2
Jul
2019

ცნობისმოყვარეობა – რევაზ კოპალაძის #აზრები

2 Jul 2019

M2
M2


რამდენიმე დღის წინ ასეთ სტატიას გადავაწყდი: „როგორ ვებრძოლოთ ცნობიმოყვარეობას“. სტატია, რა თქმა უნდა, არ წამიკითხავს, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ გუგლში ჩამაწერინა სიტყვა „ცნობისმოყვარეობა“ და ჯობდა, ესეც არ მექნა – აღმოვაჩინე, რომ ქართულ ინტერნეტში ამ თემაზე ზღვა მასალაა. „ცნობისმოყვარეობა დროზე ადრე აბერებს“, „ცნობისმოყვარეობა იწვევს შაკიკს“, „ცნობისმოყვარეობა თითქოს დიდი ცოდვა არ უნდა იყოს, მაგრამ ლოთის ცოლი ცეცხლმოკიდებული სოდომისა და გომორისთვის ცნობისმოყვარეობით თვალის შევლების გამო მარილის სვეტად იქცა. ამ მაგალითით შეიძლება მივხვდეთ, რამხელა ცოდვაა ცნობისმოყვარეობა“… ერთი სიტყვით, სტატიების სათაურების გადაკითხვამ შემიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბრძენკაცთა მთავარი გზავნილი ასეთია: უმჯობესია, საკუთარ ტყავში დაეტიო და კითხვები არ დასვა.

ერთადერთი მიზეზი, რამაც ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა, არიან ჩემი შვილები, რომელთა თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობით ძალიან ვამაყობ და არ მინდა, გუგლში სიტყვა „ცნობისმოყვარეობის“ აკრეფისას მხოლოდ კენჭის გავლის ან ბუასილის შესახებ სტატიებს გადააწყდნენ. იმედი მაქვს, ჩემი სტატია საძიებო სისტემის პირველ გვერდზე აღმოჩნდება და ოდნავ მაინც გაფანტავს ცნობისმოყვარეობის თავზე შეყრილ შავ ღრუბლებს.

მაშ ასე: 1608 წელს ჰოლანდიაში, ქალაქ მიდელბურგში მცხოვრებმა სათვალის ოსტატმა ჰანს ლიპერსგეიმ ტელესკოპი გამოიგონა. ორი ათეული წლის განმავლობაში ხელსაწყომ ევროპიდან ჩინეთში, დიდ მოგოლთა ინდოეთისა და ოსმალეთის იმპერიებში ჩააღწია. ამრიგად, ოთხივე ცივილიზაცია თანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდა იმ ტექნოლოგიის ფლობის თვალსაზრისით, რომლის საშუალებითაც შეეძლო დაჰკვირვებოდა სამყაროს და პლანეტების მოძრაობის კანონები აღმოეჩინა.

ისტორიკოსმა ტობი ჰაფმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, გამოიკვლია ტელესკოპის გზა და, რაც მთავარია, მისი გამოყენების შედეგები ოთხივე ცივილიზაციისთვის. რა თქმა უნდა, შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ვინაიდან თითოეულ ცივილიზაციაში გაბატონებული იყო საზოგადოების განსხვავებული ტიპი. ევროპაში ტელესკოპი მაშინვე ცისკენ მიმართეს. გალილეიმ, შეიტყო თუ არა ლიპერსგეის გამოგონების შესახებ, თვითონვე შეუდგა ტელესკოპების აწყობას და გაუმჯობესებას და თვითნაკეთი ხელსაწყოთი ერთბაშად აღმოაჩინა იუპიტერის ოთხი მთვარე, რამაც დაადასტურა კოპერნიკის თეორია იმის თაობაზე, რომ პლანეტები, მათ შორის – დედამიწაც, მზის თანამგზავრები არიან.

თუმცაღა ინკვიზიციის ზეწოლით 1633 წელს გალილეიმ უარყო, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და დარჩენილი ცხოვრება შინაპატიმრობაში გაატარა, ევროპა არ ყოფილა მონოლითური და ამ იდეებს ვეღარაფერი შეაჩერებდა. ისინი აიტაცეს პროტესტანტულ ქვეყნებში და მათი განვითარება გაგრძელდა კეპლერისა და ნიუტონის ძალისხმევით.

მუსლიმანურ სამყაროში ტელესკოპმა ყველაზე ადრე დიდ მოგოლთა ინდოეთის იმპერიაში ჩააღწია. პირველი ტელესკოპი ბრიტანეთის ელჩმა საჩუქრად გადასცა იმპერატორ ჯაჰანგირს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ინდოეთში ტელესკოპების უფრო დიდი პარტია ჩავიდა. მოგოლები მნიშვნელოვან ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ, თუმცა მათი ინტერესი კალენდრით შემოიფარგლებოდა. ასტრონომიულ საკითხებში განსწავლულობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ იმპერიის მეცნიერები ტელესკოპს ციური სხეულების შესასწავლად გამოიყენებდნენ – ასტრონომიული ხელსაწყოების ოსტატები არ ამზადებდნენ ტელესკოპებს და არც ადგილობრივი მეცნიერები ქმნიდნენ მათზე მოთხოვნას. ტელესკოპის ინდოეთში ჩასვლიდან ათი წლის თავზე იმპერატორ შაჰ-ჯაჰან პირველს წარუდგინეს განახლებული კალენდარი, რომელიც ისევ პტოლემეოსის გეოცენტრულ სისტემას ეფუძნებოდა, რომლის თანახმად, მზე ბრუნავდა დედამიწის გარშემო.

ტელესკოპს უკეთესი ბედი არც მეორე მუსლიმანურ იმპერიაში რგებია. პირველი ტელესკოპი სტამბულში 1626 წელს გამოჩნდა და ოსმალეთის ფლოტს გადაეცა. მიუხედავად ოპტიკაში დიდი მიღწევებისა, ოსმალეთის იმპერიის მეცნიერებს ტელესკოპის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. მათ აკმაყოფილებდათ სამყაროს პტოლომეოსისეული მოდელი და კოპერნიკის, გალილეისა და კეპლერის ნაშრომების თარგმნას და შესწავლას არ აპირებდნენ. არ შენდებოდა ობსერვატორიები, არ ხდებოდა ტელესკოპის გაუმჯობესება, არ არსებობს ცნობა, რომ მუსლიმანურ სამყაროში ტელესკოპის გამოყენებით რაიმე აღმოჩენა მომხდარიყო.

ტელესკოპის გამოყენებას დიდი პერსპექტივა ჰქონდა ჩინეთში, რომლის მთავრობა ასტრონომიის მიმართ ცხოველ ინტერესს იჩენდა. ამასთანავე, არსებობდა ევროპიდან ცოდნისა და სიახლეების გადაცემის ეფექტური მექანიზმი – ადგილობრივი იეზუიტური მისია. იეზუიტებს მიაჩნდათ, რომ ჩინელების გაქრისტიანების შანსი გაიზრდებოდა, თუ მათ აჩვენებდნენ, რას მიაღწიეს ევროპელებმა ვარსკვლავთმრიცხველობაში, რომელიც ასე აინტერესებდათ ჩინელებს. იეზუიტების ძალისხმევით, 1626 წელს ჩინელებმა გაიცნეს ტელესკოპი, ხოლო იმპერატორმა ჯერ კიდევ 1618 წელს მიიღო საჩუქრად ეს ხელსაწყო მილანის კარდინალ ბორომეოსგან. იეზუიტები მატეო რიჩის ხელმძღვანელობით ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა ჩინეთში ჩაეტანათ და ეთარგმნათ უახლესი ნაშრომები მათემატიკასა და ასტრონომიაში. იეზუიტებსა და მათ ჩინელ მიმდევრებს არაერთხელ გაუმართავთ პაექრობა ტრადიციული ცოდნის მატარებელ ჩინელ კოლეგებთან, რომელიც ყოველთვის იეზუიტი მეცნიერების გამარჯვებით მთავრდებოდა. მაგალითად, ჩინელებმა იცოდნენ, რომ 1629 წლის 21 ივნისს მოხდებოდა მზის დაბნელება. იმპერატორმა ბრძანება გასცა, გამოეთვალათ მისი დაწყების ზუსტი დრო და ხანგრძლივობა. ტრადიციული სწავლების მიმდევარმა ასტრონომებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მზის დაბნელება 10 საათსა და 30 წუთზე დაიწყებოდა და ორი სააათი გაგრძელდებოდა, მაგრამ დაბნელება დაიწყო 11 საათსა და 30 წუთზე და გაგრძელდა ორი წუთი – სწორედ ისე, როგორც გამოითვალეს იეზუიტმა მეცნიერებმა. მაგრამ ეს მეცნიერული წარმატებები იეზუიტების მთავარ პრობლემას ვერ აგვარებდა – ჩინელებს არ აინტერესებდათ ასტრონომია როგორც ასეთი. ციურ სხეულებზე დაკვირვება მათთვის, უპირველეს ყოვლისა, მომავლის და განსაზღვრული მოვლენებისთვის სასურველი დღეების გამოცნობის საშუალება იყო. იეზუიტები ეჭვობდნენ, ღირდა თუ არა ასტროლოგიურ საკითხებში განსაკუთრებული ჩაღრმავება, თუმცა მთავარმა მიზანმა – ჩინელების გაქრისტიანებამ, რაც მათთვის ქრისტიანული ცოდნისა და მეცნიერების უპირატესობის ჩვენებასაც გულისხმობდა, მათ გადააწყვეტინა, ასტროლოგიაშიც გამოეცადათ თავი. და უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს, ვინაიდან, ჩინელი კოლეგებისგან განსხვავებით, ძილის წინ მარილიან კვერებს არ ჭამდნენ ციური სხეულების მოძრაობის გამოსაცნობად. ევროპელების წარმატება დიდი კონფლიქტის მიზეზად იქცა და, ჩინოვნიკების ბრძანებით, იეზუიტი მეცნიერები ჯერ დილეგში გამოკეტეს, მერე კი მათ ლიდერს მატეო რიჩის გატყავებით სიკვდილი მიუსაჯეს.

გასაოცარია, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩინელებს ტელესკოპის გაუმჯობესება არ უცდიათ. მიუხედავად იეზუიტების დაუღალავი მცდელობისა, გაეცნოთ მათთვის მეცნიერების უკანასკნელი მიღწევები, არ გამოუმჟღავნებიათ ინტერესი, გადაეხედათ სამყაროს მოწყობის გაბატონებული მოდელისათვის. მათ უკან იდგა ასტრონომიული დაკვირვების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც კოსმოლოგიას ეფუძნებოდა და ჩინელები მასზე უარის თქმას არ აპირებდნენ. ახალი იდეების რეზისტენტულობას ქსენოფობიაც უწყობდა ხელს. „უმჯობესია ცუდი ასტრონომია, ვიდრე ევროპელი ბარბაროსები ჩინეთში“, – წერდა ჩინელი მეცნიერი ლ.ვ., რომელიც ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ჩინეთს და მუსლიმანურ სამყაროს აერთიანებდა ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა – „ცნობისმოყვარეობის დეფიციტი“. ჰაფის აზრით, ეს გამოწვეული იყო განათლების სისტემის ნაკლოვანებებით. თუმცა განსხვავება ევროპულ საზოგადოებასა და ჩინურ ან მუსლიმანურ სამყაროებს შორის სცდებოდა განათლების სფეროს და მეცნიერულ ცნობისმოყვარეობას. ტელესკოპზე რეაქცია გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ფუნდამენტური განსხვავება ოთხივე ცივილიზაციის სოციალურ ქცევაში. ევროპული საზოგადოება გახდა უფრო სიახლეებისკენ მიდრეკილი, გახსნილი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისთვის, მომზადებული ახალი ცოდნის მისაღებად და განსავითარებლად და, რაც მთავარია, საკმარისად ღია და მგრძნობიარე იმისთვის, რომ ძველი წეს-ჩვეულებებისთვის ახლის დათრგუნვის უფლება არ მიეცა. ჩინეთსა და ისლამურ სამყაროში კი საზოგადოებები შეზღუდულნი იყვნენ ტრადიციული რელიგიური სტრუქტურებით და უკიდურესად მორჩილნი საიმისოდ, რომ აზრის თავისუფლებისა და ნოვატორობისთვის ხელი შეეწყოთ.

P.S. სტატიის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, წერილში ნახსენები სახელებისა და გვარების მართლწერა გადამემოწმებინა. გუგლში ავკრიფე „ჰანს ლიპერსგეი“ და პირველივე სტატიის სათაურმა – „მატყუარა გამომგონებელი“ – საგონებელში ჩამაგდო: ღირდა კი საერთოდ ამ წერილის გამოქვეყნება? მაგრამ საკუთარი შრომა დამენანა.

განხილვა