დაკრძალვასთან დაკავშირებულ სურვილებზე ნაკლებად ვსაუბრობთ ხოლმე, რადგან ცხოვრების ყველაზე ნეგატიურ ასპექტთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ამ თემას ყველანი გავურბივართ და ნაკლებად გვსურს იმ მომავალზე საუბარი, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით.
ბრიტანული დამკრძალავი ბიურო Co-op-ის ახალი ვიდეორგოლიც ამ საკითხთან მიმართებით ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა: როგორც მონაცემები მოწმობს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა 66% ფიქრობს დაკრძალვის სურვილებზე, მხოლოდ 7% გრძნობს თავს კომფორტულად ამაზე საუბრისას. რეკლამაში კი მონაწილეები ღიად, დაუფარავად ლაპარაკობენ თავიანთ იდეებზე — ზოგიერთს დაკრძალვაზე წვეულების მოწყობა და ცეკვა უნდა, ერთ-ერთ მათგანს სურს, მისი ლექსი წაიკითხონ, ერთს კი თავისი ყოფილის მოსვლა „გაახარებდა“ და ა. შ.
„ჩვენი მიზანია, გარდაცვალების გარშემო არსებული სტიგმა გავაქროთ, წავახალისოთ ღია საუბრები და ადამიანებს საშუალება მივცეთ, ბოლო სურვილი აისრულონ“.
ამ შემთხვევაში საინტერესოა მონაწილეების კრეატიული იდეები და ის ემოციური ნარატივი, რომელსაც გულწრფელად აზიარებენ — თითქოს, ვიდეორგოლი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს სიცოცხლისა და გარდაცვალების მნიშვნელობაზე.