიც ტოპხუთეულს წარმოადგენს. ის პირველად 1907 წელს ჩატარდა. იგი მიჩნეულია ადგილად, სადაც მანქანის ბრენდებს ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და აუდიტორიას სიახლეები გააცნონ.
ასე გამოიყურება ცნობილი ავტოშოუების სია. ამათ გარდა, რა თქმა უნდა, სხვა ღონისძიებებიც არსებობს, თუმცა ვეცადეთ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შოუები დაგვესახელებინა, რომლებიც ავტოინდუსტრიაში თავის დიდ კვალს ტოვებენ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი