რამდენიმე დღეა ქალაქში სხვადასხვა ადგილებში გაჩნდა სტენსილები, კავკასუს ონლაინის კორპორატიული გრაფიკული ელემენტებით. ეს კავკასუს ონლაინის ახალი კამპანიის დასაწყისია.
დეტალური ინფორმაციისთის მარკეტერი კავკასუს ონლაინის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს – სულხან ლაცაბიძეს ესაუბრა.
M: თბილისში სხვადასხვა ადგილას გამოჩნდა სტენსილები, რა არის ამ კამპანიის მიზანი ? რისი თქმა გსურდათ მომხმარებლისთვის ?
კამპანია ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ეტაპისგან შედგება და წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ კამპანიით ჩვენ ერთგვარად შევაჯამებთ და დავასრულებთ რებრენდინგის პროცესს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და კორპორატიული სტილის ცვლილების გარდა, ამ პერიოდში კომპანია განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.საწყისი, ანუ სტენსილების ეტაპი მიზნად ისახავს ცნობადობის გაზრდას, ბრენდის ატრიბუტების მომხმარებლისათვის გაცნობას.
M: ეს კამპანიის საბოლოო სახეა თუ გეგმავთ მის განვითარებას ?
სტენსილები, დიდი მარკეტინგული კამპანიის დასაწყისია. ამ ნაწილს ძალიან მალე მოყვება მეორე ეტაპი, რომელიც თბილისის მასშტაბით სხვადასხვა პარკებსა და დასასვენებელ ადგილებში უფასო wifi სივრცეების მოწყობას გულისხმობს. ამ დროისთვის შერჩეულია შვიდი პარკი, სადაც მომხმარებლები უსადენო ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებენ. პარკებში ექსკლუზიურად კავკასუს ონლაინისთვის დამზადებული სკამები განთავსდება, რომლებიც ლეპტოპის ფორმას იმეორებს და კომპანიის კორპორატიულ გრაფიკულ ელემენტებს შეიცავს. სკამი ფუნქციურია, აღჭურვილია დენის წყაროთი და მომხმარებელს ნებისმიერი ტელეფონის დატენვა შეუძლია. პირველი პარკი, სადაც ასეთი ზონა მოეწყობა დედაენის ბაღია, სადაც 1 ნოემბერს საქართველოს ფრისტაილის ფედერაციასთან ერთად ერთობლივი ღონისძიება ჩატარდება და კამპანიის მეორე ეტაპი, პარკებსი და სკვერების „ინტერნეტიზაცია“ დაიწყება.
M: ვინ იმუშავა პროექტზე ?
კამპანიის დაგეგმვის პროცესში ტენდერის ფარგლებში რამდენიმე კომპანიის პროექტი განვიხილეთ, თუმცა ჩვენს მიზნებს და ამოცანებს ყველაზე ზუსტად დაემთხვა საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s –ის ხედვა და შესაბამისად არჩევანიც ამ კომპანიაზე გაკეთდა. Windfor’s არის კომპანია, რომელმაც კავკასუს ონლაინის განახლებული ბრენდი შექმნა, ვფიქრობთ ბრენდთან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით მოხდა სწორედ ჩვენი ხედვების თანხვედრა. ამ დროისთვის ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ამ პროექტს და კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით.