პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დაწესებულებების უმეტესობა გაჩერებულია. საქმიანობის აღსადგენად კი მათ უსაფრთხოების კონტროლის გავლა და საქმიანობის განახლების ნებართვა სჭირდებათ. ანუ საჭიროა შემოწმდეს, რამდენად გაატარა ამა თუ იმ კომპანიამ ის ღონისძიებები, რომელიც COVID-19-ის გავრცელების შემცირების კუთხითაა რეკომენდებული. ამჟამად, ობიექტების შემოწმება ადგილზე მისვლისა და ინსპექტირების მეთოდით ხერხდება. თუმცა, ეს დიდ ადამიანურ რესურსსა და დროს მოითხოვს. დროს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის აღსადგენად ძალიან ცოტა გვაქვს. შესაბამისად, ჩნდება ისეთი ელექტრონული სისტემების არსებობის საჭიროება, რომელიც ამ პროცესს გააციფრულებს. სწორედ ამ საჭიროების კვალდაკვალ გაჩნდა პლატფორმა CO-WORK-ის შექმნის იდეა, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს იდეების კონკურსის გამარჯვებულია და აქვს პოტენციალი, შეცვალოს ზემოთ აღწერილი, ობიექტების ფიზიკურად შემოწმების პრაქტიკა.
რადგან კომპანიების საქმიანობის აღდგენა ძალიან აქტუალური საკითხია და ბევრ კითხვას იწვევს, დღეს CO-WORK-ის იდეის ავტორ – დიმიტრი კოლოტაურთან ერთად, დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ამ პლატფორმამ, რა ნაბიჯების გავლა მოგვიწევს მისი გამოყენებისას, ან რამდენად დიდია შანსი, რომ ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა საქმიანობის აღდგენის ნებართვის მიღების პრაქტიკულ გზად მოგვევლინოს.
„გამოწვევა არის საკმაოდ კომპლექსური, ვგულისხმობ იმას რომ საქმე გვაქვს მრავალი სახის დაწესებულებასთან რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სფეროში, აქვთ განსხვავებული გარემო, ჰყავთ სხვადასხვა რაოდენობის თანამშრომლები და ასე შემდეგ. ამის გათვალისწინებით, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. შესაბამისად მხოლოდ ერთი პროგრამა ამ საქმეს ვერ მოაგვარებს, საჭიროა პლატფორმა. რადგან ეს იყო იდეების კონკურსი, ჩვენ შევთავაზეთ პლატფორმის იდეა. რომელიც ამ ეტაპისთვის არის კონცეპტის სახით. პროექტის სამუშაო რეჟიმში გასაშვებად ძირითადი სამუშაო წინ არის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ასაშენებელია გრძელი ხიდი, ამ ეტაპისთვის კი, მხოლოდ მისი არქიტექტურული პროექტია შექმნილი“, – ამბობს დიმიტრი კოლოტაური.
პლატფორმის დახმარებით, მარეგულირებელ ორგანოს საშუალება ექნება დისტანციურად განიხილოს ამა თუ იმ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და სწორედ, CO-WORK-ზე დაყრნობის მიიღოს კონკრეტული კომპანიის საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. პლატფორმა ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სახით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო უფრო კონკრეტულად, როგორ იმუშავებს ის, ქვემოთ მოგითხრობთ.
M: კონცეპტის ფარგლებში, როგორაა განსაზღვრული CO-WORK-ის მუშაობის პრინციპი და კონკრეტულად, რა ეტაპების გავლა უწევს მომხმარებელს, პლატფორმის დახმარებით, საქმიანობის ნებართვის მისაღებად?
პლატფორმის მუშაობის ძირითად პრინციპებს გეტყვით და შემდეგ განვიხილოთ დეტალურად. მაგალითად გვაქვს რაიმე “A” დაწესებულება, რომელშიც ადგილზე დასაქმებულია პირობითად 30 ადამიანი, სანამ დაწესებულებას საქმიანობის ნებართვა მიეცემა, როგორც ვთქვით საჭიროა შემოწმების გავლა. შემოწმება კი მიმდინარეობს შემდეგნაირად:
დაწესებულების უფლებამოსილი პირი, მისი სმარტფონის, ან კომპიუტერის საშუალებით, აპლიკაციაში ნაბიჯ-ნაბიჯ გადის შემოწმების კითხვარს, მაგალითად, პროგრამა ეკითხება:
– „რა სახით მოახდინეთ თანამშრომლების ინფორმირება უსაფრთხო მუშაობის შესახებ?”
ყოველი პასუხის გაცემის შემდეგ, საჭიროა დამადასტურებელი ინფორმაციის წარგდენა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება ფოტომასალა. უფლებამოსილ პირს, აპლიკაცია ავტომატურად მისცემს ფოტოსურათის გადაღების საშუალებას და გადაღებულ სურათს ის დაურთავს მიმდინარე თარიღსა და დროს.
შემდეგი კითხვა: „თანამშრომლებს გადაეცათ თუ არა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები?„ და ა.შ.
ამის შემდეგ დაწესებულების თანამშრომლები საკუთარი სმარტფონების საშუალებით, მათ აპლიკაციაში გაივლიან მათთვის განკუთვნილ კითხვებს: მაგალითად: „რა სახის დაცვის საშუალებები გადმოგეცათ?“
„გაქვთ თუ არა ადგილზე ხელის დაბანის საშუალება?” და ა.შ. ამის შემდეგ, მოხდება შემოწმება, რამდენად თანხვედრაშია თანამშრომლების მიერ შევსებული ინფორმაცია კომპანიის მიერ წარდგენილ მონაცემებთან. აღსანიშნავია, რომ თითოეული სუბიექტი, ვინც კითხვარს შეავსებს, სამართლებრივად პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მეირ წარდგენილ ინფორმაციის სისწორეზე.
არსებული რეგულაციით საჭიროა, რომ დამსაქმებლებმა აწარმოონ აღრიცხვა სხვადასხვა ჟურნალებში. მაგალითად, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ყოველდღიურად გამოკითხოს მის თანამშრომლებს დაავადების მხრივ რაიმე სიმპტომი ხომ არ აღენიშნებათ და ასე შეავსოს ჟურნალი.
CO-WORK პლატფორმა საშუალებას მოგვცემს, თანამშრომლებმა ყოველდღიურად საკუთარი სმარტფონის საშუალებით, თვითონ მოახდინონ სიმპტომური კონტროლის გავლა, ხოლო შემდეგ, ეს ინფორმაცია ავტომატურად აისახება დაწესებულების ელექტრონულ ჟურნალში.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა – „როგორ აღვრიცხოთ იმ თანამშრომლების მონაცემები ვინც ვერ სარგებლობენ სმარტფონით?“ ამ შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაცია თვითონ ახდენს თანამშრომლის სიმპტომური კონტროლის აღრიცხვას, ხოლო თანამშრომელს გაეგზავნება SMS ხელმოწერის კოდი, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ინფორმაციის სიზუსტეში ყველას უნდა დაეკისროს საკუთარი პასუხისმგელობა.
კითხვარის დასრულების შემდეგ, წარდგენილ ინფორმაციას განიხილავს მარეგულირებელი ორგანო და დისტანციურ რეჟიმში გაიცემა ნებართვა, ან საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
გარდა საქმიანობის დასაწყისში შემოწმებისა, საჭიროა ორგანიზაციებმა, ანალოგიური გზით, პერიოდული შემოწმება გაიარონ, რადგან გადამოწმდეს რამდენად ნარჩუნდება ადგილზე უსაფრთხოების ნორმები. ეს არის აპლიკაციის მუშაობის პრინციპის მოკლე მიმოხილვა. მას ექნება დამატებითი ფუნქციებიც, რომელზე საუბარიც მისი ამოქმედების შემთხვევაში შეგვეძლება.
M: როგორია ელექტრონული მონიტორინგისა თუ ნებართვების პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით? რამდენად ინოვაციურია თქვენი მიდგომა?
აღნიშნული პრობლემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვაგვარი მიდგომა აქვს, რადგან განსხვავდება მათი მდგომარეობა ინფექციის თვალსაზრისით. მაგალითებს ვერ მოვიყვან, თუმცა ცხადია, რომ ამ გზით უნდა წავიდეთ, შევძლოთ პროცესის ავტომატიზაცია და პლატფორმა მოვარგოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას.
M: როდიდან უნდა ველოდოთ CO-WORK-ის ამოქმედებას და რამდენად რეალისტურია ამ მოლოდინის ქონა?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, კონკურსის პროფილიდან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით კონცეპტი. მან დიდი დაინტერესება გამოიწვია, მისი შემდგომი ამოქმედების კუთხით, რაც საჭიროებს შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობას და სამუშაო ჯგუფის შექმნას. ამ ეტაპისთვის, ჩვენი დავალებაა დეტალური აღწერილობა მივაწოდოთ პროგრამული მხარის შემსრულებელ ჯგუფს და შემდეგ, შეგვეძლება კონკრეტულ ვადებზე საუბარი.